ბაქო

ეუთომ დაგმო აზერბაიჯანში ჟურნალისტების ცემის ფაქტი

 

ეუთომ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანში 18 აპრილს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტები დაშავდნენ.

კომპანია ”სოკარის’’ დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებსა და ბაქოს გარეუბნის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ.

სასტიკად ნაცემი ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იდრაკ აბასოვი ბაქოს კლინიკურ ცენტრში გადაიყვანეს. აბასოვს ტვინის შერყევა და სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება. იდრაკ აბასოვის გარდა დაშავებულია კიდევ ოთხი ჟურნალისტი.

ჟურნალისტები აშუქებდნენ დაპირისპირებას, რომელიც კომპანია ,,სოკარის’’ მიერ იმ სახლების ნგრევას მოჰყვა, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით,  ბაქოს გარეუბანში, მათ  კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ იყო აშენებული. ადგილობრივი მოსახლეობისა და კომპანიის თანამშრომლების დაპირისპირების გადაღებისას ჟურნალისტების ცემის ფაქტი დაგმეს კომპანია ”სოკარშიც’’, თუმცა აღნიშნეს რომ ძალადობა ჟურნალისტებმა წაახალისეს.

ინციდენტს გამოეხმაურნენ უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები. მედიის თავისუფლების ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ 2012 წლის დასაწყისისთვის, აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის 30 ფაქტია გამოვლენილი.

 

კომენტარები