ისრაელი

უკანასკნელი რევიზიონისტი

იცჰაკ შამირი ებრაელ ჯარისკაცებთან ერთად

იცჰაკ შამირი ებრაელ ჯარისკაცებთან ერთად
წლის 30 ივნისს, 96 წლის ასაკში, თელ-ავივში გარდაიცვალა ისრაელის მე-7 პრემიერმინისტრი იცჰაკ შამირი. მას 1983-1984 და 1986-1992 წლებში ქვეყნის პრემიერის თანამდებობა ეკავა და იმავე პერიოდში პარტია ლიკუდის ლიდერიც იყო. შამირის უკომპრომისო პოზიცია და დამოკიდებულება პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოხატულია მის ცნობილ ფრაზაში – „ზღვა იგივე ზღვაა, ხოლო არაბები იგივე არაბები არიან”. როგორც ეკლესიასტე ამბობს, „არა რაი არს ყოველივე ახალ მზესა ქვეშე”. შამირის შეხედულებები აქტუალობას დღესაც ინარჩუნებს და ერთგვარი გზამკლევია ყველაზე ცხელი რეგიონის პრობლემების უკეთ გასაცნობად.

შამირმა, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდა, უკანასკნელი წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა. „იცჰაკ შამირი იყო მამაცი მეომარი ისრაელისთვის, მის წარმოშობამდე და შემდეგ. ის იყო დიდი პატრიოტი და მისი უზარმაზარი დამსახურება სამუდამოდ დარჩება ჩვენს მატიანეში”, – განაცხადა წარსულში მისმა უმთავრესმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, შიმონ პერესმა. ამჟამინდელი პრემიერის, ბინიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებით, „შამირი მიეკუთვნებოდა გიგანტების თაობას, რომლებმაც დააარსეს ისრაელის სახელმწიფო და მის მიწაზე ებრაელი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ”.

იცჰაკ ეზერნიცკი 1915 წელს, რუსეთის იმპერიაში მდებარე პოლონურ დასახლება რუჟანში დაიბადა, დღევანდელი ბელარუსის ტერიტორიაზე. ოცი წლის ასაკში ის პალესტინის ტერიტორიაზე გადასახლდა და გვარად „შამირი” აიღო, რაც „ეკალს” აღნიშნავს. შამირის ოჯახის რამდენიმე წევრი ჰოლოკოსტს შეეწირა, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც სამყარო კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლა იყო. იცჰაკ შამირი ახალგაზრდობიდანვე მოიხიბლა რევიზიონისტული სიონიზმით და მისი მთავარი იდეოლოგის, ვლადიმირ (ზეევ) ჟაბოტინსკის იდეებით, რომლებიც უმთავრესად ისრაელის ბიბლიურ საზღვრებში აღდგენასა და ანტისოციალიზმში გამოიხატებოდა. რევიზიონისტული სიონიზმი და ჰოლოკოსტის გამოცდილება ახლობელი თემებია მოქმედი პრემიერის, ნეთანიაჰუსთვისაც, რომელიც ხშირად იყენებს წარსულის გაკვეთილებს საკუთარი ქმედებების ასახსნელად.

იმავე პერიოდში, შამირი ნაციონალისტურ სამხედრო დაჯგუფება ირგუნს შეუერთდა და მოგვიანებით მისი გამოცალკევებული ჯგუფის, ლეჰის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მომავალი პრემიერის ხელმძღვანელობის ქვეშ ლეჰი „პირადი ტერორის” კამპანიას მიმართავდა და მოქმედი ბრიტანული ადმინისტრაციის სამხედრო და ოფიციალურ პირებს სიცოცხლეს ასალმებდა. თავისი საქმიანობისთვის შამირი ბრიტანულმა მმართველობამ ორჯერ დააპატიმრა, თუმცა ორივეჯერ ციხიდან გაქცევა მოახერხა. დროის ამ მონაკვეთს თავად შამირი სიცოცხლის „საუკეთესო წლებს” უწოდებდა.

ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, 1955-1965 წლებში, იცჰაკ შამირი სადაზვერვო სამსახურში (მოსადი) მუშაობდა, 1970 წელს კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და ლიკუდის წინამორბედ ჰერუთში

შიმონ პერესი და იცჰაკ შამირი. 1985
გაწევრიანდა. შამირი პარტიულ იერარქიაში მალევე დაწინაურდა – საკანონმდებლო ორგანო ქნესეთის სპიკერობის შემდეგ, 1980 წელს, საგარეო მინისტრად დაინიშნა. 1983 წელს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მან შეცვალა თანაპარტიელი მენაჰიმ ბეგინი, რომლის რეპუტაცია ლიბანში წამოწყებულ არაპოპულარულ ომს შეეწირა.

1984 წლის არჩევნებზე ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის ფორმირება. ამის გამო, ორი დომინანტური პარტია, ლეიბორისტული და ლიკუდი, ძალაუფლების გამყოფ უნიკალურ ინიციატივაზე შეთანხმდა – ლეიბორისტთა ლიდერი შიმონ პერესი და შამირი ერთმანეთის მონაცვლეობით, ნახევარი ვადის განმავლობაში იქნებოდნენ პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შემდეგ ამგვარი გარიგება მხოლოდ წლეულს განმეორდა, როდესაც ოპოზიციური კადიმა მმართველ ლიკუდის მთავრობას შეუერთდა.

შამირის საზოგადოებრივი იმიჯი დიდწილადაა განპირობებული 1991 წლის სპარსეთის ყურის კრიზისის სამაგალითო გამკლავებით. სადამის მიერ ისრაელის ქალაქების Scud-ის რაკეტებით დაბომბვის შემდეგ, მან გაუძლო სამხედრო ისტებლიშმენტის ზეწოლას და ერაყზე საპასუხო იერიში არ მიიტანა. ამგვარ გაუთვლელ ნაბიჯს შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა და იმ ომის დროს, არაბული სამყარო ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ დაერაზმა. ამ გადაწყვეტილებით შამირმა უზარმაზარი პატივისცემა მოიპოვა აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციასა და მსოფლიო საზოგადოებაში.

