აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მით რომნიმ Fox News Radio-ს ეთერში რუსეთი „საკვანძო გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ“ მოიხსენია. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის მიერ გატარებული კურსი „სრულიად ეწინააღმდეგება“ აშშ-ს პოლიტიკას.
„ქვეყანა, რომელიც გაეროში გამუდმებით გვეწინააღმდეგება, არის რუსეთი. ის ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სრულიად გასაგებია, რომ ისინი განაგრძობენ პოლიტიკის გატარებას, რომელიც წინააღმდეგობაშია აშშ-ს ინტერესებთან“ - განაცხადა რომნიმ.
მსგავსი განცხადებები მით რომნის რუსეთსა და მის მთავრობაზე ადრეც გაუკეთებია. 26 მარტს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ს ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია.
მაშინ დემოკრატებმა თქვეს, რომ რესპუბლიკელი პოლიტიკოსი დღემდე ცივი ომის კონტექსტში ცხოვრობს. რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა კი განაცხადა, რომ მსგავს კლიშეებს „ჰოლივუდის სუნი ასდის“ და რომნის ურჩია, „ტვინის გაენძრია“ და გაეხსენებინა, რომ ცივი ომის დრო წარსულში დარჩა.





