ჩიკაგოს სამიტი

ჩიკაგო ბლუზი NATO-სა და ორკესტრისათვის

-22 მაისს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერები ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. იქ წევრმა ქვეყნებმა, მოწვეულ სახელმწიფოებთან ერთად განიხილეს ევროპული კრიზისის პირობებში ალიანსის სამხედრო ძლიერების შენარჩუნების, NATO-ს მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი თავდაცვის გაძლიერების გზები.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს, კრიტიკოსები ოცდამეერთე საუკუნეში ანაქრონიზმად მიიჩნევენ. NATO შეიქმნა როგორც საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ბლოკი. მისი დაარსებიდან უკვე რამდენიმე წელიწადში ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა ალიანსის დანიშნულებას და სიცოცხლისუნარიანობას. ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ალიანსი დაიშლებოდა, ამის ნაცვლად კი – NATO-მ ახალი წევრები მიიღო. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ ალიანსის მიმართ უკმაყოფილების კიდევ ერთი ტალღა აგორდა. დღეს, როდესაც ავღანეთის მისია დასასრულს უახლოვდება, NATO-ს მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა კოსოვოსა და ლიბიის კონფლიქტებში სამხედრო ინტერვენციამ საერთაშორისო არენაზე მისი მნიშვნელობა განამტკიცა.

დღეისათვის NATO არის ალიანსი, რომელიც გლობალური უსაფრთხოების დამცველად გვევლინება. რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე ეფექტურმა საერთაშორისო მოთამაშემ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნები მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში არიან და დანახარჯების შემცირებას ცდილობენ, ისინი საერთო თავდაცვისათვის ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას ვერ შეძლებენ.

NATO-ს თავდაცვის ხარჯებში ამერიკის შეერთებული შტატების ხვედრითი წილი 75 პროცენტს შეადგენს. ევროპის კონტრიბუცია, 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, ერთი მესამედიდან ერთ მეხუთედამდე შემცირდა. ევროპის ქვეყნები სამხედრო ხარჯებს კიდევ უფრო ამცირებენ: გერმანიამ გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების, აღჭურვილობის და ვერტმფრენების რიცხვი შეამციროს, ბრიტანეთმა სამხედრო შენაერთები ერთი მეხუთედით შეკვეცა, იტალიამ თავდაცვის ბიუჯეტს ორი წლის მანძილზე მეორედ გადახედა, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ოლანდი ხელმომჭირნე პოლიტიკას ატარებს და ავღანეთის ნაადრევად დატოვებას აპირებს.

ალიანსის წევრებისთვის ერთიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კიდევ უფრო ართულებს ეროვნული დათქმების პრაქტიკა. ის გულისხმობს, რომ ქვეყნებს აქვთ გარკვეული რეგულაციები, თუ რომელ შემთხვევაში შეუძლიათ და რომელ შემთხვევაში ეკრძალებათ საჯარისო ნაწილების ამოქმედება. სწორედ ამიტომ, როგორც ჯოსეფ ნაიმ აღნიშნა, ავღანეთის სამხრეთ პროვინციების ცხელ წერტილებში ბრიტანელები და ამერიკელები იბრძოდნენ, ხოლო ჩრდილოეთით, შედარებით მშვიდ პროვინციებში – ფრანგები, იტალიელები და გერმანელები.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპის პასიური როლი უჩენს განცდას, რომ ამერიკა ევროპის საქმესაც აკეთებს. მათი შეხედულებით, ევროპამ მეტი უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ეს ამერიკელებს იზოლაციისკენ მისწრაფებებს უღვივებს და სწორედ ამიტომ, გამოკითხვების მიხედვით, ათი ამერიკელიდან შვიდს მიაჩნია, რომ აშშ-მა ავღანეთი უნდა დატოვოს.

პენტაგონის განცხადებით, ევროპის კონტინენტზე მყოფი ამერიკული შენაერთებიდან 20 ათასი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდება. ევროპაში დღეს 80 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. აღნიშნული გეგმით, მომავალ დეკადაში 487 მილიარდი დოლარი დაიზოგება. ექსპერტების აზრით, ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის შეზღუდვა ამერიკის მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დაუცველობის შეგრძნებას გაუჩენს.

