აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა და მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველი ადგილი ხმათა 28.6 პროცენტით სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა დაიკავა, მეორეზე კი მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი გავიდა 27.2 პროცენტით. 6 მაისს, არჩევნების მეორე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მესამე ადგილზე რადიკალური მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდა. მან პროგნოზებს გადააჭარბა, ხმათა 17.9 პროცენტის მოგროვება შეძლო და საკუთარი მამის, ჟან-მარი ლე პენის რეკორდი გააუმჯობესა – 2002 წელს მიღებული ხმათა 17%. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მაშინ ნაციონალური ფრონტის ლიდერი მეორე ტურში გავიდა, სადაც ჟაკ შირაკთან დამარცხდა.
მეოთხე ადგილი დაიკავა რადიკალმა მემარცხენემ ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელიც კოალიცია მემარცხენე ფრონტის კანდიდატი იყო. მის პოლიტიკურ ბლოკში კომუნისტებიც შედიოდნენ. რევოლუციურმა რიტორიკამ მელანშონს ხმათა 11% მოუტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მარინ ლე პენი და მელანშონი ერთმანეთის გალანძღვას არ თაკილობდნენ. მათი დაპირისპირება პირველი ტურის ერთ-ერთი ინტრიგა იყო. მეხუთეზე გავიდა ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ 9 პროცენტით. დანარჩენმა ხუთმა კანდიდატმა ჯამში 6 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ რადიკალმა კანდიდატებმა (ლე პენი და მელანშონი) ჯამში 29% მოაგროვეს – მეტი, ვიდრე ოლანდმა ან სარკოზიმ. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა მიიღო.
მეორე ტურისთვის სარკოზი ოლანდს ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში ჩამორჩება. მათ შორის სხვაობა დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის (1958) 8 პრეზიდენტიდან 3 პირველ ტურში დამარცხდა, მაგრამ მაშინ ოპონენტებს შორის ასეთი სხვაობა არ იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ოლანდი მეხუთე რესპუბლიკის მხოლოდ მეორე პრეზიდენტი იქნება სოციალისტური პარტიიდან (პირველი ფრანსუა მიტერანი იყო 1981-1995 წლებში). სარკოზი კი გახდება მეორე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე ვადით გაპრეზიდენტება ვერ მოახერხა. პირველი იყო 1981 წელს მიტერანთან დამარცხებული ვალერი ჟისკარ დ’ესტენი.
სარკოზის ორ კვირაზე ნაკლები დრო აქვს ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, თუმცა მიმომხილველთა ნაწილმა ის უკვე ჩამოწერა. პრეზიდენტი ეცდება, მარინ ლე პენისა და ბეირუს ამომრჩევლები მიიმხროს. შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს 5 აუტსაიდერი კანდიდატის ხმები.
არჩევნების დღეს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ლე პენის მხარდამჭერთა 50-60% მეორე ტურში სარკოზის მიემხრობა, 20-25% კი – ოლანდს. ბეირუს ელექტორატის 2/3 ორ დარჩენილ კანდიდატს შორის ხმებს თანაბრად გაყოფს. ოლანდი მელანშონის ელექტორატის ხმებსაც მიიღებს, რადგან მან მეორე ტურში ოლანდს ღიად დაუჭირა მხარი. არ არის გამორიცხული, რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსის მხარდაჭერამ ოლანდს ცენტრისტების ხმათა გარკვეული რაოდენობა დააკარგვინოს.
ოლანდმა მოახერხა არჩევნების პირველი ტური ანტისარკოზულ რეფერენდუმად ექცია. სარკოზის წარუმატებლობის უპირველეს მიზეზად არა მის პოლიტიკურ პროგრამას, არამედ პიროვნულ თვისებებს ასახელებენ. 2007 წელს მან გამარჯვება ფეშენებელურ რესტორანში აღნიშნა, შემდეგ კი მილიარდერი მეგობრის იახტაზეც შენიშნეს და მსხვილ ბიზნესმენთა მეგობრის იარლიყიც მიეკერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი მთავრობის წევრები კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებშიც არიან გარეული. სარკოზის ოპონენტების მტკიცებით, არჩევნები მისი უკანასკნელი შანსია, რომ თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას – საფრანგეთის პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს.
სარკოზის არაპოპულარული გამოხდომები ოლანდის საარჩევნო კამპანიის თემა იყო. სოციალისტური პარტიის კანდიდატი წინასაარჩევნო პერიოდში განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავად ნორმალური პერსონაა. ოლანდის მიერ საკუთარ ნორმალურობაზე გაკეთებულ აქცენტს ჯერჯერობით შედეგი მოაქვს. Sciences Po-ს პროფესორი დომინიკ მუასი ოლანდის კამპანიას საფეხბურთო თავდაცვით ტაქტიკას, კატენაჩოს ადარებს – ოლანდმა თავიდანვე მოახერხა დაწინაურება, შემდეგ კი მისი მთავარი ამოცანა სარკოზისთვის ხელის შეშლა იყო.
სარკოზის შანსი ოლანდთან პირისპირ დებატებია, რადგან ოლანდი სამთავრობო თანამდებობაზე არასდროს ყოფილა და არც კრიზისული სიტუაციების გამკლავების გამოცდილება გააჩნია. მისი კარიერის ყველაზე ექსტრემალური მომენტი იყო 2005 წელს ევროპული კონსტიტუციის პროექტზე შიდაპარტიული დაპირისპირება. სარკოზის ექნება შანსი თავის უპირატესობებსა (ლიდერობის უნარი, პოლიტიკური გამოცდილება, კრიზისული სიტუაციებისთვის თავის გართმევა) და ოპონენტის სისუსტეებს გაუსვას ხაზი. მისი გუნდის წევრები პირველ ტურამდეც აცხადებდნენ, რომ სოციალისტური პარტიის კანდიდატთან დებატებს სულმოუთქმელად ელიან და იმედოვნებენ, რომ მხოლოდ ორი კანდიდატის პირობებში, ამომრჩევლები მათი ღირსებებისა და ნაკლოვანებების უკეთ შედარებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ოლანდის ნორმალური პერსონით აღტაცებული არც მისი ამომრჩევლები არიან. ფრანგების 54% ფიქრობს, რომ სარკოზის ქვეყნის პრეზიდენტობისთვის საკმარისი ავტორიტეტი აქვს, ოლანდის ავტორიტეტში კი მხოლოდ 23 პროცენტია დარწმუნებული. ფრანგების 49% მიიჩნევს, რომ სარკოზის შეუძლია რთული გადაწყვეტილებების მიღება. ოლანდის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 23 პროცენტია. ფრანგთა 41% თვლის, რომ სარკოზის შეუძლია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ოლანდის იმედი 27 პროცენტს აქვს.
ოლანდი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სარკოზის ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას აპირებს. ეს უკანასკნელი 2007 წელს საფრანგეთს რადიკალურ ცვლილებებს დაჰპირდა. მან ფრანგებს განუცხადა, რომ თუ უკეთესად ცხოვრება სურთ, მეტი უნდა იმუშაონ. სარკოზიმ ფრანგების მკაცრად რეგულირებული სამუშაო გრაფიკი შეარბილა – გაუქმდა შეზღუდვები ზედმეტ სამუშაო საათებზე, გაუქმდა გადასახადები სამუშაო დროის გადაჭარბებისას გამომუშავებულ შემოსავალზე. სარკოზიმ საფრანგეთის საპენსიო სისტემის რეფორმაც დაიწყო. 1945 წელს 8 დასაქმებულ ფრანგს უწევდა 1 პენსიონერის უზრუნველყოფა. ამჟამად კი ორ მომუშავე ადამიანზე 1 პენსიონერი მოდის. ამასთანავე, 1945 წელთან შედარებით სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 წლით გაიზარდა. სარკოზიმ საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე გაზარდა.
სარკოზის რეფორმები მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა. საფრანგეთის საჯარო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 90 პროცენტს მიაღწია, უმუშევრობა 10 პროცენტს მიუახლოვდა, 2012 წლის დასაწყისში კი ამერიკულმა ფინანსური მომსახურებების კომპანია Standard & Poor’s-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი კატეგორიიდან ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა. კრიზისს სარკოზის სანახევროდ გატარებულმა რეფორმებმა ვერ უშველა.
ოლანდს სურს, საპენსიო ასაკი ისევ 60 წლამდე ჩამოსწიოს. ის გადასახადების გაზრდასაც აპირებს – ფრანგები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150,000 ევროს აღემატება, შემოსავლის 41 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფოს 45%-ს გადაუხდიან. ის აპირებს, რომ 75 პროცენტამდე გაუზარდოს გადასახადი მათ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 1 მილიონ ევროს აჭარბებს. ოლანდის ამ პუნქტს სარკოზიმ პოპულისტური უწოდა. მდიდარი ფრანგები, მაღალი გადასახადების გამო, თავიანთ კაპიტალთან ერთად ტოვებენ საფრანგეთს. მეორე მხრივ, წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი ამომრჩეველთა 0.01 პროცენტს აქვს, შესაბამისად, ოლანდის რეფორმა რეალურად მხოლოდ რამდენიმე ათას ადამიანს შეეხება, არჩევნებზე კი რამდენიმე პროცენტი შეიძლება მიიმხროს.
მიუხედავად საფრანგეთის მზარდი საჯარო ვალისა, ოლანდს არც ქამრის შემოჭერის პოლიტიკის განხორციელება სურს. ამ გადაწყვეტილებით პოტენციური ინვესტორები მოხიბლული ვერ დარჩებიან. სოციალისტური პარტიის ლიდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ასწევს მინიმალურ ხელფასს და განათლების სისტემაში 60,000 მასწავლებელს დაასაქმებს.
ოლანდი ევროპის ფისკალური აქტის გადახედვასაც აპირებს – შეთანხმებაში მინიმალური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების პუნქტის ჩადება სურს. აქტზე მოლაპარაკებების განახლება მის რატიფიკაციას ჩააგდებს.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს ეკონომიკური კრიზისის გამო მანევრირების შეზღუდული საშუალება ექნება. შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილის შესრულებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს.
ოლანდის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ცვლილებები იქნება საგარეო პოლიტიკაშიც. სავარაუდოდ, ოლანდი სარკოზიზე ნაკლებად აქტიური იქნება. დაიშლება სარკოზისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ევროპული დუეტი (მერკოზი). სარკოზიმ და მერკელმა ევროკავშირისა და ევროზონის ლიდერობა იტვირთეს და მათი თანამშრომლობა ევროზონის კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში საკვანძო იყო. მერკელი სარკოზის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ღიად უჭერდა მხარს, თუმცა ოლანდის გაპრეზიდენტება მერკელთან ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. გერმანიის იგნორირებას საფრანგეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს. ოლანდმა განაცხადა კიდეც, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბერლინში იქნება.
სარკოზის მთელი თავისი გამოცდილების გამოყენება მოუწევს ოპონენტის დასამარცხებლად. შესაძლოა, მეორე ტურის წინ აუტსაიდერის იმიჯმა მის წისქვილზე დაასხას წყალი. საპრეზიდენტო მარათონს 6 მაისს დაძაბული ფინალი დააგვირგვინებს.