ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს ქაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაშია დადანაშაულებული.
უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზში ხმაური ატყდა, რასაც შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. დარბაზში მყოფთა ნაწილი მუბარაქის სიკვდილით დასჯას ითხოვდა.
სააგენტო France Press-ის ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებით ასევე დაკავებულია ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ალ-ადლი, რომელსაც მომიტინგეთა უმიზეზოდ დახოცვისთვის სასამართლომ ასევე სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.
ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის თებერვალში გამართული 18 დღიანი დემონსტრაციების შემდეგ მიიღო. ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციებს 850 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.





