საქართველო-ისრაელი

ისრაელში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვედრებს მართავს ისრაელში, სადაც ქნესეთის სპიკერის მიწვევით იმყოფება.  ამ ვიზიტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხის წამოწევა დაასახელა. პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში დღეს შეხვდა რელიგიის საკითხებში ამ ქვეყნის მინისტრს იაკობ მარგის. შეხვედრის შემდეგ მარგიმ დაადასტურა, რომ მზად არის დაეხმაროს საქართველოს.

" ჩვენ განვიხილეთ მონასტრის თემა და ვეცდებით ამ საკითხში საქართველოს დავეხმაროთ.“-უთხრა ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. მისი აზრით,  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის პრობლემატურ თემაზე ალბათ პირველ პირებს მოუწევთ მსჯელობა, პროცესში მონაწილე მხარეებმა კი საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფრთხილად უნდა იმოქმედონ.

იაკობ მარგისთან შეხვედის შემდეგ  საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს დავით ბაქრაძემ უთხრა, რომ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის რეაქცია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით იყო დადებითი და მან განაცხადა, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება საქართველოს. დავით ბაქრაძის სიტყვებით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია საქართველოს საქმე ჰქონდეს არა მარტო იერუსალიმის საპატრიარქოსთან, არამედ ისრაელის სახელმწიფოსთანაც. გავრცელებული ცნობებით, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრას აპირებს. მის მიერ დღეს გამართული შეხვედრის წინ კი რუსულენოვანმა ინტერნეტპორტალმა izrus -მა  გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიგიის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის  კომენატრი, თბილისში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბაქრაძე ისრაელის მხარესთან მონასტრის დაბრუნების საკითხს წამოწევდა. izrus -ში მოყვანილი კომენტარით, გაუგებარია საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების ლოგიკა, რადგან ისრაელის სახელმწიფო ეკლესიის ქონებას არ განკარგავს და საქართველომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე მხოლოდ იერუსალიმის საპატრიარქოს უნდა მიმართოს.

მანამდე, ამავე ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა ინტერვიუ იერუსალმის პატრიარქ თეოფილე მესამესთანაც, სადაც  მან თქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამდე იერუსალიმის საპატრიარქოს შუამავლების მეშვეობით ქართველმა ბიზნესმენებმა მიმართეს და ჯვრის მონასტრის გამოსყიდვა შესთავაზეს. „თუმცა ეს შეუძლებელია.“- აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა  და დასძინა: „გამიგეთ სწორედ, ძალიან დიდია ის როლი, რასაც ქართული ეკლესია ამ რეგიონში ისტორიულად ასრულება. ქართველების მიერ დაარსებული ჯვრის მონასტერი, ამავდროულად  მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო  ცენტრი იყო, ამ ადგილს უკავშირდება დიდი შოთა რუსთაველიც, არ შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასი არ იყოს ქართველებისთვის.  ქართველებმა ჯვრის მონასტერი 300-ზე მეტი წლის წინ დაკარგეს , ჩვენ ის შევინარჩუნეთ და განვავითარეთ." izrus -ისთვის მიცემულ ინტერვიუში იერუსალიმის საპატრიარქოს მეთაურმა გამოთქვა შეხედულება, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხის წინ წამოწევით, საქართველოს ხელისუფლება გაუთვითცნობიერებლად იქცა ინსტრუმენტად მესამე ძალის ხელში, რომელიც დაინტერესებულია არა მონასტრის დაბრუნებით და საქართველოსთვის დახმარების გაწევით, არამედ წმინდა ქალაქში სიმშვიდისა და ბალანსის დარღვევით.“

საქართველოს პრეზიდენტმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილია ჯგუფი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე სამუშაოდ.

 

კომენტარები