
აღსანიშნავია, რომ ბოლო 40 წლის მანძილზე ელიო დი რუპო პირველი ფრანგულენოვანი პრემიერ-მინისტრია. ის უხელმძღვანელებს სოციალისტების, ლიბერალებისა და ქრისტიან დემოკრატების კოალიციურ მთავრობას. ამასთან, თითოეული პარტია ვალონური და ფლანდრიული ფრთის წარმომადგენლებად იყოფა.
ბოლო პოლიტიკური კრიზისი ბელგიაში გასული წლის ივნისში დაიწყო. ამის მიზეზი, ორ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირება გახდა. ფლანდრიელები, რომლებიც ბელგიის ჰოლანდიურენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ და ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთით ცხოვრობენ, მოსახლეობის 60%-ს შეადგენენ. ხოლო სამხრეთში მცხოვრები ფრანგულენოვანი ვალონები დანარჩენ 40%-ს. მოსახლეობას შორის ენობრივი სხვაობა ამჟამინდელი მმართველობის სისტემის სირთულის მიზეზიც არის.
კრიზისი დასრულებულია. დაპირისპირება ბელგიის ორ ყველაზე დიდ რეგიონს შორის მაშინვე შეწყდა, როგორც კი ქვეყანას ევროკრიზისი შეეხო. უკანასკნელ პერიოდამდე მოლაპარაკებები გრძელდებოდა 2012 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რაზეც პარტიები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. რამდენიმე დღის წინ ბელგიის საკრედიტო რეიტინგი დაეცა და ვითარება შეიცვალა. სარეიტინგო სააგენტოს თქმით, ეს ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებების ბრალი იყო. ევროკრიზისმა აიძულა ბელგიელი პოლიტიკოსები, შეთანხმებისთვის მიეღწიათ. შედეგად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებები დასრულდა. 6 პოლიტიკური პარტია ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა.

ევროკავშირის მხრიდან ამას დადებითი შეფასება მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისიის წარმომადგენლები გადახედავენ ახალი ბიუჯეტის ტექსტს და განსაზღვრავენ, მართლაც შეესაბამება თუ არა ის ევროპის მოთხოვნებს.
ბელგიაში არსებული ვითარება მდიდარ ჩრდილოეთსა და შედარებით ღარიბ სამხრეთს შორის ევროზონის მდგომარეობის მსგავსია. უფრო მდიდარი ჩრდილოეთის ქვეყნები დაიღალნენ ისეთი ქვეყნების სუბსიდირებით, როგორიც საბერძნეთი და იტალიაა. ბელგიის საბიუჯეტო გადასახადებში ლომის წილი სწორედ ჩრდილოეთის ფლანდრიული მოსახლეობისგან შემოდის. შესაბამისად, ფლანდრიელები უფრო მეტად მემარჯვენე ძალებს, ხოლო ვალონები სოციალისტურ პოლიტიკურ პარტიებს ემხრობიან.





