ნარკოპოლიტიკა

პარლამენტი ორ კანონპროექტს განიხილავს

'ავტოსადგომზე მდგომი ბიჭებიდან არცერთი არ იყო 21 წლის, მაგრამ მათ ნებისმიერი არალეგალური ნარკოტიკის შოვნა შეეძლოთ. ისინი ხშირად მთხოვდნენ სუპერმარკეტში ლუდის ყიდვას... „ჩვენთვის ჯერ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების შეძენა'. რა იწვევს ასეთ პარადოქსულ სიტუაციას? პასუხი ძალიან მარტივია – ლუდი და სიგარეტი კანონიერი პროდუქტებია, მათ გამყიდველებს ყოველთვის აქვთ ლიცენზია. ისინი ამით თავს ირჩენენ, ამიტომ ისეთს არაფერს გააკეთებენ, რაც ამ ლიცენზიას დააკარგვინებს”.

ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა ჯეკ კოულმა 2006 წელს ტაილანდში გამართულ კონფერენციაზე – „პოლიცია და ზიანის შემცირება”. კოული 26 წელი მუშაობდა ნიუ-ჯერსის სამძებრო პოლიციაში, აქედან 12 წლის განმავლობაში უაღრესად სარისკო დავალებებს ასრულებდა: ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის ნარკომაფიაში ჩანერგილი აგენტი იყო. ამჟამად პენსიაზე გასული კოული კატეგორიულად აცხადებს: „შეწყვიტეთ უაზრო ომი ნარკოტიკებთან”.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში სერიოზული წინააღმდეგობების დანახვაც შეიძლება – კოულისვე მონათხრობიდან აშკარაა, რომ მოზარდები მესამე პირის დახმარებით ადვილად ახერხებდნენ ალკოჰოლური სასმელების შეძენას. ეს გარემოება მით უმეტეს გასათვალისწინებელია ჩვენთან, სადაც ბოლო დრომდე ლეგალური და არალეგალური პროდუქტების ბრუნვა ერთნაირად არაკონტროლირებადი იყო.

უკვე სამ წელზე მეტია, პარლამენტში განსახილველადაა შეტანილი „ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის” 2 ვარიანტი. როგორც ჩანს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ძველი კანონი შეიცვლება, კანონმდებლებს ამისკენ უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

კანონპროექტის მესამე ვარიანტის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი. ზიანის შემცირების ქსელის და ორგანიზაცია ალტერნატივა-გეორგიას მთავარი იურისტი ნინო ბალანჩივაძე ამბობს, რომ ეს თანამშრომლობის და კოორდინაციის კარგი დასაწყისია, თუმცა ლიბერალიზაცია მცირედით ხდება. სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ წლების წინ პირველი, უფრო ლიბერალური კანონპროექტის შეტანის ინიციატორები. ბალანჩივაძის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ანიჭებენ უპირატესობას: „ახალი კანონპროექტი ამ გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ სერიოზულ ცვლილებებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როცა რაღაც ძვრებს დავინახავთ, მაშინ ვიტყვით, რომ ცივილიზებულ სამყაროში ადაპტირებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გზაზე ვდგავართ”.

ცივილიზებული ქვეყნების ნარკოკანონმდებლობიდან გამომდინარე, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ნაწილობრივი ლიბერალიზაცია ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის შედარებით ეფექტური გზაა. 100 წლის წინ აშშ-ში არცერთი ნარკოტიკი ფედერალურად უკანონოდ არ ითვლებოდა. 1914 წელს დაადგინეს, რომ მოსახლეობის 1,3% ნარკოდამოკიდებული იყო და მიიღეს ჰარისონის ანტინარკოტიკული აქტი. 56 წლის შემდეგ, მიზეზად, რომელიც ნარკოტიკებთან ახალი ომის დაწყებას გაამართლებდა, ისევ მოსახლეობის 1,3%-ის ნარკოდამოკიდებულება გამოცხადდა (მაშინ ნარკოტიკებთან ბრძოლაში თითქმის ტრილიონი დოლარი ჩაიდო და 38 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს).

ჰოლანდიაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკი 1976 წლიდან ლეგალიზებულია, დამამთავრებელ კლასებში ნარკოტიკის მოხმარების კვლევებმა აჩვენა, რომ ის მოზარდთა 28%-ს ჰქონდა გასინჯული. ხოლო 2003 წელს აშშ-ში, სადაც მარიხუანა „ეშმაკეულ მცენარედაა” აღიარებული, იმავე ასაკში ეს მაჩვენებელი 41% იყო.

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ქვეყნის კონტექსტიც: მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ნარკოლოგიური მომსახურების დარგში არსებული ობიექტური პრობლემები და ბოლოს, სუბიექტური ფაქტორებიც – იდეოლოგიური მომენტები და საზოგადოებრივი აზრის განწყობა.

ახალი კანონპროექტის ლიბერალიზაციის ხარისხს ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები სხვადასხვანაირად აფასებენ. ექსპერტთა უმეტესობა, გარკვეული მინუსების მიუხედავად, კანონის ახალ ვარიანტს მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

ნარკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი გამყრელიძე კანონპროექტის ღირსებად იმას თვლის, რომ იცვლება კონტროლირებად ნივთიერებათა სიები და სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს კონვენციების სტანდარტებთან. იხვეწება ლეგალური ბრუნვის წესები, შემოდის საჯარო მოხელეების პერიოდული შემოწმების პრინციპი, ივსება ახალი სინთეტური ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები, რომლებსაც 100-ზე მეტი ახალი ნივთიერება დაემატა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ისაა, რომ ნარკოდანაშაულზე ჯარიმებიდან და საპროცესო გარიგებებიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებას და შემდგომ დაფინანსებას მოხმარდება. ეს, სავარაუდოდ, ნარკოლოგიური დახმარების განვითარებული ინფრასტრუქტურის შექმნას გამოიწვევს. ახალ კანონში აისახება მკურნალობის, როგორც სასჯელის ალტერნატივის შესაძლებლობა.

