ირანი

ირანი – საუბარი ომზე

შესაძლოა, ირანი დასავლეთთან კონფრონტაციისკენ მიექანება, მაგრამ ამ წუთისთვის ომზე საუბარი ნაადრევია. ნებისმიერი მოსაზრება, თითქოს ვაშინგტონი და თბილისი რაღაც თავდასხმას გეგმავენ, უბრალოდ, ტყუილია. ყველაფრის მიუხედავად, სიტუაცია სერიოზულია – ის დრო, როდესაც ომზე საუბარი ნაადრევი ჩანს, შეიძლება სწრაფად გავიდეს. შესაბამისად, 2012 წელი უმნიშვნელოვანესი წელია. ირანი კი თბილისიდან ისევე ახლოა, როგორც სოჭი – ამიტომაც, ეს ყველაფერი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

მთავარი პრობლემა, რასაკვირველია, რეჟიმია, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკას ამჟამად მართავს. რეჟიმი, რომელსაც რევოლუციის მისეული ბრენდის ექსპორტირება სურს; ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას რეგულარულად ეხმარება, ხოლო ჰამასს – არარეგულარულად; ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც აიათოლების მსგავსად არ აღიქვამს მოვლენებს, ემუქრება; ერაყისა და ავღანეთის საქმეებში ერევა; ახლო აღმოსავლეთში არეულობებს უწყობს ხელს. ეს ბოლო ამბოხებების დროსაც სცადა, რომლებსაც „არაბული გაზაფხული” ეწოდა. სულ ცოტა ხნის წინ, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამერიკის მეზობლად გამომწვევად მოქცევასაც არ მოერიდა – ვენესუელას, ნიკარაგუას, კუბასა და ეკვადორს ეწვია. ამ ყველაფერთან ერთად, ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

ასეთი რეჟიმის ხელში ბირთვული იარაღი პრობლემას წარმოადგენს. ფანტაზიის დიდი უნარი არ სჭირდება იმის წარმოდგენას, როგორ გააძლიერებს ბირთვული იარაღი თეირანს. თუ აქამდე მსოფლიო ერიდებოდა და არ ჩქარობდა ირანთან კონფრონტაციას, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეაშინებს მას ირანის რეაქტიული რაკეტის ან მის მიერ დაფინანსებული ტერორისტების ხელში ატომური ბომბის პერსპექტივა.

არ გეგონოთ, რომ როდესაც დასავლეთი, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ვერ ახერხებს ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვას, რეგიონის სხვა სახელმწიფოები – თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე – არ ფიქრობენ საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე. არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში ეს კატასტროფის რეცეპტი იქნება.

ამ საფრთხის სიმწვავესა და რეალურად დადგომის დროის თაობაზე, წლების განმავლობაში უთანხმოების შემდეგ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოები საერთო დასკვნამდე მივიდნენ. ირანის ბირთვული იარაღის საფრთხე სერიოზული და გარდაუვალია. გაანგარიშებები, თუ როდის შექმნის ეს ქვეყანა ბირთვულ იარაღს, ცხრა და თხუთმეტ თვეს შორის მერყეობს – ამიტომ 2012 წელი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.

შესაბამისად, ეს წელიწადი დაძაბულად დაიწყო. ომის თავიდან აცილების სურვილით მოტივირებულმა დასავლეთის სახელმწიფოებმა, ირანზე სანქციები გაამკაცრეს. 2011 წლის 29 დეკემბერს, ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამედ რეზა რაჰიმი სანქციების გამკაცრებას მუქარით გამოეხმაურა: „ერთი წვეთი ნავთობი არ გაივლის ჰორმუზის სრუტეში”. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან, არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.

ჰორმუზის სრუტე ყოველდღიურად 17 მილიონ ბარელ ნავთობს (მსოფლიოს ზღვით გადაზიდული ნავთობის ერთი მესამედი) ატარებს არა მარტო ირანიდან, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობმწარმოებელი საუდის არაბეთიდან, ერაყიდან და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდან. ირანის მუქარას პენტაგონმა უპასუხა, რომ „ჰორმუზის სრუტით გემების გატარების ხელის შეშლას არ დაუშვებს”.

3 იანვარს ამერიკის ავიამზიდი, USS Stennis, სპარსეთის ყურიდან გამოვიდა. ირანის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ატოლა სალეჰიმ კი ვაშინგტონს მწარედ უკბინა: „ამერიკის სამხედრო გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ომანის ყურეში გავიდა, ვურჩევთ, სპარსეთის ყურეში არ დაბრუნდეს”.

