სასამართლო

კომპენსაცია 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტებისათვის

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის მოვლენების დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია და „გაზეთ ბათუმელების“, „ჩოხატაურის მაცნეს“, „ახალი ამბების“, „რადიოცენტრ პლიუსის“ ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აქციის დაშლის დროს წართმეული ტექნიკის დაბრუნებასა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით მიყენებული ზიანი კონსტანტინე სტალინსკის 12 ლარის, თამაზ კუპრეიშვილის 30 ლარის, ნატო გოგელიას - 17 ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ. სასამართლომ შსს-ს ასევე გაზეთ „ბათუმელებისთვის“ ორი კამერის დაკარგვით მიყენებული ზიანის, 1940 ლარის ანაზღაურება დააკისრა. სააგენტო „ახალი ამბებსთვის“ კი ფლიპ-კამერის საფასურის - 304 ლარის.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე ჟურნალისტთა ნაწილის მოთხოვნა, რომლებიც ასევე ითხოვდნენ 26 მაისს სამსახურებრივი ტექნიკის განადგურებითა და დაკარგვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. მოსამართლის განმარტებით, მათი მოთხოვნის კანონიერება სათანადოდ ვერ იქნა დამტკიცებული.

 

კომენტარები