ავღანეთი

ქაბულის გარეუბანში მდებარე სასტუმროზე თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, რომელზეც შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, ამ დროისათვის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე გაათავისუფლეს.

BBC - ის ინფორმაციით, გათავისუფლებული არიან აგრეთვე, მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები და სასტუმროს თანამშრომლები. გამოცემის ცნობით, პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცავი და თავდამსხმელი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხიმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა უკვე აიღო. მისი წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული სასტუმროთი მდიდარი ავღანელები სარგებლობენ და ”ველურ წვეულებებს” აწყობენ, მათ შორის წმინდა დღესასწაულებზეც.

ცოტა ხნის წინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტმა ხამიდ კარზაიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში სამართალდამცავებსა და სამხედრო ძალებზე თავდასხმები სულ უფრო გახშირდა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში თალიბების მიერ განხორციელებული შეტაკებებისას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო პირი და ათობით ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

კომენტარები