საქართველო-ამერიკის ურთიერთობა

საქართველო სენატორ ლუგარის ინიცირებულ კანონპროექტში ნატოს გაფართოებაზე

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, რიჩარდ ლუგარმა, ნატოს გაფართოებაზე კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, მოუწოდებს ნატოს ჩიკაგოს მაისის სამიტამდე წარმოადგინოს მკაფიო საგზაო რუკა საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში გასაწევრიანებლად. კანონპროექტი მიზნად ისახავს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასაც ნატოს წევრ ქვეყნებთანაც.

ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში ნატოს გაფართოებაზე გაწეულ ძალისხმევაზე. ასევე იმაზე, რამდენად მზად არიან ეს ქვეყნები ნატოში გაწევრიანებისთვის და აშშ-ის პოლიტიკაზეც, რაც ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია აშშ-ის კანონმდებლობაში ნატოს ასპირანტ ქვეყნებად იქნებიან მოხსენიებულნი. აღსანიშნავია, რომ თავად ნატომ საქართველო ასპირანტ ქვეყნად პირველად 2011 წლის 7 დეკემბერს მოიხსენია.

კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ ნატომ უნდა შეინარჩუნოს „ღია კარის“ პოლიტიკა და უარყოფილი უნდა იქნეს გავლენის პრივილეგირებული სფეროების არსებობის ნებისმიერი გაგება. რესპუბლიკელი სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ კანონს ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე დაამტკიცებენ. „ნატოს გაფართოება იყო მთავარი ელემენტი სტაბილურობისა და პოლიტიკური რეფორმების ხელშესაწყობად ახალ დემოკრატიებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში“ - აცხადებს რიჩარდ ლუგარი. იგი ალიანსის გაფართოვების დიდი ხნის გულშემატკივარი და მონაწილეა.

 

კომენტარები