რეგიონის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი უზბეკეთსა და ტაჯიკეთს, შორის უმთავრესი საკამათო საკითხი წყალზე ხელმისაწვდომობა და ბუნებრივი აირის ფასია. საბჭოთა პერიოდში წყლისა და ელექტროენერგიის სისტემები რეგიონში ინტეგრირებული იყო. წყლის მარაგებით მდიდარი ქვეყნები – ყირგიზეთი, ტაჯიკეთი (ფლობდნენ რეგიონში წყლის მარაგების 90%-ს), ამ რესურსის სანაცვლოდ, ბუნებრივი აირის მქონე სახელმწიფოებისგან (უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი) გაზს უფასოდ იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს სისტემა მოიშალა, თუმცა აღნიშნული ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება უცვლელი დარჩა.
ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების პირობებში აღნიშნული ქვეყნები რესურსების გასაცვლელად საჭირო პირობებზე ვერ თანხმდებიან. უზბეკეთის მიერ გაზის მიწოდებისთვის მოთხოვნილი თანხა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ძვირად მიაჩნიათ. ამის გამო ეს უკანასკნელი საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად როგუნის კაშხლის აგებას აპირებს, რაც ტაჯიკეთს ბუნებრივი ენერგიის ნაკლებობის პრობლემას მოუხსნის. თავდაპირველად დუშანბე რუსული კომპანიის დახმარებით აპირებდა მის აშენებას, თუმცა ბოლო დროს ამ პროექტით ირანი დაინტერესდა.
კაშხლის აგების მთავარი მოწინააღმდეგე უზბეკეთია. ამ უკანასკნელის მტკიცებით, მისი აშენება გარემოს და წყლის მარაგებს დიდ ზიანს მიაყენებს. ისიც ნათელია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში იგი მეზობელზე ბერკეტს დაკარგავს, თავად კი, წყლით მომარაგების საკითხში, კვლავაც ტაჯიკეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. ეს კი მის რეგიონულ ლიდერობას დაემუქრება.
პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად საგულისხმოა ეთნიკური შუღლიც. ორივე ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მასპინძლობს. რეგიონში უზბეკ და ტაჯიკ ეროვნებებს შორის არსებული შუღლის ფონზე, ეს შეტაკებებისა და ეთნიკური უმცირესობების დევნის შესაძლებლობებს ზრდის.
გადაუჭრელი პრობლემების ფონზე ექსპერტთა ნაწილი გრძელვადიან პერსპექტივაში მხარეებს შორის კონფრონტაციის ესკალაციას წინასწარმეტყველებს. ამას ისინი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გარე ძალების გავლენის შემცირებითაც ასკვნიან. კერძოდ, ტაშკენტი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს რუსეთსა და აშშ-სთან დაკავშირებით – მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნების მიუხედავად, უარს ეუბნება მასთან ერთად საბაჟო კავშირში შესვლაზე. ვაშინგტონმა ავღანეთის ოპერაციაში უზბეკეთის ტერიტორიის გავლით არსებული სატრანზიტო გზის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების უპატივცემულობის მიუხედავად, მას სამხედრო დახმარება აღუდგინა. ეს ბევრს აფიქრებინებს, რომ უზბეკეთს გარე ზეწოლის იგნორირების ფუფუნება გააჩნია. რაც შეეხება ტაჯიკეთს, მან თეირანთან და პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობების აგებით სცადა ტაშკენტის რეგიონული დომინირების დაბალანსება.
ცხადია, რომ რეგიონის ორ ყველაზე დაპირისპირებულ ქვეყანას შორის უთანხმოება მათი მხრიდან დათმობების გარეშე ვერ მოგვარდება. ამისთვის მზად ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის. თუმცა, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობით, ვითარების დარეგულირების შანსები ჯერ კიდევ რჩება.