ჩეჩნეთი

ომი დასასრულის გარეშე

თებერვალს, რუსეთის ფედერაცია სამშობლოს დამცველის დღეს ზეიმობს. ჩეჩნეთში ამ მოვლენას განსხვავებული ემოციით ხვდებიან.

68 წლის წინ, სწორედ 23 თებერვლის ღამეს, საბჭოთა რეჟიმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხის შუა აზიაში დეპორტაცია დაიწყო. მასში НКВД-ს, НКГБ-სა და სამხედრო კონტრდაზვერვის СМЕРШ-ის ათასობით ოპერატიული თუ საჯარისო დანაყოფი მონაწილეობდა. ერთ დღე-ღამეში, 400 ათასზე მეტი ჩეჩენი და ინგუში, საკვების, სასმელისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს. ისინი ყაზახეთისა და ყირგიზეთის უკაცრიელი სტეპების გზას გაუყენეს.

დეპორტირებულთა დაახლოებით 10% გზაშივე დაიღუპა. ხალხში ტიფი გავრცელდა. გარდაცვლილებს მატარებლის ლიანდაგებთან, თოვლში მარხავდნენ – ტრანსპორტიდან 5 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება, ადგილზე დახვრეტით ისჯებოდა. გადასახლებულთა მდგომარეობას მგზავრობის ხანგრძლივობაც ამძიმებდა. 1944 წლის თებერვალში დაძრული პირველი ეშელონი, დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში ჩავიდა.

სტალინური დეპორტაცია მრავალ ეთნოსს შეეხო: მათ შორის ინგუშებს, ყარაჩაელებს, ბალყარელებს, ყალმუხებს, ყირიმის თათრებს, ე.წ. თურქ-მესხებს, კორეელებს, ფინელებს და სხვებს. ჩეჩნების შემთხვევა დანარჩენებისგან იმით გამოირჩევა, რომ მათი ტრაგედია დღემდე არ დასრულებულა – დაწყებით კი სტალინამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ჩრდილო კავკასიაში რუსები 1801 წლიდან გააქტიურდნენ – მას შემდეგ, რაც ცარისტულმა იმპერიამ საქართველო საბოლოოდ დაიპყრო. დაჩქარდა სამხედრო გზის მშენებლობა, რომლითაც „დედა რუსეთი” ახალ კოლონიას დაუკავშირდებოდა. გზის გაყვანისას, მიმდებარე სოფლები, მათ შორის ჩეჩნეთში, გადაწვეს. მათი მობინადრეები კი გადაასახლეს. თუმცა კავკასიის მთიანეთის დამორჩილების ინტენსიური კამპანია მოგვიანებით დაიწყო – მაშინ როდესაც რუსეთმა თურქეთთან, სპარსეთთან და ნაპოლეონის წინააღმდეგ ომი დაასრულა.

კოლონიზაციის პროცესში, რუსეთის იმპერია, ერთი მხრივ, „ცეცხლისა და მახვილის” პოლიტიკას ატარებდა, მეორე მხრივ კი, დაპყრობილი ხალხების მმართველი ფენის მოსყიდვას ცდილობდა. ელიტის სახით დასაყრდენი რუსებმა ჩეჩნეთში ვერ მოძებნეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი რამ იქ არ არსებობდა. ჩეჩნური საზოგადოება ნაკლებად იერარქიული იყო. ის ძირითადად კლანების, იგივე ტეიპების სახით გახლდათ მოწყობილი – მილიონნახევრიან ჩეჩნეთში დღემდე 150-ზე მეტი ტეიპია. შესაბამისად, ამ ხალხის დაპყრობა რუსებს ძალიან დიდი ფასი დაუჯდათ.

