კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტი გახსნეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
სამართალდამცავთა განცხადებით, არსებობდა ეჭვი, რომ დანაშაული საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს. საქართველოს მოქალაქეებზე, საიუველირო მაღაზიის ძარცვასთან დაკავშირებით, თურქეთში ძებნა იყო გამოცხადებული. სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტან ფურცელაძე. გარდა ამისა, თბილისსა და ქუთაისში სამართალდამცავებმა ნაძარცვი ძვირფასეულობის ნაწილი ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები დანარჩენი ძვირფასეულობის ამოღებისა და ჯგუფის სხვა წევრების დაკავების მიზნით.




