ფოკუსი

მოჯადოებული წრე

 ომში შესაძლოა ერთხელ მოკვდე, პოლიტიკაში – მრავალჯერ, ამბობდა ჩერჩილი. პოლიტიკური სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას თუ საარჩევნო ბარიერზე გავავლებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ადგილობრივ სპექტრში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ცოცხლობს – ნაციონალური მოძრაობა (47%) და ბიძინა ივანიშვილის კოალიცია (10%), ხოლო მესამე – ქრისტიან-დემოკრატიული პარტია – სულს ღაფავს (3%). სხვა პარტიები აღარ არსებობენ – ჩერჩილის არ იყოს – შესაძლოა, დროებით.

ასეთ სურათს გვთავაზობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

ეს ორგანიზაცია უკვე ოთხი წელია ექვს თვეში ერთხელ ატარებს მსგავს გამოკითხვას. შედეგების გამჟღავნებას მუდამ პოლიტიკური ჟრიამული ახლავს თან. ხმაურის მიზეზი ყოველთვის ერთია: ორგანიზაცია თავად კი არ აქვეყნებს კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს ეხება, არამედ პარტიებს წარუდგენს და შემდეგ, ისინი აწვდიან პრესას ინფორმაციას. ასე იწყება აურზაური – ბუნებრივია, კვლევის რეზულტატი ყველასთვის სასიამოვნო ვერ იქნება. საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ზოგიერთი პოლიტიკური პარტია შედეგებით მანიპულირებს. სიტუაციას მედიის ცალკეული წარმომადგენლების არაკომპეტენტურობაც ამძიმებს. უკმაყოფილოთა რადიკალური ფრთა, როგორც წესი, კვლევის დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის კუპრის წასმას და მათ ძელზე გასმას ითხოვს. უფრო „ჰუმანურები” საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების და მათი დამკვეთების ქვეყნიდან გაძევებასაც სჯერდებიან.

ამ ფონზე, გაუგებარია რატომ არ შეიძლება ყველაფერი მარტივად გადაწყდეს – დამკვეთმა თავად გამოაქვეყნოს სრული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პოლიტიკას იმით ხსნიან, რომ რეიტინგები პარტიების შიდა მოხმარებისთვის კეთდება, რათა მათ თავიანთი საარჩევნო სტრატეგია უკეთ განსაზღვრონ – თუმცა ფაქტია, რომ არჩევნებში პარტიების გარდა ამომრჩეველიც მონაწილეობს და მას კანდიდატებზე არანაკლებ სჭირდება ამ ტიპის მონაცემები ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.

რაც შეეხება თავად შედეგებს, ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ძალთა ბალანსი ქართულ პოლიტიკაში არსებითად არ შეცვლილა. ნაციონალური მოძრაობა სტაბილურად ინარჩუნებს მდგომარეობას – მას დაახლოებით იმდენი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, რამდენიც 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჰყავდა. ერთადერთი, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში იცვლება – ოპოზიციის ლიდერებია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ ხან ლევან გაჩეჩილაძეზე ამყარებდნენ იმედებს, ხან ირაკლი ალასანიას ელოდნენ და ახლა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას.

ამ ოთხი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევები და არჩევნების შედეგები იმასაც უჩვენებს, რომ ოპოზიცია თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადის – ყოველი ახალი ლიდერის რეიტინგი მეტეორივით იწყებს აღმასვლას, მაგრამ არა მმართველი პარტიის მხარდამჭერების, არამედ დანარჩენი ოპოზიციური ჯგუფების ხმების კანიბალიზების ხარჯზე. თუმცა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ბიძინა ივანიშვილი იმ ხმების მხოლოდ ნახევარს აიღებდა, რაც ორი წლის წინ, ადგილობრივ არჩევნებზე მის კოალიციაში შემავალმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა – ალიანსმა, მრეწველებმა და ეროვნულმა საბჭომ – მოიპოვეს ერთად.