ჩეჩნურ წინააღმდეგობას სოციალურის გარდა რელიგიური ფაქტორებიც ასაზრდოებდა. საგულისხმოა, რომ წარმართული ტრადიციები, ჩეჩნეთში ისლამმა გვიან, XVIII-XIX საუკუნეებში ჩაანაცვლა. აქ სუფისტური ისლამის რამდენიმე ორდენი, იგივე ტარიკატები გავრცელდა. მათ შორის ყველაზე გავლენიანი ნაკშბანდი იყო. ამ მიმართულებამ ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. შამილი სწორედ ნაკშბანდის მიმდევარი იყო.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჩეჩნები 1834 წელს დაღესტნელი რელიგიური ლიდერების მიერ დაწყებულ ომს შეუერთდნენ. მათ, შამილის ხელმძღვანელობით, ერთიანი თეოკრატიული სახელმწიფო, ე.წ. იმამატი შექმნეს.

ჩრდილო კავკასიის კოლონიზაციის პროცესში ქართველებს გამორჩეული როლი ჰქონდათ. თავადაზნაურობის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების გაცემის შემდეგ, ცარისტულ რუსეთს აღუთქვა ერთგულება. საუკუნეების მანძილზე ლეკიანობით შეწუხებული ქართველები ჩრდილოკავკასიელებთან რუსეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. შამილის წინააღმდეგობის ჩახშობაში, თავი განსაკუთრებით გრიგოლ ორბელიანმა გამოიჩინა. პოეტის სამხედრო ღვაწლი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ არაერთი ჯილდოთი აღნიშნა – გარკვეული დროით ის კავკასიის მთავარმართებლადაც დაინიშნა.

შამილის შემდეგ ჩეჩნეთში სუფისტური ისლამის სხვა ორდენი – კადირია გავრცელდა. ბოლშევიკების მოსვლამდე კადირიას დიდი გავლენა ჰქონდა. განსხვავებით ნაკშბანდისგან, რომელიც ღმერთთან მიახლოების გზას საზოგადოების გარდაქმნაში ხედავდა, კადირია ადამიანის შინაგან სამყაროზე იყო ორიენტირებული. ეს გარემოება ხელს აძლევდა რუსეთს, ჩეჩნეთში სიმშვიდისა და მორჩილების უზრუნველსაყოფად.

ჩეჩნები ბოლშევიკების გამოჩენას ცუდად არ შეხვედრიან. მათი საერთო მტერი ცარიზმი იყო. ბოლშევიკებიც, თავისი მხრივ, არ ერჩოდნენ მანამდე, სანამ თეთრ არმიას საერთო ძალებით უმკლავდებოდნენ. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კავკასიის მთიანეთის სოვიეტიზაციის პროცესში, პირველმა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. 20-იანი წლების მანძილზე, ამბოხებების ახალმა ტალღამ იფეთქა და წლების მანძილზე გაგრძელდა. ამ დროს უკავშირდება ჩეჩნებისთვის „ბანდიტების” იარლიყის მიკერება და მთელი ხალხის კრიმინალებად გამოცხადება.

სტალინს ჩეჩნური საკითხის საბოლოო გადაწყვეტა სურდა. საბაბი მეორე მსოფლიო ომმა მისცა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩეჩნები ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულა. ამ საფუძვლით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს, თითქმის მთელი მოსახლეობა კი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

პარადოქსია, თუმცა ფაქტია, რომ ჩეჩნების ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, უნებლიეთ, სწორედ რეპრესიებმა შეუწყო ხელი. საერთო, ეთნიკურმა ტრაგედიამ, გააძლიერა ეროვნული სოლიდარობა.

დეპორტირებულების რეაბილიტაცია 1956 წელს, ხრუშჩოვის პერიოდში დაიწყო. გადარჩენილი ჩეჩნების დაახლოებით 80% უკან დაბრუნდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებისთვის ეს რეგიონი კვლავ პრობლემად რჩებოდა. კომუნისტურ პარტიაში პროცენტულად ძალიან ცოტა ჩეჩენი გაწევრიანდა; უმრავლესობას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება; მოსახლეობას ამ პერიოდშიც ისევ ტეიპები აერთიანებდა, ეს უკანასკნელნი კი გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

თუმცა, ჩეჩნეთის პრობლემამ, ახალი სიმძლავრით თავი საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად იჩინა. სწორედ ამ პერიოდში იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომლის სათავეშიც არა ინტელექტუალური ელიტა, არამედ სამხედროები აღმოჩნდნენ. დუდაევი, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი იყო. მან ადვილად მოახერხა სრულიად დეზორგანიზებული რუსული ჯარის გაუვნებელყოფა და ჩეჩნეთიდან გასტუმრება – 1992 წელს, იქ რუსი ჯარისკაცი აღარ იდგა.