ამერიკის და ალიანსის სამხედრო ვალდებულებების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებს შორის სამხედრო პოლიტიკის განსხვავება გარდაუვალია. როგორც რობერტ კაგანი წერდა,

განსხვავებული სამხედრო ძლიერება განაპირობებს საერთაშორისო გარემოს, სტრატეგიული ამოცანების და ინტერესების განსხვავებულ აღქმას. ევროპასა და ამერიკას შორის ამ კუთხით სხვაობას კარგად გამოხატავს კაგანის ფრაზა, რომ ევროპელები არიან ვენერიდან, ხოლო ამერიკელები მარსიდან.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში რესურსების სწორად გასანაწილებლად წამოაყენა „საზრიანი თავდაცვის” ინიციატივა, რომელიც სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი გახდა. რასმუსენის განმარტებით, „საზრიანი თავდაცვა ნაკლებ ფასად, ერთიანი მოქმედებით და მოქნილობით უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს”. ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა ოცამდე პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც არსებული დანახარჯების უფრო ეფექტურად გადანაწილება მოხდება.

NATO-ს რიგით 25-ე სამიტი ყველაზე დიდი შეხვედრაა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში – მასზე 60 ქვეყნის პირველი პირები იყვნენ მიწვეულნი. პრეზიდენტ ობამას მშობლიურ ქალაქში კონფერენცია საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა – აქტივისტები ავღანეთის და ერაყის ომებს აპროტესტებდნენ. დემონსტრაციების კვალდაკვალ, ჩიკაგოს მერიის და პოლიციის ვებგვერდებზე კიბერშეტევები განხორციელდა.

კონფერენცია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების თანხლებით გაიხსნა. სამიტზე ბოლო წუთებში იყო მიწვეული პაკისტანის პრეზიდენტი აზიფ ალი ზარდარი. ზარდარის ოფიციალური შეხვედრა ობამასთან არ შედგა, ხოლო რასმუსენმა მასთან მოლაპარაკება სამომავლოდ გადადო. ამან NАТО-ს ნოემბრის ოპერაციაში 24 პაკისტანელი სამხედროს დაღუპვით ორ ქვეყანას შორის გამოწვეული უთანხმოება შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს. პაკისტანის ლიდერს ნათლად აგრძნობინეს, რომ NATO ისლამაბადის მიერ ავღანეთის სატრანსპორტო გზის ჩაკეტვით უკმაყოფილოა.

საინტერესოა, რომ სამიტზე არ იმყოფებოდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ერთი მოსაზრებით, ისინი რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭებას უფრთხიან და ამიტომ მიწვევაზე უარი თქვეს. სამიტზე არ გაემგზავრა სომხეთის პრეზიდენტიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩიკაგოს სამიტზე გამოთქმული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ყარაბაღის გარშემო არსებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს”.

სამიტზე მონაწილეობაზე უარი თქვა ვლადიმირ პუტინმა. ის არც დიდი რვიანის შეხვედრას დასწრებია. სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერს არ სურდა, რომ არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოეხატა NATO-ს ამბიციური გეგმებისთვის და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების გეგმას მიმხრობოდა.

NATO-ს ლიდერთა გადაწყვეტილებით, ანტისარაკეტო სისტემა „შუალედური მზადყოფნის” ეტაპზე გადავა. იგეგმება ხმელთაშუა ზღვაში იმ ამერიკული ხომალდების განლაგება, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკით იქნებიან აღჭურვილი, ხოლო თურქეთში სარადარო სისტემა დამონტაჟდება. ეს გადაწყვეტილება არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა რუსეთისათვის. პუტინმა NATO-ს წევრები გააფრთხილა, რომ აღნიშნულ სისტემაზე იერიშს მიიტანს, თუ ეს რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. მოსკოვმა სარაკეტო თავდაცვით სისტემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათ გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. როგორც ჩანს, ცივი ომის რიტორიკა დღეს კრემლისთვის ისევ აქტუალურია. საპასუხოდ რასმუსენმა აღნიშნა, რომ სარაკეტო სისტემა ირანისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგაა მიმართული და რუსეთისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ალიანსმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ შეშფოთებულია ირანის და ჩრდილოეთ კორეის მცდელობით, შექმნან ატომური ბომბი და ორივე ქვეყანას მოუწოდა – შეწყვიტონ ატომური პროგრამა და შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები.

ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთის საკითხიც განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ NATO რეგიონში დემოკრატიულ ცვლილებებს ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, ის მზადაა განავითაროს პარტნიორობა და უზრუნველყოს მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ NATO მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს სირიის კრიზისს და მხარს უჭერს გაეროსა და არაბული ლიგის სამშვიდობო ქმედებებს. თუმცა რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ორგანიზაცია სირიაში შეჭრას არ გეგმავს.