თითქმის სამი კვირის შემდეგ, აშშ-ის კიდევ ერთი ავიამზიდი, USS Lincoln-ი, ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო ხომალდების თანხლებით, ყურეში შევიდა. ახლა ირანი არა მარტო ავიამზიდ Lincoln-ის საბრძოლო შემადგენლობის, არამედ მეორე, ავიამზიდ USS Vinson-ის საბრძოლო შემადგენლობის წინაშე აღმოჩნდა. მეტიც, ამერიკა მე-5 ფლოტის მთავარ ბაზას მანამაში (ბაჰრეინი) ინარჩუნებს – რასაც სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოები მიესალმებიან.

ასეთ ვითარებაში ირანის „მწარე კბენა” სულელურად მოჩანს. არანაკლებ სულელური, თუმცა სახიფათო ქცევაა ირანის რევოლუციის მცველებით დაკომპლექტებული მცირე ზომის, სწრაფი გემებით დასავლეთის სამხედრო ხომალდების სიახლოვეს ცურვა. არც 2007 წელს ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის დაკავების მსგავსი მცდელობა შეიძლება გამოირიცხოს. მიუხედავად დასავლეთის ფლოტის

თავშეკავებისა, ყურეში შეტაკება მაინც შესაძლებელია. ირანი კი ჯიუტად აგრძელებს თავის ბირთვულ პროგრამას.

მომავალ საფრთხეზე საუბრები მთელ მსოფლიოში ისმის. მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა და საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატმა, მიტ რომნიმ, განაცხადა, რომ ირანის მცდელობა, გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე, „საომარ მოქმედებად ჩაითვლება” და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ „მიტ რომნის არჩევის შემთხვევაში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება”. მეორე კანდიდატი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, დაეთანხმა, მისი აზრით, სამხედრო მოქმედების გარდა სხვა ალტერნატივა, ალბათ, არ იქნება.

თუმცა, ორივე კანდიდატი თანხმდება, რომ ჯერ ყველა სხვა ზომაა მისაღები. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია კი შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა მარტინ დემპსიმ, ისრაელში ბოლო ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ გამოხატა. „ვფიქრობ, – განაცხადა გენერალმა, – საუბარი, რომ ეკონომიკური და დიპლომატიური მიდგომა არაადეკვატურია, ნაადრევია”.

გასაკვირი არ არის, რომ ისრაელში უწყვეტად კამათობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ბირთვული იარაღის შექმნისაკენ ირანის სწრაფვა. თუმცა ისრაელში ამაზე საუბარს ნამდვილად კამათის ხასიათი აქვს და არა თავდასხმისკენ სწრაფვისა, როგორც ამას ხშირად სხვა ქვეყნები წარმოაჩენენ. ამ ქვეყანაში, ზოგის აზრით, ირანზე თავდასხმა, შესაძლოა, ეგზისტენციური საჭიროება იყოს – თეირანის მხრიდან შურისძიების საფრთხე გაზვიადებულია და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საშიშროება მხოლოდ გაიზრდება, თუ ირანი ბომბს შექმნის. თუმცა ზოგი ფიქრობს: შეუძლია კი ქვეყანას ეფექტიანი დარტყმების განხორციელება, დაეხმარება თუ არა მას ამერიკა და ამოწურულია თუ არა ყველა სხვა შესაძლებლობა. 18 იანვარს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ეჰუდ ბარაქმა, თქვა, რომ ომის შესაძლებლობის განხილვა ჯერჯერობით „შორეული პერსპექტივაა”.

გაუთვალისწინებელი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთის ქვეყნები, როგორც ჩანს, ირანზე ზეწოლას მთელი 2012 წლის განმავლობაში გააგრძელებენ; შეხედავენ, მოიტანს თუ არა სანქციები რაიმე შედეგს. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირმა ახლახან უპრეცედენტო სანქციები დაამტკიცა – აკრძალა ირანული ნავთობის ტრანსპორტირება, შესყიდვა თუ იმპორტი და გაყინა ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის ის აქტივები, რომლებსაც ევროპაში ფლობს.

ევროკავშირი ამჟამად ირანის ნავთობის ექსპორტის 18%-ის იმპორტიორია.

ინდოეთმა და ჩინეთმა, შეიძლება, ირანის ის ნავთობი იყიდოს, რომლის იმპორტზეც ევროკავშირი ამბობს უარს. ამასობაში, პეკინი და მოსკოვი ყველაფერს აკეთებენ დასავლეთის სანქციების ხელის შესაშლელად. ირონიულია, მაგრამ ირანის წაქეზებით – შეეწინააღმდეგოს სანქციებს – ამ ქვეყნებმა შეიძლება ის შედეგი მოიმკან, რისი თავიდან აცილებაც, მათივე განცხადებით, სურთ. ეს, ალბათ, წლის ბოლოსთვის გვეცოდინება.

 

კომენტარები