პარასკევს, 9 მარტს, ტელეკომპანია იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი ბრიუსელიდან, სადაც 7 მარტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ქრონიკამ გააშუქა ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაის განცხადებები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და ქვეყნის ISAF-ში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.
სიუჟეტში გამოყენებულია ჯეიმს აპატურაის ვიდეო-ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელიც ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჟურნალ ტაბულას ექსკლუზიურად მისცა - ისე, რომ ნახსენები არ არის ინტერვიუს ავტორი და შეგნებულადაა დაფარული ტაბულას ლოგო. საერთო კონტექსტიდან კი რჩება შთაბეჭდილება, რომ აპატურაიმ ხსენებული განცხადებები ტელეკომპანია იმედისთვის გააკეთა. კომენტარები, რომელიც ტაბულას კუთვნილებაა, გამოყენებულია ასევე სიუჟეტის შესავალში, წყაროს დასახელების გარეშე.
ტაბულა თვლის, რომ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურმა, ჟურნალისტური ეთიკის უპატივცემულობის გარდა, დაარღვია საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (მუხლი 14. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები), სადაც განმატებულია, რომ „პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა“.
ტაბულა ტელეკომპანია იმედისგან ითხოვს ზიანის კომპენსაციასა და მისი საავტორო უფლებების საჯარო აღიარებას, იმ საშუალებებითა და ფორმით, რომელიც თანაზომადია იმედის მიერ ამ უფლების დარღვევასთან. ამ მიზნით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, ტაბულა სასამართლოს მიმართავს.




