საქართველოს ეკონომიკა

საქართველო საერთაშორისო ინდექსებში

თავისუფლების სტაგნაცია

წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად, მეტწილად თავისუფალი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. ის 179 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა. 2011 წლის ინდექსთან შედარებით, სახელმწიფომ თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში 5 ადგილით დაიხია უკან და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა. ასევე ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეუნარჩუნდა საქართველოს Freedom House-ის კვლევაში, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვას აფასებს მსოფლიოში.

2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მსოფლიო საშუალო ინდექსზე 9.9 ქულით მეტია. საქართველოს ძლიერი მხარეებია ფისკალური, ბიზნესის, შრომის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება. სუსტი მხარეებია საკუთრების დაცვა, კორუფციისგან თავისუფლება და მთავრობის ზომა.

2012 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან უმეტესობა ან უცვლელი დარჩა, ან – გაუარესდა. კომპონენტებიდან ყველაზე მტკივნეული სწორედ მთავრობის ზომაა. კვლევა ამ კომპონენტის გაუარესების მთავარ მიზეზად მთავრობის ხარჯების მზარდ ტენდენციას ასახელებს. კვლევის მონაცემებით, 2011 წლის ბოლოსთვის სამთავრობო ხარჯებმა მთლიანი ეროვნული შემოსავლის 38.5%-ს მიაღწია. გაუარესდა კიდევ სამი – კორუფციისგან თავისუფლების, ბიზნესის და მონეტარული თავისუფლების – კომპონენტი. მონეტარული თავისუფლების კომპონენტში მაჩვენებლის შემცირება მაღალმა ინფლაციამ და წლის მანძილზე, მთავრობის მხრიდან ფასების კონტროლის მექანიზმების ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია. კვლევის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის, ასევე, გაკოტრების პროცედურებისა და სალიცენზიო მოთხოვნების რეფორმის ტემპი შენელდა. გაუმჯობესდა მხოლოდ ერთი კომპონენტი – ფისკალური თავისუფლება. ამის მიზეზად კვლევა, ქვეყნის ვალის ოდენობას ასახელებს, რაც მშპ-ის 40%-ზე დაბალია. ხუთი კომპონენტი – საკუთრების დაცვა, შრომის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლება – უცვლელი დარჩა.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების საერთო ინდექსით თავის უშუალო მეზობელ ქვეყნებს – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – საშუალოდ, 7.4 ქულით უსწრებს. მეზობლებთან შედარებით, საქართველოს გამოკვეთილი ძლიერი მხარეა შრომისა და ვაჭრობის თავისუფლება. ამ კომპონენტების მიხედვით, საქართველო ოთხივე ქვეყანაზე წინაა. სუსტი მხარეა – მთავრობის ზომა: ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველოს მხოლოდ რუსეთი ჩამორჩება.

2012 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. საქართველოს საერთო ქულა ევროპის

საშუალო მაჩვენებელზე 3.3 ქულით მეტია. ფისკალური თავისუფლების, მთავრობის ზომის, ბიზნესის, შრომის, ვაჭრობის და საინვესტიციო თავისუფლების კომპონენტების მიხედვით, საშუალო მაჩვენებლები ევროპის საშუალო ინდექსზე მაღალია. ქვეყანა ჩამორჩება საკუთრების დაცვის, კორუფციისგან თავისუფლების, მონეტარული და ფინანსური თავისუფლების მიხედვით.

2012 წლის ინდექსი თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად აზიისა და წყნარი ოკეანის ოთხ ქვეყანას და შვეიცარიას ასახელებს. თითოეული ამ ქვეყნის ინდექსი 80 ქულაზე მეტია. ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნად ჰონგ-კონგი რჩება. მას მოსდევს სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. კვლევის შეფასებით, ინდექსში ამ ქვეყნების წარმატებას ეკონომიკური თავისუფლებისკენ მიმართული რეფორმების მუდმივი და მდგრადი ხასიათი განაპირობებს.

2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლება შემცირდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ვარდნის მთავარ მიზეზად კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობის ზომის ზრდას ასახელებს.

გლობალურ გაუარესების ტენდენციას Freedom House-ი, უკვე მეექვსე წელია, აღნიშნავს: იმ ქვეყნებს შორის, რომელნიც გაუარესების ტენდენციას ინარჩუნებენ, არიან, მაგალითად, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უნგრეთი. თუმცა, გასულმა წელმა ორგანიზაციას გარკვეული იმედები გაუჩინა, რაც, უმეტესწილად, არაბულ გაზაფხულს უკავშირდება. ორგანიზაციის შეფასებით, 2011 წელს არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენები იყო ავტორიტარული მმართველობებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

Freedom House-ი მსოფლიოში თავისუფლებას 195 სახელმწიფოსა და რამდენიმე „სადავო ტერიტორიაზე” იკვლევს, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით. თითოეულ ქვეყანასა და ტერიტორიას, შეიძლება, მიენიჭოს სტატუსი: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, ან არათავისუფალი. ქულები შკალაზე 1-7-მდე ნაწილდება. რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უკეთესია ქვეყნის მაჩვენებელი. ნაწილობრივ თავისუფლად დასახელებულ საქართველოს წელსაც იგივე ქულა აქვს, რაც გასულ წელს – პოლიტიკურ უფლებებში 4, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებში – 3.

Freedom House-ი „სადავო ტერიტორიებად” მოიხსენიებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ის სამხრეთ ოსეთს აფასებს, როგორ არათავისუფალს, ხოლო აფხაზეთს ნაწილობრივ თავისუფალის სტატუსს ანიჭებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანსა და რუსეთს არათავისუფალის სტატუსი აქვთ, სომხეთსა და თურქეთს კი – ნაწილობრივ თავისუფალის.

 

კომენტარები