ამ ძალების რეიტინგების ვარდნა, მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენამდე დაიწყო. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დაკვეთილი კვლევის მიხედვით, 2011 წლის მარტში, თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი 4%-მდე დაეცა. რესპუბლიკელები ალასანიაზე უკან აღმოჩნდნენ მათ ამჟამინდელ მოკავშირესთან – ეროვნულ ფორუმთან ერთად, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ივანიშვილის ფინანსურმა რესურსმა და ქველმოქმედის რეპუტაციამ ოპოზიციის ნაწილს აღორძინების იმედი გაუჩინა. ისინი ფიქრობენ, რომ მილიარდერის აქტივები საკმარისია მმართველი პარტიის დასამარცხებლად და ამისთვის საკუთარი ნაკლის აღმოფხვრა, შეცდომების გამოსწორება საჭიროებას არ წარმოადგენს. მსგავს განწყობას ახალბედა პოლიტიკოსიც იზიარებს – მართალია, სცენარი და მოქმედი პირები თითქმის იგივეა, რაც შარშან და შარშანწინ, მაგრამ ის რატომღაც მოელის, რომ ამჯერად მაინც, „შედეგი იქნება უზარმაზარი”.

ერთადერთი, რაც ივანიშვილს ასეთი თავდაჯერებულობის საფუძველს აძლევს, საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენაა. ეს თვალნათლივ ჩანს კიდეც. მაგალითად, როდესაც ივანიშვილი საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ სხვა ქართველი პოლიტიკოსების შეცდომებს არ გაიმეორებს, ერთადერთ არგუმენტად საკუთარი „ადამიანობა, განვლილი ცხოვრება და ხელწერა” მოჰყავს. ქართული პოლიტიკა ეგომანიაკი ლიდერებით ისედაც განებივრებულია, მაგრამ პოლიტიკაში ასეთი ექსცენტრულობით შემოსული სუბიექტი, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართლაც „გააკვირვებს ევროპას”.

თუმცა, ჯერჯერობით კვლევები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილმა, ოპოზიციის წინა ბელადებივით, ახალი ხმების მოზიდვის

ნაცვლად, ოპოზიციისვე ხმები შეჭამა.

საქმე ისაა, რომ რიგით ამომრჩეველს ქართული ოცნება არაფერს სთავაზობს ისეთს, რაც მას, მაგალითად, ეროვნული საბჭოსგან ან ალიანსისგან გამოარჩევდა. საზოგადოებამ იხილა, რომ ეს გაერთიანებები არჩევნებში დამარცხებისთანავე დაიშალა – ან კი როგორ უნდა მომხდარიყო სხვაგვარად, როდესაც წევრ პარტიებს სახელმწიფო მოწყობაზეც კი არ გააჩნდათ ერთიანი ხედვა – ერთი საპრეზიდენტო მოდელს ანიჭებდა უპირატესობას, მეორე – საპარლამენტოს, მესამე – მონარქიას, ხოლო მეოთხე – ღმერთმა უწყის რას.

თავის დროზე ირაკლი ალასანიამ მისი კოალიციის დაშლა იმით ახსნა, რომ ოთხი დამოუკიდებელი სუბიექტისგან შემდგარ ალიანსში „ყველა საკითხზე პოლიტიკური დისციპლინის შენარჩუნება იოლი არ იყო”. ამ ლოგიკით, „პოლიტიკური დისციპლინის” პრობლემა ქართულ ოცნებაშიც უნდა დადგეს – ისიც ოთხი პარტიისგან და კიდევ უფრო მეტი ამბიციური პოლიტიკოსისგან შედგება. მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ეს გაერთიანება თანასწორი სუბიექტების პარტნიორობას კი არ ეფუძნება, არამედ ბატონყმურ ურთიერთობაზეა აგებული. სწორედ იმის გამო, რომ „მეოცნებეები” ივანიშვილის კმაყოფაზე არიან, უდრტვინველად იტანენ ისეთ აგდებულ დამოკიდებულებას, როგორსაც თოჯინებიც არ პატიობდნენ ყარაბას-ბარაბასს. ამის მაგალითად, თუნდაც რესპუბლიკელებისადმი მისი მოპყრობა გამოდგება. ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობისას, როგორც წესი, პარტნიორები ერთმანეთის შესახებ აზრებს ასავალ-დასავალის მეშვეობით არ ცვლიან. არც ისაა ნორმალური, ერთის მიერ ქსენოფობიისთვის საჯაროდ გაკიცხული და გარიცხული წევრი (მურმან დუმბაძე), მეორემ რეგიონულ ლიდერად დანიშნოს.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილის კოალიციის ან მანამდე არსებული პოლიტიკური გაერთიანებებისთვის მთავარი დაბრკოლება შიდაპარტიულმა ურთიერთობებმა ან საერთო ხედვის არქონამ შექმნა.

