საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

სტრიქონებს შორის გაჟონილი აზრები

აგვისტოს WALL STREET JOURNAL EUROPE-ში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის  დოქტრინალური წერილი ოდნავ დამაბნეველი სათაურით „როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში“.  დამაბნეველით, რადგან წერილში თითქმის არაფერია ნათქვამი კავკასიაზე, გარდა ორიოდე ბუნდოვანი მინიშნებისა რეგიონში ძალადობის შესაძლებლობაზე და გაუგებარი, თუმცა უკვე არაპირველი ანალოგიისა სირიასთან.  

ასეთი წერილები ერთი ადამიანის მიერ არ იწერება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მომზადებაში არა მხოლოდ ბ-ნი ივანიშვილი, არამედ სრულიად „ქართული ოცნების“ ადგილობრივი და უცხოური ინტელექტუალური რესურსი მონაწილეობდა. ამდენად, აღნიშნული წერილი უნდა მივიჩნიოთ ამ პოლიტიკური ძალის საპროგრამო დოკუმენტად, სადაც  მოცემულია მისი ძირითადი საგარეო-პოლიტიკური თეზისები.

ერთი შეხედვით, წერილი წარმოადგენს მცდელობას, გააქარწყლოს ეჭვი, თითქოს „ქართული ოცნება“ სინამდვილეში რუსული პროექტია.  მიუხედავად ამისა, წერილის რეალური ეფექტი სწორედ საპირისპიროა, რადგან ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, რაც ამ წერილს შეიძლება მოყვეს, არის რუსული კლიშეებისთვის ლეგიტიმური ელფერის მინიჭება, მათი ქართული წყაროდან გახმოვანების გზით.  

რამდენადაც შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ბ-ნი ივანიშვილი ვინმეს დაკვეთით მოქმედებს (ამისთვის ჯერ არავის წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება), იმდენადვე შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ ბ-ნი ივანიშვილის რიტორიკა და შეფასებები - გარდა იმ სავალდებულო ნაწილისა, სადაც ის შეზღუდულია „ქართველი პოლიტიკოსის“ სახელითა და უკვე აღიარებული საერთაშორისო-სამართლებრივი რეალობით - ტყუპისცალივით გავს კრემლისას.  ავტორი თითქმის უცვლელად იმეორებს საქმეში ჩაუხედავი აუდიტორიისთვის განკუთვნილ რუსულ კლიშეებს.  წერილის წამკითხავ რუს პოლიტიკოსს უკვე თამამად შეეძლება უთხრას თავის ევროპელ კოლეგებს - „ესეც მე ვარ?“  ხოლო პასუხად, საკუთარი პრობლემებით გადაღლილ ფრანგ თუ გერმანელ ჩინოვნიკს, რომლისთვისაც წერილი იკითხება, როგორც ერთგვარი დაპირება, რომ საქართველოს საკითხის ხშირი და ხმამაღალი შეხსენებით ევროპას რუსეთის წინაშე უხერხულობას მოუხსნის, უკვე სუფთა სინდისით შეეძლება გაამართლოს კავკასიისადმი აპათია.

მოვიყვანოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, მრავალიდან:

რუსული კლიშე #1

ბ-ნი ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „დაძაბულობა მატულობს რეგიონში, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს ებრძვის 19-ე საუკუნის ინსტიტუციებით და ეს ყველაფერი ეფუძნება მე-16 საუკუნიდან მომდინარე სიძულვილს.“  ის, რომ საქართველო არა პოლიტიკური/სახელმწიფოთაშორისი, არამედ ისტორიულად ფესვგადგმული ეთნიკური კონფლიქტების წინაშე დგას, არის ოფიციალური რუსული ვერსია, რომლის დანერგვასაც აგერ უკვე ორი ათწლეულია წარუმატებლად ცდილობს ამ ქვეყნის საგარეო უწყება - ვერსია, რომლის გაზიარებაც არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საღ აზრს, არამედ ასამარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თეორიულ პესრსპექტივასაც კი. ამ ვერსიით, კავკასია არის შუასაუკუნოვან მენტალიტეტში ჩარჩენილი რეგიონია, რომლის გარანტირებულად დაშოშმინება მხოლოდ რუსეთს ძალუძს, ცივილიზებული სამყაროს „შეუწუხებლად“.  აქამდე ამ იდეას მხოლოდ რუსეთი ავითარებდა.  განა უფრო ეფექტური არაა, თუ ეს „ხედვა“ ახლა უკვე ქართული წყაროდან გაიჟღერებს?

