სასჯელაღსრულების სამინისტრო

პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მსჯავრდებული მ.ბ.-ს გარდაცვალების ფაქტი და მასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.  

განცხადებაში სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, დაელოდონ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს და თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისგან.  განცხადებაში მითითებულია, რომ  "მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი - გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს...მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა".

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებას უკვე გამოეხმაურა პატიმრების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარომადგენელი ნანა კაკაბაძე. New.ge-სთან საუბარში, მან აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, საუბარია მიხეილ ბაზაზიანზე, 21 წლის მამაკაცზე.  "რამდენად აქვს კავშირი ამ გარდაცვალებას გლდანის ციხის ამბებთან არ ვიცი. ოფიციალურად ამბობენ გულით გარდაიცვალაო, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ პატიმარს გული არ აწუხებდა", - აცხადებს კაკაბაძე.

სამინისტროს ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული გარდაცვლილი პატიმარი რომელ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, თუმცა ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ ბაზაზიანი ჯერ ქსნის ციხეში, შემდეგ კი გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, ღამით, Facebook-ით გავრცელდა ინფორმაცია, გლდანის #8  დაწესებულებაში, არეულობისა და  სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე.  ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა არ დაადასტურა

 

 

კომენტარები