პარლამენტი

სულეიმანოვი: საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა გაუმართლებელია

აზერ სულეიმანოვი აცნობიერებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა გაუმართლებელია. მისი განცხადება ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაშივე სულეიმანოვი ბაღათურიას ეროვნებათშორის შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს.  

დღეს პარლამენტში ”ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ბაღათურიამ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს აქვთ უფლება საქართველოს სომეხთა გენოციდის აღიარება მოსთხოვონ. გამოსვლაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა აზერ სულეიმანოვს. ჩხუბის დასრულების შემდეგ სულეიმანოვმა განაცხადა: ”სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი, თავის სომხურ აზრზე დარჩა.”

სულეიმანოვის კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ოპონენტის კრიტიკისას მისი ეთნიკური წარმომავლობის მოხსენიება.

განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მისი თქმით, ასეთი ფაქტები საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას. მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს შორის გახშირდა ამ ტიპის განცხადებების გამოყენება.

 

კომენტარები