პრობლემა ისაა, რომ ვარდების რევოლუციიდან დღემდე, ვერცერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო ერთდროულად ორი პირობა დაეკმაყოფილებინა: ა) სწორად გაეგო რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი დაკვეთა; ბ) დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას ამ დაკვეთის შესრულების უნარი შესწევს.

იგივე შეცდომა დაუშვა ივანიშვილმაც – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა არსებული კურსით კმაყოფილია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი გზით ვითარდება და, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველს არაფრის შეცვლა სურს და ყველაფრით აღფრთოვანებულია.

საზოგადოების ასეთი განწყობის პირობებში ლოგიკური იქნებოდა, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მიერ დაწყებული გზის გაგრძელება და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეეთავაზებინა.

როგორც ჩანს, მილიარდერმა საზოგადოების განწყობა ყურად არ იყო, ან დასკვნები „ბეჭდვითი მედიის გამოკვეთილი ლიდერის” – ჭეშმარიტად ეროვნული პოზიციების მქონე ასავალ-დასავალის კითხვის შედეგად გამოიტანა და გადაწყვიტა, რომ „სამშობლო ეკარგება”. ასეთი რიტორიკა მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედის განწყობას ეხმიანება, რომელიც ამავე კვლევის მიხედვით თვლის, რომ ქვეყანა ან საერთოდ არ ვითარდება, ან არასწორი გზით მიდის, ხელისუფლება კი მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს.

გამოცდილება მოწმობს, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არსებული პოლიტიკის გაგრძელება და გაუმჯობესება უნდა, რადიკალური რიტორიკა აფრთხობს და უჩენს განცდას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა სხვა მიმართულებით წავა. ამ ტიპის ამომრჩეველი, შეიძლება ხელისუფლების ნაკლსაც კარგად ხედავს, მაგრამ რაკიღა მისთვის სასურველი ალტერნატივა არ არსებობს, ხმას ისევ „შეჩვეულ ჭირს” აძლევს.

ვიღაცისთვის, მაგალითად ზვიად ძიძიგურისთვის, “ბრძოლა დღესვე” სტრატეგია და ამომრჩევლის შეურიგებელ მეოთხედზე ფოკუსირება, რაციონალური არჩევანია. მას არ აქვს იმის რესურსი, რომ ნაციონალურ მოძრაობას გაეჯიბროს და ამომრჩევლის იმ სეგმენტისთვის იბრძოლოს, რომელიც არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს. მაგრამ რესპუბლიკურ პარტიასთან ან თავისუფალ დემოკრატებთან კონკურენციას იოლად გაუძლებს. შეურიგებელი ამომრჩეველი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტში ან თვითმმართველობის ორგანოში მოხვდეს, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს და სიტუაციიდან დამატებით იხეიროს, თუ მმართველ ძალას პოზიციები შეერყევა. ნებისმიერი არჩევნები ამ ტიპის პოლიტიკური ძალისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია და შესაძლოა ამითაც აიხსნება ის ისტერიულობა, რასაც მათ რიტორიკაში ვაწყდებით.