იცჰაკ შამირის სახელს უკავშირდება ისტორიულ სამშობლოში ებრაელთა რეპატრიაციის, იმავე ალიის ერთ-ერთი უდიდესი ტალღის განხორციელება. ის ალიას ებრაული სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად და ზრდის წინაპირობად მიიჩნევდა. შამირის აზრით, ალია მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მდინარე იორდანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის ებრაულ-არაბულ დემოგრაფიულ ბალანსს. ამ მხრივ უდიდესი მიღწევა იყო აბსორბცია მილიონზე მეტი საბჭოთა ებრაელისა, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის მიერ იმიგრაციის საშუალება მიეცათ. შამირი ვაშინგტონს არწმუნებდა, რომ ებრაელებისთვის აშშ-ში დასაბრუნებლად სირთულეები შეექმნა, რათა მათთვის ისრაელის გარდა სხვა ალტერნატივა არ ყოფილიყო. პრემიერმინისტრი აგრეთვე გახლდათ 1991 წელს ჩატარებული ოპერაცია სოლომონის მთავარი სულისჩამდგმელი – მაშინ, საჰაერო კორიდორის უზრუნველყოფით, 15,000 ეთიოპიელი ებრაელი გადაურჩა მენგისტუ ჰაილე მარიამის მთავრობის კოლაფსის შემდეგ წარმოქმნილ პოლიტიკურ მღელვარებას.

შამირის რწმენა დიდი ისრაელისადმი, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს და 1967 წელს დაპყრობილ ტერიტორიებს მოიცავდა, სამშვიდობო პროცესს აფერხებდა. მისი აზრით, ასე მიღწეული მშვიდობა არაბთა მხრიდან მეტ მოთხოვნებს მოიტანდა მანამ, სანამ მათ იერუსალიმზე პრეტენზიასაც არ დაუკმაყოფილებდნენ.

შამირი მისთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს იჩენდა, როდესაც საქმე სამშობლოს საზღვრების შემცირებას ეხებოდა. ქნესეთის სპიკერობისას, მან ეგვიპტესთან შეთანხმების დამტკიცებაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, 1987 წელს, შამირმა დაბლოკა შიმონ პერესის და იორდანიის მეფე ჰუსეინის შეთანხმება, რომლითაც პალესტინური ტერიტორიები იორდანიის კონტროლქვეშ გადადიოდა.

1991 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ჰერბერტ ბუშის ზეწოლის შედეგად, იგი უხალისოდ დათანხმდა მადრიდის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას. გამოცემა ჰაარეცის ყოფილი რედაქტორის, დავიდ ლანდაუს თქმით, შამირი მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის აწარმოებდა და მიზნად მისი დაუსრულებლად გაგრძელება ჰქონდა დასახული.

მაშინ, შამირის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო, სამთავრობო კოალიცია დატოვეს მცირე მემარჯვენე პარტიებმა, რამაც ადრეული არჩევნების დანიშვნა განაპირობა. ლეიბორისტულმა ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა შამირის მიერ ახალშენების პრიორიტეტულად გამოცხადება და სამშვიდობო პროცესში პასიურობა. 1992 წელს მათ პოპულარულ საარჩევნო სლოგანს წარმოადგენდა: „ფული ღარიბ სამეზობლოებს და არა ახალშენებს”.

1992 წლის არჩევნებში იცჰაკ რაბინის მეთაურობით ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ, შამირი ლიკუდის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, ოთხი წლის შემდეგ კი ქნესეთსაც ჩამოშორდა. ლეიბორისტებმა, მოკავშირე პარტია მერეცთან ერთად, მოლაპარაკებები 1993 წელს, ოსლოს შეთანხმებებში განავრცეს და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის შექმნაც გადაწყდა.

იცჰაკ შამირი
წელს დიდი ებრაელების გამოკითხვაში იცჰაკ შამირი 29-ე ადგილზე დასახელდა. მისი იდეების პოლიტიკური მემკვიდრე ამჟამინდელი პრემიერმინისტრი და ლიკუდის ლიდერი ბინიამინ ნეთანიაჰუა. შამირმა დიდი როლი ითამაშა ამ უკანასკნელის კარიერულ კიბეზე დაწინაურებაში, როდესაც ბიბი გაეროში ელჩის თანამდებობაზე დანიშნა.

დღეს ნეთანიაჰუს წინაშე ის საკითხები დგას, რაც სამი ათეული წლის წინ შამირს აწუხებდა. ნეთანიაჰუს მიერ 2009 წელს, ბარ-ილანის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში „ორი სახელმწიფოს” არსებობის მხარდაჭერა ბევრს 1991 წელს შამირის მიერ „მიწა მშვიდობისთვის” ფორმულის აღიარებას აგონებს.

შამირისეული გაკვეთილი მოჩვენებით უკანდახევასა და ახალშენების ხელშეწყობაში გამოიხატება. კიდევ ერთი მსგავსება გარედან მომდინარე საფრთხეა, რომელზე პასუხზეც რეგიონის სტაბილურობაა დამოკიდებული. ერაყისგან განსხვავებით, ნეთანიაჰუსთვის ირანი უფრო კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს. საკითხავია, რამდენად მოახერხებს ის შამირივით გაუმკლავდეს ირანისგან მომდინარე საფრთხეს. ნეთანიაჰუსთვის შეიძლება მალე დაისვას კითხვა – რას იზამდა შამირი?

კომენტარები