ცენტრალური აზია

თინა კანდელაკმა ყაზახები მანქურთებს შეადარა

თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა Telegram-ში გამოქვეყნებულ პოსტში ყაზახებს მანქურთები უწოდა.

ცოტა ხნით ადრე ყაზახეთში რკინიგზის ორ სადგურს სახელი შეეცვალა. რუსული ურალსკისა და უზენის ნაცვლად სადგურებს ორალი და ჟანაეზენი ჰქვია.

კანდელაკი ცვლილებას საკუთარ Telegram არხში გამოეხმაურა:

"როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება გვიჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. იქაც მცირედით დაიწყო, დღეს კი იხურება რუსული სკოლები, ნადგურდება საბჭოთა ძეგლები, იკრძალება რუსული ენა".

რუსი პროპაგანდისტის სიტყვებს გამოეხმაურა ყაზახი ბლოგერი და ჟურნალისტი დინარა სატჟანი:

"პირველ რიგში, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ. სხვის მონასტერში საკუთარი წესებით არ მიძვრებიან. ჯერ ერთი, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელ რკინიგზის სადგურს რა დავარქვათ. მეორე, ყაზახეთი დამოუკიდებლობის ეპოქაში ნელ-ნელა იბრუნებს მშობლიურ ენას, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიკარგა. მესამე, რუსული ენა ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად გამოიყენება ყაზახურთან ერთად, რომელიც თავის მხრივ კონსტიტუციური ენაა". – წერია სატჟანის პოსტში.

კანდელაკმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყაზახებს მანქურთები უწოდა.

"ძვირფასო ყაზახებო, თქვენ გაქვთ მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველი ზმნა мәңгу (დაბნევა, გაგიჟება, კონტროლის დაკარგვა). ამ ზმნიდან არის წარმოებული სიტყვა მანქურთი – ადამიანი, რომელმაც დაკარგა მეხსიერება, იდენტობა და ზოგჯერ გონებაც. საკუთარი თავისა და მოვლენების, ისტორიის და მათ შორის ისტორიული სახელების დავიწყება არამარტო უწიგნური, არამედ საშიში წამოწყებაა". – დაწერა წამყვანმა საკუთარ Telegram არხში.

მანქურთები ყირგიზი რუსულენოვანი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის მიერ გამოგონილი ტერმინია. მის ნაწარმოებებში მანქურთები არიან ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები, რომლებიც უსულო მონებად აქციეს. გადატანითი მნიშვნელობით ტერმინი უწარსულო, ეროვნული ფესვების არმქონე ადამიანის სინონიმია, რომელსაც ხშირად შეურაცხმყოფელი კონოტაცია აქვს.

კომენტარები