რუსული კლიშე #2

‎„არჩევის შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნება“ შეწყვეტს ცივი ომის რიტორიკას და იმუშავებს უკეთესად, რათა განმუხტოს ფეთქებადი სიტუაციის გამომწვევი რეალური მიზეზები რეგიონში.“  სამწუხაროდ, ბ-ნი ივანიშვილი გვერდს უვლის ამ საკვანძო საკითხს და არ განმარტავს, თუ რა არის რეგიონში ფეთქებადი სიტუაციის „რეალური მიზეზები“.  ნუთუ მხოლოდ რიტორიკა და „სტილი“ (თანაც, ორმხრივი!), რაზეც იგი შემდგომ საუბრობს?  ვინაიდან ამ ტექსტს ოპოზიციონერი ქართველი პოლიტიკოსი წერს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ „ფეთქებადი სიტუაციის გამომწვევი რეალური მიზეზების განმუხტვა“ საქართველოს რეალურად ხელეწიფება, თუმცა ის ამას არ აკეთებს.  ესეც რუსული კლიშე #2: კონფლიქტი არ იარსებებდა, საქართველო რომ „ჭკვიანად“ იქცეოდეს.

რუსული კლიშე #3

ჩვენ თავს დავანებებთ იარაღის ჟღარუნს (saber-rattling) და ვაღიარებთ, რომ საქართველო არის პატარა რეგიონული ძალა ძალიან საშიშ სამეზობლოში.  მყარი მომავალი ვერ აშენდება ჩვენი სამხედრო ძალის რუსეთის ან სხვის წინააღმდეგ გამოყენებით.“  ამის წამკითხველი აუცილებლად იფიქრებს, რომ აქამდე სწორედ ასე ხდებოდა და საქართველო თავის „სამხედრო ძალას“ რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა, ან იმუქრებოდა ძალის გამოყენებით.  ...გეცნობათ?

უცნაურია, მაგრამ ამგვარი შემრიგებლურ-პაციფისტური რიტორიკის ფონზე უკვე მერამდენედ ხდება პედალირება შიდა ძალადობის თემისა და ძალადობის, როგორც ერთ-ერთი შესაძლო სცენარის, დაშვება.  “Without hope for freedom and liberty, our society will eventually explode with internal strife.“  ანუ, ავტორის აზრით, ამჟამად საქართველოში არამხოლოდ არაა თავისუფლება, არამედ თავისუფლების იმედიც კი.  ავტორი თითქოს ამზადებს მკითხველს - არეულობა, რომელიც ზოგიერთის აზრით ბ-ნი ივანიშვილის ერთ-ერთი შესაძლო მიზანია, მოქალაქეებისთვის თავისუფლების წართმევით იქნება გამოწვეული და შეიძლება სპონტანურად დაიწყოს.

რუსული კლიშე #4

„თუ ჩვენ გავხდებით კავკასიის კუბა, ჩვენი იმედი, რომ შევუერთდეთ დასავლეთს, სამუდამოდ დასამარდება.“  კუბის როლი ცივი ომის პირობებში ყველასათვის ცნობილია.  რამდენად ადეკვატურია ამგვარი ანალოგია 21-ე საუკუნის რეალობაში, რომლის გამოწვევებზე საუბრითაც ხსნის თავის წერილს ბ-ნი ივანიშვილი?  ვინ შეიძლება აღიქვას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები კავკასიის კუბად ქცევის მცდელობად, გარდა მართლაც მე-19 საუკუნის მენტალიტეტში ჩარჩენილი რუსი პოლიტიკოსებისა?  რამდენად დამაჯერებელია, რომ ასეთი შედარება თავში მოუვიდეს თანამედროვე პოსტულატებით მოაზროვნე და ევროპის გამაოცებელი დემოკრატიის შექმნის მგეგმავ ქართველ პოლიტიკოსს?