ბოლო პერიოდის ცვლილებებიდან აგრეთვე მნიშვნელოვანია „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს” შექმნა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. საბჭოს ერთ-ერთი მიზანია ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა.

ექსპერტთა უმეტესობა კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო პუნქტად მიიჩნევს 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილობრივ ცვლილებას, რომლის თანახმადაც შპრიცში ნარკოტიკის კვალის აღმოჩენაც კი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვას უტოლდებოდა და ისჯებოდა 7-დან 14 წლამდე ვადით. ახალი კანონის თანახმად, დგინდება მცირე დოზა – ჰეროინის 0,02 გ. და მეტადონის შემთხვევაში 2-4 დოზა – რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი გზის ხელმძღვანელი დალი უშარიძე აღნიშნავს, რომ ამ პუნქტს მკვეთრად დისკრიმინაციული ხასიათი აქვს, რადგან მცირე დოზა არ დადგენილა საქართველოში ყველაზე პრობლემური პრეპარატების – კუსტარულად დამზადებული ამფეტამინების (ვინტი, ჯეფი), „კრაკადილის” და ჯანმრთელობისთვის უკიდურესად დამანგრეველი სხვა ნივთიერებების მიმართ. ეს გარემოება განსაკუთრებით ურტყამს ღარიბ ნარკომომხმარებლებს, რადგან აფთიაქში ლეგალურად ნაყიდი პრეპარატებისგან დამზადებული კუსტარული ნარკოტიკი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შავი ბაზრიდან ფაქტობრივად გამქრალი ჰეროინი, მეტადონი და სხვა ოპიატები.

ამ პუნქტის გასამართლებლად ავტორები აცხადებენ, რომ კუსტარული პრეპარატები დღეს გაცილებით დიდ ზიანს იწვევს, ვიდრე ჰეროინი და მეტადონი, რომელთა ბრუნვაც მინიმალურია. ამიტომ, მათი აზრით, ამ ოპიატებთან დაკავშირებით გარკვეული ექსპერიმენტული მიდგომა უნდა განხორციელდეს, ხოლო კუსტარულ პრეპარატებზე მკაცრად რეპრესიული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია.

უშარიძის აზრით, ილუზიაა, რომ საქართველოში მკაცრმა რეპრესიულმა პოლიტიკამ რამე დადებითი შედეგი მოიტანა. მისი თქმით, მოხმარებამ თითქოს იკლო, მაგრამ ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი არ შემცირებულა. განსაკუთრებით მძიმე დამოკიდებულების მქონეები კი ისეთი პრეპარატების მოხმარებაზე გადავიდნენ, რომელთაც ექსპერტიზა ვერ ადგენს, მაგრამ განსაკუთრებით დამანგრეველია ორგანიზმისთვის და ფსიქიკისთვის.

ასევე ფიქრობს ამიერკავკასიაში ერთადერთი ნარკოდამოკიდებულთა თვითდახმარების ორგანიზაციის, ახალი ვექტორის ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავაც. მისი აზრით, აუცილებელია, განისაზღვროს მცირე დოზა ყველანაირ ნარკოტიკზე: „ზიანის შემცირების პროგრამებს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს და გლობალური ფონდიდანაც ფინანსდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – შპრიცების გაცვლის ფუნქციონირებას, რადგან ნახმარი შპრიცის საუტილიზაციოდ წაღებას და მის ნაცვლად ახლის მიღებას არავინ გარისკავს, როცა მისი აღმოჩენის შემთხვევაში 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება”.

ლაბარტყავას აზრით, ლიბერალიზაციის ტენდენცია შეინიშნება, მაგალითად, ჯარიმებიდან ამოღებული თანხების ნაწილის მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფაში, მაგრამ სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი. ნარკოდამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და, შესაბამისად, რემისიის და მწვავე პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება. როგორც ყველა ქრონიკული დაავადება, ის არ იკურნება იზოლაციით: „გაეროს მაღალი ტრიბუნებიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის, რომ ნარკომანიასთან 40-წლიანი ომი წაგებულია და კოლოსალური თანხები წყალშია გადაყრილი. ამიტომ ცივილიზებულ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებულია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებით – ზიანის შემცირების და მკურნალობა-რეაბილიტაციის გზით ნარკოდამოკიდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიღწევა. რესოციალიზაცია მთლიანად საზოგადოებისთვისაა სასარგებლო, რადგან ამ ადამიანების პროფესიონალური რესურსები არ დაიკარგება. ისტორიულად ცნობილია – მრავალი ნარკოდამოკიდებულის განსაკუთრებულმა უნარებმა მსოფლიოს ბევრი ღირებული აღმოჩენა მისცა”.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია ბემონის ხელმძღვანელი თამარ სირბილაძე თვლის, რომ მიუხედავად მოხმარების დეკრიმინალიზაციის გადადებისა, ეს სიახლე მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. პროგრესულია ჯარიმებიდან ამოღებული თანხების მკურნალობაზე გამოყენება. გარდა ამისა, კანონში ჩადებული მომენტები უშვებს შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც, მთავარი კი ისაა, რომ ამ თემაზე სერიოზული, კოორდინირებული ფიქრი და მუშაობა დაიწყო.

კომენტარები