მედია

უნდა გაუშვა – წინასაარჩევნოდ

მმართველმა პარტიამ თავდაპირველი პოზიცია შეცვალა და ე.წ. “უნდა გაუშვა” წესის შემოღებას დათანხმდა. ეს წესი საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების ხელმისაწვდომობა მათი საქმიანობის არეალში მოქმედ მაუწყებლებზე. ამასთან, არხს, რომელიც საკაბელო ოპერატორს „უნდა გაუშვა” წესის საფუძველზე მოსთხოვს თავისი პროგრამების გავრცელებას, უფლება არ ექნება, ამისთვის ანაზღაურება მოითხოვოს.

„უნდა გაუშვას” დაკანონებას ოპოზიცია, რამდენიმე საზოგადოებრივი გაერთიანება და პროოპოზიციური მაუწყებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ნაციონალური მოძრაობის 180-გრადუსიან შემობრუნებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი გლობალ TV-ის ათასობით სატელიტური თეფშის დაყადაღება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებასთან დაკავშირებით მიიღო.

გლობალ TV-ის მიერ სატელიტური თეფშების 10-წლიანი განვადებით დარიგებას, თან წაგებიანი სქემით – იმ პირობით, რომ მომსახურების პირველ წელს აბონენტი არაფერს იხდის, ხოლო შემდეგ თვეში მხოლოდ 4 ლარს, პროკურატურა და პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონდარღვევად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, თეფშებს პარტიულ მაისურებში გამოწყობილი ქართული ოცნების აქტივისტები ავრცელებდნენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს, ხოლო თავად ეს ოპერაცია მილიარდერისგან ნასესხები ფულით ფინანსდებოდა.

ანტენების უფასოდ დარიგებაზე ივანიშვილს 126-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა, რაც შემდგომში სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. პროკურატურაში კი ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის საქმეზე.

გლობალ TV ერთადერთი საკაბელო-სატელიტური ოპერატორი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ მე-9 არხსა და სხვა პროოპოზიციურ არხებს ავრცელებდა. მისი სატელიტური თეფშების დაყადაღებას მოჰყვა ოპოზიციისა და რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, რომ ამით ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებოდა.

მთავრობამ კატეგორიულად უარყო მედიის შეზღუდვის ბრალდება, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების დროს მედიაპლურალიზმის თემაზე შემდგომი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა, დათმობაზე წასულიყო. ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, „უნდა გაუშვა” წესი მხოლოდ 2-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში იმოქმედებს, არჩევნების დანიშვნიდან – არჩევნების დღემდე. ცვლილება საარჩევნო კოდექსში შედის. ოპოზიცია ამ წესის მოქმედების ვადის გაგრძელებას არჩევნების შეჯამებამდე და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვს.

ამასთანავე, ახალი ვალდებულება არ ვრცელდება საკაბელო ოპერატორის მომსახურების ზონის მიღმა მოქმედ საეთერო მაუწყებლებზე. აქედან გამომდინარე, „უნდა გაუშვა” წესით ისარგებლებენ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაესტრო და მე-9 არხი, მაგრამ არა კავკასია, თრიალეთი ან 25-ე არხი, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ საეთერო მაუწყებლობის ლოკალური ლიცენზიები აქვთ. თუმცა, სატელიტური ლიცენზიის მოპოვება მათაც ადვილად შეუძლიათ – მაუწყებლობის კანონი ასეთი ლიცენზიების გაცემას, პრაქტიკულად, ავტომატურად ითვალისწინებს.

კანონის სამოქმედო არეალის დავიწროებამ თამაშგარეთ დარჩენილი ტელეკომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის მტკიცებით, „უნდა გაუშვა” წესი მისი ტელევიზიისთვის არსებითად არაფერს ცვლის – დედაქალაქში ის ისედაც ვრცელდებოდა, ხოლო მაუწყებლობის ზონის თუნდაც 2 თვით გაფართოების უფლება არ ეძლევა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის აპრილის მონაცემებით, თბილისში, ბათუმსა და გორში, ანუ იქ, სადაც მაყურებელს პროოპოზიციურ კავკასიაზე, 25-ე არხსა და თრიალეთზე მიუწვდება ხელი და სადაც 2008 წელს, შესაბამისად – 465 547, 92 556 და 86 314 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 140 ათასი, 20 ათასი და 2 ათასი საკაბელო აბონენტია. დანარჩენ საქართველოში 1 466 607 ამომრჩეველია და საკაბელო აბონენტთა რიცხვი, ჯამში, დაახლოებით 25 ათასია.

შესაბამისად, გამოდის, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტი საკაბელო აბონენტია, სამაუწყებლო პლურალიზმი ისედაც არსებობს. იქ კი, სადაც პროოპოზიციური არხები ხელმისაწვდომი არაა, არც საკაბელო აბონენტების რაოდენობაა დიდი.

კომენტარები