გასულ წელს, ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ წამოწყებულმა სამხედრო კამპანიამ წარმატებასთან ერთად ბევრი პრობლემაც გამოკვეთა, რის გარშემოც ალიანსის წევრებმა ილინოისში იმსჯელეს. ალიანსს მნიშვნელოვანი გარღვევები ჰქონდა მეთვალყურეობის და დაზვერვის კუთხით. ლიდერთა გადაწყვეტილებით, მიღებულია ახალი ხმელეთზე ბაზირებული სამეთვალყურეო სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს კავშირის წევრებს, რადარების და მზვერავი

ვერტმფრენების საშუალებით კონფლიქტურ წერტილში არსებული სიტუაცია სწორად შეაფასონ. საინტერესოა, რომ თუ NATO-ს წინა ოპერაციებში, მაგალითად კოსოვოს ომში, ამერიკის შეერთებულ შტატებს წამყვანი როლი ჰქონდა, ლიბიის ინტერვენციის დროს სამხედრო ოპერაციების 90 პროცენტი ევროპის ქვეყნების მიერ იყო წარმოებული. NATO-ს მისიების უკეთ კოორდინაციის და მოქნილობისთვის, ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო.

ავღანეთის მომავლის საკითხს სამიტზე ცენტრალური ადგილი ეჭირა. გადაწყდა, რომ 2013 წლის შუაში ავღანეთის ჯარს უსაფრთხოებაზე კონტროლი გადაეცემა, ხოლო NATO-ს ჯარები ქვეყანას 2014 წლამდე დატოვებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ქაბულს ფინანსური დახმარება გაუგრძელდება. 1 მაისს, ქაბულში, პრეზიდენტებმა ობამამ და ყარზაიმ დადეს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომ ჯარების გასვლის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ შეუწყობს ხელს ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოებას. ამერიკა მას სამხედროების გაწვრთნასა და მომზადებაშიც დაეხმარება.

„საერთაშორისო ასპარეზზე ავღანეთი ტვირთად აღარ დააწვება ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს”, – განაცხადა ჰამიდ ყარზაიმ. რასმუსენის თქმით კი, NATO ავღანეთიდან გამოსვლას არ ჩქარობს და მისი სტრატეგია და მიზანი უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მომავალი მაინც ბუნდოვანია. თალიბანთან მოლაპარაკებები ჯერ ისევ გაყინულია, იქაურ სამხედრო ძალებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ გაუმკლავდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, კრიზისში ჩაძირულ ევროპის ქვეყნებს ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირება სურთ. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთისთვის განკუთვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება გააუქმა, ნაჯიბულას რეჟიმი რამდენიმე თვეში დაემხო. ეთნიკურად მრავალფეროვან ავღანეთში, NATO-ს ჯარების გამოსვლასთან ერთად, იმავე სცენარის განვითარება სულაც არაა გამორიცხული.

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ავღანეთში NATO-ს დარჩენის წინააღმდეგი იყო, ალიანსის წევრებს განუცხადა, რომ ფრანგული შენაერთები ქვეყანას ამ წლის ბოლომდე დატოვებენ. ამერიკის და გერმანიის წნეხის მიუხედავად, ოლანდმა თავის საარჩევნო დაპირებებს არ უღალატა. ანგელა მერკელის განცხადება, რომ ავღანეთს ალიანსის წევრები ერთად დატოვებდნენ, არ გამართლდა. ასევე წინასაარჩევნო გათვლას ჰგავს ობამას გადაწყვეტილებაც, მოკლე დროში ავღანეთი ნაწილობრივ დატოვოს.

სამიტი ახალი წევრების მიღებას არ ითვალისწინებდა, თუმცა ჩიკაგოს დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს, ბოსნიის, მაკედონიის და მონტენეგროს მისწრაფებას, შეუერთდნენ NATO-ს. ორგანიზაცია მოუწოდებს აღნიშნულ ქვეყნებს, არჩეული გზა გააგრძელონ და ჰპირდება, რომ ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2012 წლის სამიტი ექსპერტთა ნაწილისთვის იმის დასტური იყო, რომ მისი, როგორც გლობალური უსაფრთხოების დამცველის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდა. თუმცა, მაშინ როდესაც NATO-ს სამხედრო შენაერთები ავღანეთს ტოვებენ და სირიაში დაპირისპირება გრძელდება, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ორგანიზაციის როლი მომავალში.

 

 

კომენტარები