საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

საგარეო უწყება: რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ჩირკინის ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

,,რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წვრთნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები "კავკასია - 2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში" - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 11 და 13 ივლისს გენერალ-პოლკოვნიკი ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში. ვლადიმირ ჩარკინმა რუსეთის საოკუპაციო ძალების ბაზები მოინახულა და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები