აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერზე, ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს.
Ekhokavkaza.com - ის ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება ელდარ ჭითანავაა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. სააგენტოს ცნობით, მას ბრალი უკვე წაუყენეს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობაც მიუსაჯეს.
ჭითინავას აგრეთვე, ბრალად ედება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის პირადი დაცვის ორი წევრის რემზიკ ცუგბასა და თენგიზ პანდარიას მკვლელობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ამ დრომდე ეჭვმიტანილების სტატუსით ოთხი პიროვნება იყო დაკავებული.
ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თემურ ხუტაბამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო. სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა კიდევ ერთმა პიროვნებამ - ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა.




