შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ეხება - სასაზღვრო წარმომადგენლის – სასაზღვრო კომისრის დებულების დამტკიცებას - საქართველოს საზღვრებზე სასაზღვრო კომისრები იმუშავებენ.
დებულების თანახმად: საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად, სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად და სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით” გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე წარმომადგენლებად ინიშნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები, რომელზეც ინიშნებიან წარმომადგენლები, განისაზღვრება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით. წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიცია.
წარმომადგენლები მათზე დაკისრებული საქმიანობის წარმართვის მიზნით, უფლებამოსილების ფარგლებში: განახორციელებენ კონტროლს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვაზე და მიიღებენ ზომებს დარღვევის აღმოსაფხვრელად; ისინი გაატარებენ აუცილებელ ზომებს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმთან დაკავშირებული საერთაშარისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესასრულებლადაც.