მაგრამ რაც ეპატიება ხარს, არ ეპატიება იუპიტერს. ანუ ის, რაც მიესადაგება თვითგადარჩენაზე ორიენტირებული მარგინალური ჯგუფის ინტერესებს, არ შეეფერება საქართველოს ბიუჯეტისხელა სიმდიდრის მფლობელ ივანიშვილს. თუმცა რა გვიკვირს ადამიანისგან, რომელიც ინტელექტუალურ საზრდოს მენცარისგან იღებს. როგორც მისი წარმოდგენები მედიაზე არ ცდება „ბატონი აქუს” – „ერუდირებული, ანალიზის შესანიშნავი უნარის მქონე ჟურნალისტის” – მასშტაბს, ისე მისი პოლიტიკური აზროვნება ტრიალებს ბესელიას გარშემო.

ასეთი მიდგომებისა და გარემოცვის პირობებში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგები უცნაური სულაც არ არის. მაგრამ ივანიშვილს ამის დაჯერება უჭირს და იმის ნაცვლად, რომ კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ პოლიტიკურ დებიუტს და შეცდომები გაიაზროს – არაადეკვატურად რეაგირებს და ტრაგედიას ქმნის.

ქართული ოცნების ლიდერის მოქმედებები კარგად ეწერება ცნობილ თეორიაში გლოვის ხუთი სტადიის შესახებ, რომელიც რეალობის უარყოფით იწყება. შემდეგ ბრაზში გადადის – ამ დროს ცხელ გულზე შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირად შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულო. არ მიხვიდე შეხვედრაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან გაბედა და შენთან ერთად, სხვა, შენთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალებიც მიიწვია. ამავე თეორიის მიხედვით, ბრაზს, კომპრომისების ძიების სტადია მოსდევს, ხოლო შემდეგ სასოწარკვეთის ეტაპი იწყება. ყველაფერი კი სინამდვილესთან შეგუებით მთავრდება.

ბუნებრივია, არ ვიცით რა დროს მოანდომებს ბიძინა ივანიშვილი თითოეული ამ სტადიის გავლას, შესაძლოა, სულაც ხელი ჩაიქნიოს და მთლიანად შეეშვას პოლიტიკურ საქმიანობას. მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, რომ მენცარის დახმარებით ყველა ფსიქოლოგიურ სირთულეს წარმატებით გაუმკლავდება და შეძლებს თვალი გაუსწოროს მწარე სინამდვილეს.

ცხადია, მილიარდების მფლობელმა რაც უნდა ბევრი შეცდომა დაუშვას, გულუბრყვილობა იქნებოდა პოლიტიკიდან მისი გაქრობის მოლოდინი. თუ, რასაკვირველია, თავად არ მოისურვა. ივანიშვილს ფული საშუალებას აძლევს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზმში ღრმად გაიდგას ფესვები. ის შესაძლოა დარჩეს როგორც ჰერპესი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკურნებელია, განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს – თუმცა, დისკომფორტს ქმნის და სხვის თვალში უშნოდ წარმოგაჩენს. ამ მიმართულებით ქართულმა ოცნებამ მუშაობა უკვე დაიწყო. ამასთან, თუ ივანიშვილმა შეძლო საკუთარი შეცდომებიდან სწორი დასკვნის გამოტანა, გამორიცხული არ არის, მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს.

რა მოხდება ივანიშვილის თავს, მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია – სანამ ოპოზიცია ამ მოჯადოებულ წრეს არ გაარღვევს, ქართული პოლიტიკა თვისობრივად ვერ გაუმჯობესდება. ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ბარონ მიუნჰაუზენივით იქცევა, საკუთარ თავს ჭაობიდან ვერ ამოიყვანს. იმისთვის რომ განვითარდეს, მას ძლიერი და გონიერი ოპონენტი სჭირდება. ერთდროულად ორი ასეთი ღირსებით შემკული მოწინააღმდეგე, მმართველ პარტიას ჯერჯერობით არ გამოუჩნდა. ამ ვითარებაში დაზარალებული მხოლოდ ერთია – საქართველოს რიგითი მოქალაქე.

 

 

კომენტარები