თბილისის მერია მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაერთო. მთავარი პროკურატურის ახალი ანტინარკოტიკული პროექტის ნაწილი კი ალტერნატიული სარებილიტაციო ცენტრის ამუშავებაა. დღეს, ამ ცენტრის კონცეფცია თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს. გადაწყდა, რომ ცენტრის მშენებლობას თბილისის მერია დააფინანსებს, სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსების მთავარი წყარო კი ნარკოტიკების მომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმები იქნება. შეგახსენებთ დაფინანსების ასეთი წყაროთი, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისთვის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების იდეით ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, როცა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით პარლამენტს მიმართა.
ახალი ცენტრის მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა ის გარემოებებიც, რამაც საქართველოს პროკურატურას ანტინარკოტიკულ კამპანიაში ახალ ეტაოზე გადასვლის საშუალება მისცა. კერძოდ, ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების მონაცემებით, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა, გასულ წელს 2010 წელთან შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს.




