მედიცინა

კოლონოსკოპია მსხვილი ნაწლავის კიბოთი გარდაცვალების ფაქტებს ამცირებს

ამ დასკვნამდე გასტროენტეროლოგები 2 602 პაციენტის პირადი ისტორიის გაცნობის შემდეგ მივიდნენ. მათ მსხვილი ნაწლავის სკრინინგ-ტესტი, კოლონოსკოპია ჩაუტარეს და ყველა საეჭვო წარმონაქმნი მოაშორეს. ამის შემდეგ მათ მდგომარეობას 23 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღნიშნულ კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევას ხელმძღვანელობდა Memorial Sloan-Kettering Cancer Center-ის გასტროენრტეროლოგი სიდნი ვინავერი.

როგორც კვლევამ აჩვენა, ამ 23 წლის განმავლობაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი ჯგუფიდან საშუალოდ 25 მათგანის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. კვლევის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის 53%-ით შემცირება სწორედ კოლონოსკოპიას უკავშირდება.

კვლევებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის რომელი სკრინინგ-მეთოდია უფრო ეფექტიანი და ზუსტი. გაიდლაინის მიხედვით კი რამდენიმე სკრინინგის (მაგალითად, კოლონოსკოპია, სიგმოიდოსკოპი, ბარიუმის ოყნა და ფეკალური სისხლის ტესტი) ერთად ჩატარება არ შეიძლება. თუმცა, ეს უკვე მეორე კვლევაა, რომელიც ადასტურებს, რომ კოლონოსკოპია პოლიპების აღმოსაჩენად ფეკალური სისხლის ტესტზე ეფექტიანია. მისი გამოყენებით დაავადების შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა დაახლოებით ათჯერ უფრო ხშირია.

ექსპერტების განცხადებით, კოლონოსკოპიის მეორე უპირატესობა სკრინინგისა და მკურნალობის კომბინაციაში მდგომარეობს. სკრინინგი თხელი მილის გამოყენებით მიმდინარეობს, რომელიც მინი კამერით არის აღჭურვილი. ტესტის დროს ეს მილი ექიმებს საშუალებას აძლევს ყველა საეჭვო წარმონაქმნი მოაშოროს.

ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) რეკომენდაციით, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50 წლის ასაკის შემდეგ ყველამ უნდა ჩაიტაროს. ზოგჯერ სკრინინგს თან ახლავს გართულებები. აღნიშნული პროცედურა პაციენტს გარკვეულ დისკომფორტსაც უქმნის. ამიტომ (ACS)-ის რეკომენდაციით, ვინც მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის მაღალი რისკის კატეგორიას არ განეკუთვნება, შეუძლია, ტესტი 10 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს.

 

კომენტარები