დემოკრატია

ვის სურს დემოკრატია საქართველოში

საქართველოს საზოგადოებაში დემოკრატიის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების თანაფარდობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური შეხედულებები – ამ მონაცემებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) კვლევა მოიცავს. პრეზენტაცია „დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები საქართველოში” CRRC-ის მიერ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული „კავკასიის ბარომეტრის” ნაწილია. კვლევა შარშან ოქტომბერში ჩატარდა, მისი შედეგების პრეზენტაცია კი 22 ივნისს მოეწყო.

გამოკითხვაში 2287-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერები მოწინააღმდეგეებს სჭარბობენ. მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს პროდასავლურ კურსს, აქვთ უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და განათლების დონე.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, დემოკრატია ყველაზე სასურველ პოლიტიკურ წყობად რესპონდენტთა 66-მა პროცენტმა დაასახელა. ზოგიერთ შემთხვევაში, არადემოკრატიული მმართველობა გამართლებულია 8 პროცენტისათვის. კიდევ 8 პროცენტისთვის ქვეყნის მოწყობას მნიშვნელობა არ აქვს, 18-მა პროცენტმა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე, „რამდენად დემოკრატიულია საქართველო?” რესპონდენტთა მხოლოდ 8 პროცენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა „მთლიანად დემოკრატიულია”. „დემოკრატიულია მცირე პრობლემებით” – 43 პროცენტმა, „დემოკრატიულია დიდი პრობლემებით” – 27, არადემოკრატიული კი გამოკითხულთა 10 პროცენტისათვისაა.

კვლევის ავტორებმა რესპონდენტები სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით, „დემოკრატებად” და „არადემოკრატებად” დაჰყვეს. პირველ კატეგორიაში მოხვდნენ ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა. იმავდროულად – რომ საქართველო მთლიანად დემოკრატიულია ან მცირე პრობლემები აქვს. მათმა წილმა გამოკითხულთა შორის 38 პროცენტი შეადგინა.

დემოკრატიის მოწინააღმდეგეებში კი ისინი მოხვდნენ, ვინც თვლის, რომ ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია არადემოკრატიული მმართველობა, მმართველობას მნიშვნელობა არ აქვს, ან არ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი. ამავე დროს, საქართველო მიაჩნიათ არადემოკრატიულ ქვეყნად ან დემოკრატიად დიდი პრობლემებით. მათმა წილმა 28 პროცენტი შეადგინა.

თუმცა „დემოკრატთა” და „არადემოკრატთა” რიცხვში ვერ მოხვდნენ ის რესპონდენტები, რომლებიც თავს დემოკრატიის მომხრეებად მიიჩნევენ, მაგრამ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებენ. ასევე ისინი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად თვლიან, თუმცა არ ფიქრობენ, რომ დემოკრატიული წყობა საუკეთესოა. საერთო ჯამში, ამ რესპონდენტთა წილი 40 პროცენტია.

კვლევის თანახმად, „დემოკრატთა” 72 პროცენტის აზრით, საქართველოს საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის. „არადემოკრატთა” შორის ამ მოსაზრებას მხოლოდ 25 პროცენტი ემხრობა. ამ კატეგორიის გამოკითხულთა 23 პროცენტი საშინაო პოლიტიკას არასწორად მიიჩნევს, უმრავლესობა მათგანს – 35 პროცენტს, ამაზე პასუხი არ აქვს.

საპროტესტო აქციებს, როგორც აზრის გამოხატვის ფორმას, მხარს უჭერს „არადემოკრატთა” 35 პროცენტი. „დემოკრატთა” უდიდესი ნაწილი – 41 პროცენტი, აქციებს ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქვამს.

„დემოკრატების” 76 პროცენტი მზადაა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, „არადემოკრატებისგან” კი – მხოლოდ 53 პროცენტი.

„დემოკრატების” უმრავლესობა ენდობა მთავრობასა და პარლამენტს – 54 და 59 პროცენტი. დემოკრატიის „მოწინააღმდეგეთაგან” ამ ინსტიტუტებს ნდობით მხოლოდ 24 პროცენტი უყურებს.

NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას მხარს უჭერს „დემოკრატების” 82 პროცენტი. ამავე აზრისაა „არადემოკრატთა” დიდი ნაწილიც – მათი 48 პროცენტი NATO-ს წევრობას, 54 კი ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა.

„დემოკრატების” 52 პროცენტი საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს, სხვა ქვეყნებს – 29 პროცენტი. „არადემოკრატებს” შორის აშშ-ს მეგობრად თვლის მხოლოდ 36 პროცენტი, 35 კი მეგობრებად სხვა ქვეყნებს ასახელებს. რუსეთის შეფასებაც განსხვავებულია – „დემოკრატიის მომხრეებს” შორის რუსეთს მთავარ მტრად 60 პროცენტი ასახელებს, „არადემოკრატთა” შორის – მხოლოდ 45 პროცენტი.

ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავებები სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის თვალსაზრისითაც გამოიკვეთა. დასაქმებულია „დემოკრატების” 46 და „არადემოკრატების” 33 პროცენტი. ამავე დროს, ორივე კატეგორიის რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი – 67 და 62 პროცენტი, საკუთარი ოჯახის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს. კარგი მდგომარეობა, მათი შეფასებით, მხოლოდ „დემოკრატთა” 11 და „არადემოკრატთა” 3 პროცენტს აქვს.

„დემოკრატთა” შორის შედარებით მაღალია ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა. ისინი უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს – ყოველდღიურად გლობალური ქსელით „დემოკრატთა” 32 პროცენტი სარგებლობს. „არადემოკრატთა” შორის – მხოლოდ 23. „არადემოკრატების” 60 და „დემოკრატების” 44 პროცენტი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს.

კვლევის თანახმად, „დემოკრატები” უფრო ბედნიერები და ცხოვრებით უფრო მეტად კმაყოფილები არიან, ვიდრე „არადემოკრატები”.

 

კომენტარები