ჩეჩნეთს სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება არ ჰქონია. დაიწყო კლანთაშორის დაპირისპირება, რასაც კრემლიც უწყობდა ხელს. რუსებმა ოპოზიციის შეიარაღებაც მოახერხეს. მაგრამ პრორუსული კლანები დამარცხდნენ. ამ ფონზე, 1994 წლის 1 დეკემბერს, მოსკოვმა

ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

პირველმა ჩეჩნურმა ომმა წელიწადი და 9 თვე გასტანა. რუსეთმა ვერ მოახერხა ჩეჩნეთის დაპყრობა და ამ ბრძოლაშიც დამარცხდა. დღემდე უცნობია, თუ რამდენი რუსი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა საბრძოლო მოქმედებებს. შედეგად, ხასავიურტის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც რუსეთის არმიის გაყვანას, ჩეჩნეთის სტატუსზე მოლაპარაკების დაწყებას, მანამდე კი მის დე ფაქტო დამოუკიდებლობასთან შეგუებას გულისხმობდა.

ჩეჩნების ნაწილობრივი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ისინი შინ იბრძოდნენ. გარდა ამისა, რუსეთის არმიას არ გააჩნდა შესაბამისი მოტივაცია, ყვაოდა კორუფცია, გაჩაღებული იყო იარაღით ვაჭრობა. ტყვია-წამალი ფულზე ან ალკოჰოლზე იცვლებოდა. ამ პერიოდში რუსეთში ჯერ კიდევ არსებობდა თავისუფალი პრესა. მედია მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ჩეჩნების მიმართ სიმპათიების გაღვივებას – როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

თუმცა ეს ბრძოლა ცალსახა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა. კლანებს შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ, ჩეჩნური საზოგადოების ნაციონალისტური იდეის ირგვლივ გაერთიანება შეუძლებელი გახადა.

ამ ფონზე, ასპარეზზე რელიგიური ფაქტორი გამოდის. ამჟამინდელი პრეზიდენტის მამამ, აჰმად კადიროვმა, როდესაც იგი ჩეჩნეთის მთავარი მუფტი იყო, რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომი – ჯიჰადი გამოაცხადა. ამავე ეტაპზე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ რელიგიური ბრძოლის ინტერნაციონალიზაცია. ტრადიციული სუფისტური ისლამის გვერდით ვაჰაბიტები გამოჩნდნენ და უუფლებო ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიმხრობა შეძლეს. ჩეჩნეთში ბევრი ემისარი ჩავიდა სხვადასხვა ისლამური ქვეყნიდან. მათი მეშვეობით, ახალგაზრდა ჩეჩნები სასწავლებლად სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და პაკისტანში გაემგზავრნენ. ისინი უკან რადიკალური იდეოლოგიით შეიარაღებულები დაბრუნდნენ.

ვაჰაბიტების გაძლიერებამ შიდა რელიგიური განხეთქილება გამოიწვია. ამან, ჩეჩნების ნაწილს, ძირითადად სუფისტური ტარიკატების მიმდევრებს, ვაჰაბიტების წინააღმდეგ, რუსების მხარეს გადასვლისკენ უბიძგა.

ჩეჩნური წინააღმდეგობის ფორმატი მთლიანად შეიცვალა. დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა მეორე პლანზე გადავიდა და ბრძოლის მთავარ მიზნად იმარატის თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა. კონვენციური ომი ტერორისტულმა კამპანიამ

ჩაანაცვლა.