ფრაგმენტი იმავე სიმღერიდან: „ზოგიერთ დამკვირველს საქართველოს გარეთ ურჩევნია სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც ისინი იცნობენ, იმ გაურკვევლობას, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დემოკრატიულ დიალოგთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.“  ბ-ნი ივანიშვილის მიხედვით გამოდის, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დემოკრატიული დიალოგი შესაძლებელი ყოფილა, თუმცა ამას ხელს უცხოეთში ჩასაფრებული ზოგიერთი დამკვირვებელი უშლის.  მესიჯი ნათელია - „დატოვეთ საქართველო და რუსეთი მარტო და ისინი თვითონ მიხედავენ თავიანთ საქმეს.“  ერთია, როცა ამას რომელიმე ოდიოზური რუსი პოლიტიკოსი ამბობს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ასეთ იდეას გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი აჟღერებს.  ეგებ ბ-ნმა ივანიშვილმა დაასახელოს თუნდაც ერთი მაგალითი რუსეთსა და მის წინაშე მარტო დარჩენილი რომელიმე პატარა მეზობელს შორის წარმატებული დემოკრატიული დიალოგისა? ...სამწუხაროა, რომ არ არსებობს მოკლე შესავალი კურსი მსოფლიო ისტორიაში პოლიტიკაში წასვლის მსურველთათვის!

რუსული კლიშე #5

„კონფლიქტი წარმოიშვა ქსენოფობიური და კონფრონტაციული სტილიდან, რომელიც დამახასიათებელია ორივე ხელისუფლებისთვის.  თუ შევთანხმდებით, რომ ორივემ დაუშვა შეცდომები, უკვე მიღწეული გვექნება გარკვეული პროგრესისთვის".  ეს კომიკურობამდე მიამიტი, ფაქტებისა და ისტორიის არცოდნაზე დაფუძნებული მიგნება შეიძლება უკომენტაროდაც დაგვეტოვებინა, მაგრამ კითხვის დასმის ცდუნება მაინც დიდია - ეგებ ბ-ნმა ივანიშვილმა განმარტოს, თუ რატომ არ იცვლება რუსეთის კურსი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკისა და სტილის მიუხედავად?  რითი აიხსნება ცარისტული, ბოლშევიკური და პოსტ-საბჭოთა რუსეთის იდენტური დამოკიდებულება ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ქართული ხელისუფლებების მიმართ?  რუსეთმა ხომ ისევე არ დაინდო საქართველო რიტორიკით, სტილითა და ქმედებებით ლოიალური „მენშევიკებისა“ და შევარდნაძის მმართველობის დროს, როგორც გამსახურდიასა და სააკაშვილის პირობებში?  თუ კონფლიქტის არსებობა მხოლოდ „სტილის“ ბრალია, რომელია ის სტილი, რომელიც მისაღები იქნება რუსეთისთვის და არ დააზარალებს საქართველოს?

ძნელი დასაჯერებელია, სერიოზული პოლიტიკოსი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას რიტორიკისა და სტილის შეცვლის ხარჯზე სთავაზობდეს საშუალოდ ინფორმირებულ აუდიტორიასაც კი...  მაგრამ მივყვეთ ამ ლოგიკას და დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა.  რა ინტერესი ექნება რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად?  რა მოხდება მაშინ, თუ რუსეთის ხელისუფლება არაფერს შეცვლის (რისი ალბათობაც მაღალია, რადგან რუსეთი სხვანაირად არასდროს მოქცეულა და არანაირი წინაპირობა არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ახლა მოიქცევა)?  რა იქნება ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი?  რას შესთავაზებს ის რუსეთს რიტორიკის შეცვლის სანაცვლოდ და რეალურად რის ხარჯზე აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას „ქართული ოცნება“?!

იმათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენი ახალი სტილი (ოხ, ეს „სტილი“!) არის ნაწილი რუსული გეგმისა, შეასუსტოს საქართველოს შემართება, მე მივაპყრობ მათ ყურადღებას კონფლიქტებზე მსოფლიოს სხვა კუთხეებში.“  ამ წინადადების წაკითხვისას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს ტექსტის კორექტურაში გაპარულ შეცდომასთან, რადგან ძნელია ამ წინადადებიდან აზრი გამოვიტანოთ და გავარკვიოთ, თუ რანაირად პასუხობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე კონფლიქტებზე ყურადღების გადატანა ბ-ნი ივანიშვილის მიერვე დასმულ კითხვას.  თუმცა, ამ კუთხით, ეს წინადადება სხვებისგან არ გამოირჩევა.  ავიღოთ თუნდაც ეს -  „ისტორიული მტრობის გადასაწყვეტად, ჩვენ გამოვიყენებთ სამხრეთ აფრიკის მაგალითს, დიალოგს პოლონეთსა და რუსეთს შორის და, ყველაზე მეტად, თავად ევროკავშირის გამოცდილებას.  ჩვენ ასევე განვიხილავთ გერმანიის გამოცდილებას დემოკრატიის მშენებლობის სფეროში, განვითარების დახმარების მეშვეობით.“  რა შუაშია სამხრეთ აფრიკის გამოცდილება ქართულ-რუსული კონფლიქტის კონტექსტში? გასაგები იქნებოდა, აქ რომ 1992 წლამდე აფხაზეთში მოქმედ აპარტეიდზე იყოს საუბარი, თუმცა კონტექსტი ამის საშუალებას არ გვაძლევს.  ან რომელ რუსულ-პოლონურ დიალოგზეა საუბარი?  ნუ ვახსენებთ პირველ და მეორე კატინს, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პოლონეთმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო რუსეთთან დიალოგის წარმართვა, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა.  ასევე გაუგებარია, რა შუაშია გერმანული მაგალითი, ან კონკრეტულად რომელ მაგალითს გულისხმობს ბატონი ივანიშვილი...

დასკვნის მაგიერ

ბ-ნი ივანიშვილის წერილიდან შევიტყვეთ, რომ რეალურ პრობლემას ის შუასაუკუნეებიდან მომავალ ეთნიკურ შუღლში ხედავს, ხოლო რუსეთთან არსებული კონფლიქტის მოგვარებას რიტორიკის შერბილებითა და სტილის შეცვლით აპირებს.  ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შეგვიძლია შემაჯამებელი კითხვა ასე ჩამოვაყალიბოთ -

ბატონი ივანიშვილი არის:

(ა) გულწრფელი, მაგრამ მიამიტი;

(ბ) პოლიტიკურად გამოუცდელი;

(გ) „ა“ და „ბ“ ერთად;

(დ) ნებით თუ უნებლიეთ რუსული პოლიტიკის გამტარებელი.  

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, იმედს ვიტოვებ, რომ სწორი პასუხი არის „გ“, რაც ტოვებს შანსს იმისა, რომ რელევანტურ საკითხებში უკეთ გარკვევის შემდგომ, ბ-ნი ივანიშვილი შეიცვლის პოზიციას ამ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო, თემასთან მიმართებაში.  და თუ ეს ასე მოხდა, დაე, მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და ფილოსოფიურ-ესთეტიკური საკითხები (ჭორვილას მოდელი ჯობია თუ სინგაპურისა, შუშის ხიდი უფრო ლამაზია თუ შუშის სასახლე და ა.შ.) რუტინული დემოკრატიული პროცესის ფარგლებში არკვიონ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა...

კომენტარები