Pussy Riot

Pussy Riot-ის წევრებმა მოსკოვში კონცერტზე სიმღერა შეასრულეს

პანკ–ჯგუფ Pussy Riot – ის ორი წევრი, რომლებსაც თავისუფლება არ აქვთ აღკვეთილი, მოსკოვში ბენდ Faith No More–ის კონცერტზე გამოვიდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია ერთ–ერთმა რუსმა ბლოგერმა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, გოგონებმა სიმღერა „ბუნტი რუსეთში” შეასრულეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეძღვნება. გავრცელებული ცნობით, კონცერტზე ჯგუფის წევრები მათთვის ჩვეულ ფერად ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი.

ჯგუფის ორი წევრი, რომელთაც პატიმრობა არ აქვთ შეფარდებული, გასულ თვეს პრაღაშიც გამოვიდა ერთ–ერთ კონცერტზე.

ტაგანის სასამართლომ 20 ივნისს Pussy Riot – ის პატიმრობაში მყოფ წარმომადგენლებს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, ეკატერინა სამუცევიჩს და მარია ალიოხინას, რომლებიც საგამოძიებო იზოლატორში მარტიდან იმყოფებიან, წინასწარი პატიმრობის ვადა 24 ივლისამდე გაუგრძელა. ჯგუფის წევრების წინააღმდეგ საქმე ხულინობის მუხლით არის აღძრული.

გოგონებს ბრალი ხულიგნობასა და რელიგიური შეუწყნარებლობის გაღვივებაში ედებათ, 21 თებერვალს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შესრულებულიპანკ-ლოცვისათვის - „ღვთისმშობელო გააგდე პუტინი.“

ცოტა ხნის წინ რუსეთის კულტურის სფეროს ასზე მეტმა წარმომადგენელმა პანკ-ჯგუფ Pussy Riot - ის წევრების მხარდასაჭერად, ღია წერილს ხელი მოაწერა.

 

კომენტარები