U17: ევრო 2012

საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ითამაშებს!
ვასილ მაისურაძის გუნდმა დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე 1:0 სძლია უკრაინას და ელიტ-რაუნდში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ჩვენმა გუნდმა ერთადერთი გოლი თამაშის დასაწყისშივე გაიტანა: მე-6 წუთზე ვანო წილოსანმა დროული პასით ცარიელი კარის წინ დატოვა ალეკო მზევაშვილი, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 4:0 გაანადგურა ინგლისი, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ მეორე ადგილით დაკმაყოფილდა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2012-ის უკანასკნელი, მერვე მონაწილეა: კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ტურნირის მასპინძელი სლოვენიის გარდა მოპოვებული ჰქონდათ შარშანდელ ჩემპიონს ჰოლანდიას, ევრო 2011-ის ფინალისტს გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, ბელგიას და ისლანდიას.
ფინალური ეტაპის წილისყრა ოთხშაბათს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში შედგება.
ევროპის 17-წლამდელთა წლევანდელი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები 4, 7 და 10 მაისს ლიუბლიანაში, დომზალეში, მარიბორსა და ლენდავაში გაიმართება. ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები 13 მაისს ნახევარფინალში იასპარეზებენ, ჩემპიონი კი 16 მაისს ლიუბლიანაში, სტოჟიცეს სტადიონზე გამოვლინდება.

31 მარტი, 2012. ევრო 2012 - ელიტ-რაუნდი. თბილისი, მიხეილ მესხი. 12000
საქართველო 1:0 უკრაინა
გოლი: 1:0 ალეკო მზევაშვილი (6)
საქართველო: ალექსანდრე ადამია, ოთარ კაკაბაძე, ნიკა ჭანტურია (კაპ), გიგა სამხარაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი (არჩილ მესხი 61), ნიკა ახვლედიანი (დათო დარციმელია 41), მათე ცინცაძე (გიორგი აბურჯანია 70), დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
უკრაინა: ბ.სარნავსკი, ტ.კაჩარაბა, მ.ბურდა, ი.ხარატინი (კაპ), ვ.ტანკოვსკი (ა.გაბელოკი 52), მ.ტიშჩენკო (ა.რადჩენკო 54), მ.ვიეტროვი (ა.მირანიანი 61), ე.სობოლი, პ.პოლეჰენკო, დ.ბილონოგი, რ.ლაზაროვიჩი
მწვრთნელი: ალექსანდრ პეტრაკოვი
გაფრთხილება: მ.ბურდა, ნიკა ჭანტურია, ი.ხარატინი, დათო დარციმელია, გ.სამხარაძე
მსაჯები: მ.ჰამეტერი (ავსტრია); რ.ჰუბლერი (ავსტრია), კ.დე კაროლისი (ლუქსემბურგი)

კომენტარები