ნორდ ოსტისა და ბესლანის ტრაგედიებმა, წინააღმდეგობას დაღი დაასვა და ჩეჩნებს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ჩაგრული ერის იმიჯი მოუსპო. ცხადია, რომ ეს ყველაფერი ტიბეტის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისგან შორს დგას. არც ჩეჩენი ბოევიკები ჰგვანან ბუდისტ ბერებს.

რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებას საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებდა. ელცინის შერყეული ავტორიტეტისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ჩეჩნებისგან საფრთხობელას შექმნა დაიწყო. ყველას გვახსოვს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში საეჭვოდ აფეთქებული საცხოვრებელი სახლები, რაც ჩეჩენ რადიკალებს დაბრალდათ. ამას დაემატა “აფხაზეთის გმირის”, შამილ ბასაევის გადასვლა დაღესტანში, რაც რუსეთმა მეორე ჩეჩნური ომის დაწყების საბაბად გამოიყენა. სწორედ ამ ვითარებაში, ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსი პუტინი დაწინაურდა. ის ჯერ პრემიერი გახდა, ხოლო შემდეგ – პრეზიდენტი.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა. პრემიერი პუტინი ისევ პრეზიდენტობისთვის ემზადება. უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, ჩეჩნეთის საკითხი დღემდე არ მოგვარებულა. ჩრდილო კავკასიაში წლიდან წლამდე მატულობს როგორც დამნაშავეობის, ისე ტერორისტული აქტების სტატისტიკა. ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მართვის ამბიცია აქვს, ჩრდილო კავკასიის პატარა რეგიონში წესრიგს ვერ ამყარებს. კრემლი მოჩვენებით კონტროლს ადგილობრივი ლიდერების მოსყიდვის გზით ინარჩუნებს.

ჩეჩნეთის ამჟამინდელი მმართველი, უმცროსი კადიროვი, პუტინს ერთგულებას იმით უმტკიცებს, რომ ყოველ არჩევნებზე რუსეთის მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბაში ჩეჩნური ხმების 100%-ს აგდებს. რუსეთი მისგან დამოუკიდებლად ამ რეგიონში ვერაფერს აკეთებს, ხოლო კადიროვს სრული კარტ-ბლანში აქვს არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ მოსკოვშიც კი.

ჩეჩნური კლანების თავგასულობა რუსულ ნაციონალიზმს ასაზრდოებს. ამას ემატება საზოგადოების ანტიკორუფციული განწყობა. ჩრდილოკავკასიური ელიტების გამოკვება რუსულ საშუალო კლასს მობეზრდა. მით უფრო, რომ ისინი ამაში დიდ ეფექტს ვერ ხედავენ: შეკავების ნაცვლად, ტერორიზმი ხომ თითქმის მთელ ქვეყანას მოედო.

ჩრდილოეთ საზღვარზე არასტაბილური ვითარება ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბუნებრივია, საქართველო დაინტერესებულია მის მეზობლად მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი გარემო შეიქმნას. თუმცა, ქართველებსა და ჩეჩნებს არაერთი

ნეგატიური მოგონება აქვთ დასაძლევი – ცარისტულ კოლონიზაციაში ქართველები მონაწილეობდნენ, ჩეჩნური ფორმირებები კი ჩვენ წინააღმდეგ ჯერ აფხაზეთში ომობდნენ, ხოლო შემდეგ აგვისტოს ომში გამოიჩინეს თავი.

სავარაუდოდ, ამ უარყოფითი მემკვიდრეობის დაძლევას ისახავს მიზნად საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა, რომელიც ახლა იდგამს ფეხს – შეღავათიანი სავიზო რეჟიმი, ჩრდილო კავკასიელებისთვის ქართულ უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლისა და სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა, ჩრდილოეთ კავკასიის საინფორმაციო იზოლაციის გასარღვევად ახალი სატელევიზიო არხის (ПИК) შექმნა, ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება – ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. თუმცა, ფაქტია, რომ სისტემური ხედვა და თანმიმდევრული პოლიტიკა, საქართველოს ამ მიმართულებით ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული.

კომენტარები