იტალია

რა ელის ჩრდილოეთის ლიგას ბოსის შემდეგ

იტალიის ოპოზიციური ძალის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი უმბერტო ბოსი ფინანსური სკანდალის გამო გადადგა და საკუთარი გადაწყვეტილება პარტიის იმიჯზე ზრუნვით ახსნა. პოლიტიკური ორგანიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ანალიტიკოსები პარტიის შიგნით ლიდერობისთვის კონკურენციის გაზრდას ელოდებიან.

ლიგის ყრილობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ გაერთიანებას დროებით ლიდერთა „ტრიუმვირატი” უხელმძღვანელებს. მათ შორისაა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტო მარონი. საბოლოოდ, ახალ ლიდერს შემოდგომის ყრილობაზე დაამტკიცებენ.

ბოსის გადადგომის მიზეზი გახდა თაღლითობის, ფულის მითვისებისა და გათეთრების ბრალდებები. მილანის პროკურატურის მტკიცებით, ჩრდილოეთ ლიგისთვის განკუთვნილი გადასახადის გადამხდელების ფულით ბოსის ოჯახის პირადი დანახარჯები დაფარეს. მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუმცა თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

აშკარაა, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკოსისთვის სერიოზული გამოწვევაა. 70 წლის ლიდერი თავისი პარტიის მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენდა. ამის გათვალისწინებით, ბევრი ამტკიცებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ლიგაში კვლავაც მნიშვნელოვან, პარტიის ნომერ მეორე პოზიციას შეინარჩუნებს. თუმცა, მისი გავლენა პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაზე შემცირდება. ექსპერტების აზრით, ეს ამბავი პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდა ლიდერებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

ბოსის პოლიტიკური კარიერა 1980-იანი წლებიდან იწყება, როცა ჩრდილოეთის ლიგის პარტია სეპარატისტულ სლოგანზე დაყრდნობით დააფუძნა. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების ინტერესების დაცვა იყო. ბოსის მტკიცებით, ამ მდიდარი და უკეთესი სამუშაო ეთიკის მქონე რეგიონისთვის ღარიბი, „კორუფციული და ზარმაცი” სამხრეთ იტალია სერიოზულ ტვირთს წარმოადგენდა, ამიტომ ჩრდილოეთის იტალიისგან გამოყოფას და ახალი ქვეყნის, პადანიას შექმნასაც კი მოითხოვდა.

პოპულისტური დაპირებებით, ანტიკორუფციული მოწოდებებითა და სისტემური ცვლილებების მოთხოვნით, პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირება მოახერხა. 1996 წლის არჩევნებში პარტიამ ხმათა 10%-ის მოგროვება შეძლო და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მთავრობის უმცროსი პარტნიორიც გახდა.

პოლიტიკური წარმატების პარალელურად, პარტია იდეოლოგიურ შეხედულებებს თანდათან არბილებდა. დამოუკიდებლობის ნაცვლად, იგი უკვე ავტონომიისა და ფისკალური ფედერალიზმის მოთხოვნითაც კმაყოფილდებოდა. იდეოლოგიურმა შერბილებამ და უკანასკნელმა სკანდალმა ეჭვქვეშ დააყენა პარტიის საკუთარი იდეებისადმი ერთგულება – გაჩნდა ბრალდება, რომ ორგანიზაციამ უარი თქვა მცირე ბიზნესის ინტერესების დაცვაზე და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაზე ფიქრობდა. კორუფციასთან სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ის თვითონ აღმოჩნდა ფულის მითვისებაში ჩართული.

ჩრდილოეთის ლიგის იმიჯს ზიანი მიაყენა სილვიო ბერლუსკონის სამთავრობო კოალიციაში ყოფნამ. პარტია ხომ ბერლუსკონის ბოლო სამი მთავრობის უმცროსი პარტნიორი იყო. სწორედ ბერლუსკონისთან თანამშრომლობას უკავშირებენ რეიტინგის ბოლოდროინდელ ვარდნას – 2008 წელს ლიგას ამომრჩეველთა 8%-მა მისცა ხმა.

დღეს ლიგა მთავარი ოპონენტია ახალი ტექნოკრატიული მთავრობისა, რომელსაც ბევრი მტკივნეული რეფორმა აქვს გასატარებელი. ამომრჩეველს ეს მის წინააღმდეგ განაწყობს, რაც ჩრდილოეთის ლიგისთვის მომგებიანი იქნება. ამასთან ერთად, პარტიის მმართველ „ტრიუმვირატში” ახალგაზრდა ლიდერების ფრთის წარმომადგენლის, რობერტო მარონის გამოჩენა ლიგის შიდა რეფორმების იმედს იძლევა.

კომენტარები