ინტერვიუ

ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა. აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე გიგა ბოკერიამ ტაბულას ვრცელი ვიდეოინტერვიუ მისცა. ინტერვიუს სრული ვერსია ტაბულას ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. 

 30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებს. პირველივე კითხვა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეეხება – რას ელის საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრიდან? 

ყველასთვის ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამ 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა –  ჩვენი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, საერთოდ სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის მშენებლობის, რეფორმებისა თუ ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით – გადამწყვეტი როლი, ამ მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერამ იქონია. ახალი ადმინისტრაციის ახალ პრეზიდენტთან პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, თავისთავად პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

მნიშვნელოვანია, რომ  ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველოსა და საერთოდ ევროატლანტიკური სივრცის მომავლის სკეპტიკოსებისგან, ხშირად ისმოდა, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა, ახლებური მიდგომა არსებობს – რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გვერდზე გადადებს იმ პრინციპებს, რაც მსოფლიოს ამ ნაწილში თავისუფალი ქვეყნების მხარდაჭერას გულისხმობდა. ამას გადატვირთვის პოლიტიკის გამო ამბობდნენ. ღია პროპაგანდა მიდიოდა.

2009 წლის ზაფხულიდანვე ნათელი გახდა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენი რეგიონის, ამ ქვეყნების და გავლენის სფეროების უარყოფის მიმართულებით, უცვლელი და მყარია. ეს ვიზიტი, პირველი სახელმწიფო ვიზიტი თეთრ სახლში, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ საკითხებს, რასაც მოიცავს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ამ ქვეყნების თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანა. ასევე თანამშრომლობა რეფორმებისა და დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, რომელიც შინაარსობრივად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს თემები და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, კერძოდ ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია NATO-ში – იქნება განხილვის საგანი. მოდის ჩიკაგოს სამიტი – პრეზიდენტები შეხვედრისას ამ თემაზეც ისაუბრებენ. 

ბოლო დროს აქტუალური გახდა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, საქართველოს საკითხს ცალკე მუხლი დაეთმო. მასში საუბარია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უნდა „ნორმალიზდეს”, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით. თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ, საქართველოზე მუხლი იმ საკითხებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებაც არასავალდებულოდ შეიძლება მიიჩნიოს. ფაქტია, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უმეტესწილად საგანმანათლებლო პროგრამებსა და წვრთნებს მოიცავს. მიაღწევს თუ არა საქართველოს მთავრობა პროგრესს ამ კუთხით?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვართ მხარდაჭერის – მათ შორის იმ ადამიანების, ვინც შეერთებული შტატების სენატში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ამ ტიპის ჩანაწერს დაუჭირა მხარი. ისინი ჩვენი დიდი ხნის მეგობრები არიან. სპეკულაცია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა ამ აქტზე საქართველოს უკავშირდებოდა – როგორც წესი, საკითხის ვერცოდნაა. ეს არის დისკუსია იურისდიქციასთან დაკავშირებით – აქვს თუ არა კონგრესს უფლება, რომ ასეთ საკითხებზე (და ეს თავი არის უზარმაზარი) მიუთითოს აღმასრულებელ ხელისუფლებას – ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა. ვთვლი, რომ ზოგ შემთხვევაში მაინც არაინფორმირებულობის ბრალია, ზოგ შემთხვევაში იმავე ნარატივის და პროპაგანდის გაღრმავების – თითქოს რაღაც ფუნდამენტური პრობლემებია. 

ასევე თითქმის მთლიანად შეთხზულია ნარატივი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო საქმეზე თანამშრომლობა შესუსტდა. პირიქით, გაღრმავების ტენდენცია შეინიშნება. ჩვენ შეიძლება გვსურდეს კიდევ უფრო სწრაფი გააქტიურება ამ თანამშრომლობის და ეს ბუნებრივიცაა. ამ თემებზეც გვექნება საუბარი. მაგრამ ეს თანამშრომლობა ღრმავდება და შეეხება როგორც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, ისე ამ ფარგლებს გარეთაც არსებულ პროცესებს. წვრთნებს და ამ ტიპის დახმარებას დიდი ადგილი ეკავა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, მაგრამ სურათი, თითქოს ამ თვალსაზრისით სტაგნაციაა, ან პირიქით – უკანსვლა, არაზუსტია. 

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაცია და  რუსული საფრთხის განეიტრალება, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიული ამოცანებია. რა გამოწვევებს უნდა გაართვას თავი საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამოცანების მისაღწევად?

