განათლების სამინისტრო

რატომ მოხსნეს მიმინოშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ცოტა ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ, სისტემაში არსებული ვითარების შესახებ დისკუსია წარმოშვა. ცენტრის ახალ ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის რექტორი, ხატია დეკანოიძე დაინიშნა. თავად მიმინოშვილი, რომელსაც წარსულში არაერთხელ დაუმსახურებია პრეზიდენტის ქება, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას არ გამორიცხავდა – მისი შვილი ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა.

ეჭვი პოლიტიკურ მოტივებზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გათავისუფლებული მიმინოშვილი ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. თავის მხრივ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოლიტიკურ მოტივს უარყოფენ. მათი თქმით, მიუხედავად მინისტრსა და მიმინოშვილს შორის პრინციპული წინააღმდეგობებისა, მთავრობას არ სურდა პროფესიონალის დაკარგვა და მას სხვა თანამდებობებს სთავაზობდა – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობას, ან შვეიცარიაში ელჩობას, მაგრამ მიმინოშვილი არ დათანხმდა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ეს შეთავაზებები მართლაც ჰქონდა.

სამინისტრომ გათავისუფლების მოტივად სწორედ პრინციპულ საკითხებზე შეუთავსებლობა დაასახელა. იქ ისიც განაცხადეს, რომ წინააღმდეგობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიმინოშვილი უთანხმოებას არ უარყოფს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მუშაობაში ხელს არ უშლიდათ.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ დავის ერთ-ერთი საგანი მისაღები გამოცდების რეფორმირება იყო. უთანხმოება გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეიქმნა – სასწავლებლებს ოთხიდან მხოლოდ ერთი, უნარ-ჩვევების გამოცდის დატოვება სურდათ, მოტივი კი ის იყო, რომ მისაღები გამოცდების ფორმალური პრინციპი იმას ეწინააღმდეგება, რასაც უნივერსიტეტები ნერგავენ – ე.წ. Liberal Arts-ის მოდელს, სადაც სტუდენტები სპეციალობას თავიდანვე არ ირჩევენ. შესაბამისად, არ არის საჭირო სპეციალიზებული მისაღები გამოცდების ჩაბარება.

გარდა ამისა, არის მოსაზრება, რომ მისაღები გამოცდების დღევანდელი სისტემა ელიტურია და უპირატესობას ანიჭებს მათ, ვინც რეპეტიტორთან დადის. სამინისტრო ამ დავაში უნივერსიტეტების მხარეს დადგა. თავად მიმინოშვილი თვლიდა, რომ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო იყო ცოდნის შესამოწმებელი სპეციალიზებული გამოცდები, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც აპირებდა მინისტრის ბრძანების შესრულებას, როგორც წარსულში აკეთებდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უთანხმოება არსებობდა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებია. სამინისტრო პრიორიტეტად „მასწავლებლებისთვის კომფორტის შექმნასა” და უფრო ლმობიერ გამოცდებს ასახელებს. იქ შიშობდნენ, რომ გამოცდებზე მაღალი თამასის დაწესების შემთხვევაში პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ჩაიჭრებოდა, ხოლო მათი შემცვლელების დროის მოკლე მონაკვეთში მოძიება შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნულ გამოცდებზე 2010 წელს საკუთარი სურვილით გასულ მასწავლებელთა 82% ჩაიჭრა. მიმინოშვილი აცხადებს, რომ მასწავლებლების გამოცდების გამარტივების მომხრე არ იყო, თუმცა, არც ზღვარის დაწევის წინააღმდეგი ყოფილა.

უთანხმოება არსებობდა უმცირესობების საკითხზეც. სამინისტრომ სასკოლო გამოცდებზე ჩაჭრილ არაქართველ მოსწავლეებზე სპეციალური ატესტატი გასცა. საქართველოში ასეთი ატესტატის მქონე პირს უმაღლესი განათლების მიღება კი ეზღუდება, მაგრამ შეუძლია, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს. ასეთ მიდგომას გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელობა უსამართლოდ მიიჩნევდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიმინოშვილის განცხადებით, ეს ქართველ მოსწავლეებს ჩაგრავს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან შაშკინი „ყალბი ატესტატების” გაცემაში დაადანაშაულა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს ხშირად აკრიტიკებდნენ არაქართველი მოქალაქეებისთვის განათლების შესაძლებლობის არასაკმარისად უზრუნველყოფისთვის. ეს საკითხი მწვავედ დგას საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ბოლო დრომდე ინფრასტრუქტურაც გაუმართავი იყო, რაც ამ რეგიონებს დანარჩენი საქართველოსგან აუცხოებდა. აქაურ სკოლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სასკოლო პროგრამებითაც ასწავლიდნენ. ამ რეგიონებიდან პირველმა აბიტურიენტმა ქართულ უმაღლესში 3 წლის წინ ჩააბარა.

უმაღლეს განათლებაზე ხელმიუწვდომლობა ამ რეგიონებში უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომ უმცირესობებისთვის პოზიტიური დისკრიმინაციის პროგრამა შემუშავდა. აღნიშნულმა მიდგომამ კიდევ ერთი ხარვეზი გააჩინა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. თუ მოსწავლე ამგვარ ატესტატს აიღებს და შემდეგ, ვთქვათ, კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემაში დაბრუნების უფლება არ ექნება, ეს კი ბოლონიის პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად ცენტრი სამოცდაათამდე თანამშრომელმა დატოვა. მათი სამსახურიდან წასვლა სამინისტროში არსებულ ატმოსფეროზე მსჯელობის საშუალებასაც იძლევა – უწყებამ ვერ შეძლო ისეთი მენეჯმენტის განხორციელება, რომ ერთი ადამიანის მოხსნას, მით უმეტეს, საატესტატო გამოცდების პერიოდში, ამდენი თანამშრომლის წასვლა არ მოჰყოლოდა.

კომენტარები