ეს გამოწვევები და ეს ამოცანები, შარშანდელი და მომავლი წლის პრიორიტეტიც იქნება. ბუნებრივია, თუ არ მოხდება ისეთი პოზიტიური მოულოდნელობა, რომ სწრაფად შეიცვლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკა მეზობლების და, პირველ რიგში, საქართველოს მიმართ. თუ ასე მოხდება, ამ საფრთხის თავიდან აცილება, შემცირება, განეიტრალება აღარ იქნება ისე აქტუალური. დღეს, სამწუხაროდ, ეს აქტუალურია. 

კითხვა ნაწილობრივ თავისთავში პასუხსაც მოიცავდა – იმ პრობლემის მიუხედავად, რომელიც საქართველოს აქვს მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანამ კურსი უნდა გააგრძელოს, არ შეწყვიტოს ქვეყნის შიგნით რეფორმები, როგორც პოლიტიკური და ლიბერალური დემოკრატიის გაძლიერების, ისე ეკონომიკური რეფორმები ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეძებოს ახალი ბაზრები. საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ევროკავშირთან წინსვლა და ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთანაც  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ამავე დროს, უნდა დავრჩეთ რადარზე (ამ სიტყვის კარგი გაგებით), რათა ის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, რაც რუსეთთან ჩვენი პრობლემატური ვითარების მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაში მდგომარეობს, შევინარჩუნოთ. ჩვენი მოკავშირეების ყურადღება, ამ თვალსაზრისით, არ უნდა მოდუნდეს. 

მთავარი სამუშაო ქვეყნის შიგნითაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულად. არავინ არის რობინზონ კრუზო. ის ეკონომიკური კრიზისი ან პოსტკრიზისი თუ კიდევ უფრო გაღრმავდება – იგულისხმება ევროკავშირის ეკონომიკური გამოწვევები, ეს შეერთებულ შტატებსაც შეეხება – არასახარბიელო ფონს შექმნის. შეიძლება არა ისეთ დრამატულს, როგორც ეს იყო 2009-ში, მათ შორის ომის ფაქტორის გამოც. საქართველომ უნდა შეძლოს  ისეთივე სიმყარის გამოჩენა ამ გამოწვევის ფონზე, რაც 2009 წლის შემდეგ მოვახერხეთ. 2010-ში, 2011-ში ბევრი პროგნოზით, მათ შორის – არა სკეპტიკოსების ან კრიტიკოსების, არამედ ნეიტრალური კომპეტენტური ხალხის შეფასებით, ვითარებიდან ამგვარი გამოსვლა არ იყო მოსალოდნელი. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა და საერთო ტენდენციამ აჩვენა, რომ იმ რეფორმების მეშვეობით, რომელიც დღესაც გრძელდება, გამოვიჩინეთ გამძლეობის სერიოზული უნარი რთულ ვითარებაში. უნდა მოვახერხოთ და ეს ფორმა შევინარჩუნოთ. ამას რეფორმების მხრივ მუდმივი სვლა სჭირდება. ადგილზე გაჩერება ნიშნავს უკუსვლას. 

საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენამ ხელისუფლება დააპანიკა. ამის მაგალითად კი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებს ასახელებენ. რამ განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებები და იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?

ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ჩვენ არა ვართ მრავალწლიანი, ლიბერალური დემოკრატია. მაგრამ მე ვთვლი, რომ საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატიული ქვეყანა. ამ გზით სვლა გრძელდება – პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალგვარი ხალხი მონაწილეობს. მათ შორის ისეთიც, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე ფუნდამენტურ საკითხს – ჩემი და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით – აყენებს ეჭვქვეშ. ესეც ნაწილია, ფასია თავისუფლების. ჩვენ ასეთი ფიგურები გვყოლია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით. თავისუფალი საზოგადოება ამ ყველაფერს ხარშავს (სიტყვის კარგი გაგებით) და წინ მიდის. 

ჩემი შეხედულებები ამ პერსონასთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. მის საგარეო პოლიტიკურ კურსთან და ამ თემით სპეკულაციებთან – ჩემი პოზიცია უაღრესად კრიტიკულია. მაგრამ ესეც ნაწილია თავისუფლების. 

რაც შეეხება კანონმდებლობას და რეგულაციებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს ხდება ყველა ჩამოყალიბებულ ლიბერალურ დემოკრატიაში – რეგულირება იმისი, რომ დიდ ფინანსებს არ ჰქონდეს დისპროპორციულად დიდი გავლენა დემოკრატიულ პროცესზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მეორე მხრივ, საჭიროა მაქსიმალურად ეფექტური ფილტრები, ქვეყნის გარედან ფინანსური ნაკადების მეშვეობით შიდადემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოხდენისა.

ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ადამიანები უფრო საეჭვოები არიან. პირიქით, ეკონომიკური წარმატება გულისხმობს ბევრ შეძლებულ ადამიანს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ამ გავლენის  პროპორცია გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.  ყველგან ასე ხდება. ეს კანონი, სწორედ ევროპული და ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატიების გამოცდილების გაზიარებაა ამ მიმართულებით. 

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს დაემთხვა იმას, რომ კონკრეტული პერსონა გამოჩნდა – ასეც არის ხოლმე. ხშირად კონკრეტული პოლიტიკური განვითარებები ახდენს დემონსტრირებას კანონმდებლობაში არსებული ხვრელების ბოროტად გამოყენების მცდელობისა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ძალიან გამჭვირვალე დეკლარაციასთან საქმე. აქ შეთქმულების თეორიაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ  იმაზე, რაც ითქვა და გაკეთდა.

თუ ვინმე ცდილობს, რომ ხვრელები, რაც არსებობს, სისტემაში ლეგიტიმურ რეგულაციებთან დაკავშირებით გამოიყენოს – საკანონმდებლო ორგანო მოახდენს ამ თვალსაზრისით რეაგირებას. ეს ბუნებრივი პროცესია. რეგულაციები აქამდეც იხვეწებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით. არა ამ რეკომენდაციების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები გეხმარება და შენი კურსის კორექტირებას ახდენს. 

აქვე თავს უფლებას მივცემ, პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, ილუზიაა ის, რომ ამ მეთოდებით ქვეყნის დიდი ხნის არჩევანის წყალში გადაყრა შეიძლება. იმ არჩევანის, რომელსაც მრავალი თაობის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს იმ ფუნდამენტურ კონსენსუსს, რაც ბოლო წლებში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობდა. პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ამ ცდუნებას ვერ გაუძლო. 

NATO-საქართველოს ურთიერთობას რომ შევეხოთ: NATO-ს გენერალურმა მდივანმა ახლახან განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს რეფორმებში, მას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის ოპერაციაში, თუმცა კიდევ არის შესასრულებელი სამუშაოები. ჩიკაგოს სამიტი მაისში ჩატარდება. რა სამუშაოები აქვს გასატარებელი საქართველოს NATO-სთან დაახლოების კუთხით და რა ამოცანის მიღწევას ისახავს მიზნად საქართველოს ხელისუფლება ჩიკაგოს სამიტზე?

როცა ლაპარაკია სამუშაოების შესრულებაზე ან რეფორმის გაგრძელებაზე – პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ხოლმე საკითხის ისე დაყენების, რომ რეფორმები და ქვეყნის წინსვლა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით (რაც მნიშვნელოვანია) პროგრესის დემონსტრირება მოხდეს. მთავარია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენში ვგულისხმობ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს თავისუფალ, ნორმალურ, ძლიერ ქვეყანაში იცხოვროს. ეს ორგანიზაციები, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიების კლუბი შეგვიძლია ვუწოდოთ (მათ შორის, NATO), ამას აქცევს ყურადღებას. ეს ჩვენივე ინტერესია და, ამავე დროს, ემთხვევა შიდა და საგარეო ინტერესს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ინტეგრაცია თვითონ ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ რომ, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობით დატოვებული გამოწვევები და რეფორმები არის გასაგრძელებელი, არამედ ფიზიკური საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა.

თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ზოგიერთი ბარიერი, რომელიც შეგვხვდა ამ გზაზე და შეაფერხა წინსვლა, არ უკავშირდებოდა ჩვენი რეფორმების ხარისხს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 2008 წლის აგრესიის შემდეგ, რომ პოლიტიკურად  მომხდარიყო ძალიან მკაფიოდ დეკლარაცია, რომ ეს ბარიერი არ არის – ასე ვთქვათ დაბეტონებული. საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული წონის გამო – ვგულისხმობ ჩრდილოელ მეზობელს – ჩვენი წინსვლის დაბლოკვა არავის შეუძლია.  ინტეგრაციას, საბოლოოდ, შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე  გვსურდა. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა. 

გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს NATO-სთან – აი, ამის დემონსტრირებაა ჩვენთვის ძალიან დადებითი პოლიტიკური სიგნალი. ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დასრულდება პროცესი და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მოხდება ამ სამიტზე. ეს სამიტი საერთოდ არ არის NATO-ს გაფართოებისადმი მიძღვნილი, ის ISAF-თან და რეგიონულ კოოპერაციასთანაა დაკავშირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.  

ამ თვალსაზრისით გასული წელი წარმატებული იყო. თუმცა, ამოცანა იგივე რჩება და მივაღწევთ – საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც უსაფრთხოების, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის. 

დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა. საქართველოს მთავარ საფრთხეებს შორის, დოკუმენტი რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს ასახელებს. მოსკოვი 2012 წლის შემოდგომაზე კავკასიაში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფართომასშტაბიანი სამხედრო  წვრთნების „კავკაზ-2012”-ის ჩატარებას გეგმავს. საომარ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სამხედრო მოქმედებები, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად აღარ მოქმედებს ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რუსეთის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, პროვოკაციული ჟესტია. როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება რუსულ საფრთხეს?

ვთვლი, რომ ეს, ისევე როგორც მრავალი სხვა ნაბიჯი, მეტია, ვიდრე პროვოკაცია. პროვოკაციაა, როცა რაღაცას აკეთებ და აგრესია ჯერ განხორციელებული არ არის. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეთნიკური წმენდაა ჩატარებული და რუსეთი ჯერჯერობით უარს აცხადებს, მოლაპარაკებების პროცესი დაიძრას ამ მიმართულებით.

ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება მრავალი წელია უკვე არ არის ძალაში. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიამდე, 2007 წლის ბოლოს გამოვიდა რუსეთი. ეს იყო რეაქცია საქართველოს და, საერთოდ, ამ სივრცის მისი გავლენის სფეროდან გამოსვლაზე.

ეს წვრთნებიც, განცხადებებიც, რომლებიც ბოლო წლებში გვესმის, ტერაქტები, რომლის თაობაზე იყო ძალიან მყარი მტკიცებულებები რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობისა – ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ აგრესიის სხვადასხვა ფორმით გაგრძელებაა. იმ პოლიტიკური ფასის გამო, რომელიც რუსეთს დაუჯდებოდა ეს აგრესია, ჩვენ არ გვემუქრება  ფართომასშტაბიანი მყისიერი ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი შევინარჩუნოთ.

რუსეთის ფედერაცია ნამდვილად არ არის ჩრდილოეთ კორეა, რომ საერთოდ არ აღელვებდეს, თუ როგორ გამოჩნდება. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავისი ქმედებების თუნდაც ძალიან ცინიკურ, მაგრამ მაინც შეფუთვას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქ ყოფნით, ისევე როგორც მუდმივად ამ საკითხზე პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმით უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ცინიკური შესაძლებლობებიც შევუზღუდოთ.

რუსეთში განვითარებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას რომ შევეხოთ – პოლიტიკურად ინერტული რუსული საზოგადოების ნაწილის გამოღვიძებამ, გარკვეული იმედები გააღვივა კრემლის ოპონენტებში. როგორ შეაფასებთ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში?

ბუნებრივია, მე არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, რომ დეტალურად მიმოვიხილო შიდა ვითარება. ჩემთვის, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ვისურვებდი, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მეზობლებს, მათ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას პატივს სცემს (და ეს, ვთვლი, რუსი ხალხის ინტერესიცაა). იმის გაცნობიერება, რომ პერსპექტივა არა აქვს იმპერიის აღდგენის მცდელობას, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შედის ნებისმიერი ქვეყნის, რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებში, რომელთაც სურთ ის თავისუფალი ქვეყანა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გარდაქმნას თან სდევს უფრო ცივილიზებული ურთიერთობები მეზობლებთან. 

ერთხელაც უნდა გავიხსენო ის თემა, რაზეც ვისაუბრეთ. მთელი ეს კონცეფცია, რომ რუსეთი არასდროს არ შეიცვლება, რომ ესა თუ ის ფიგურა – ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი პუტინი – არის ხალხის არჩევანი, და ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ მივესადაგოთ მას, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი, პოლიტიკურად ამორალური და უზნეო, თან პრაგმატულადაც მცდარია. ამ გზით წასულს წარმატებისთვის არავის მოუღწევია. პირიქით, ვინც პრინციპულად გააღწია ამ გავლენის სფეროდან, მან შეძლო რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება”. და მეორე – რუსეთის ეს არჩევანი, სულ მცირე, გადაჭარბებულია, როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა.

კომენტარები