თავისუფალი ვაჭრობა

რას მოგვიტანს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა

მალე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ქვეყნის ხელისუფლება ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკას დიდი ხანია ატარებს და ამ გზით ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. თუმცა, მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა საკმარისი არ არის – მცირე მასშტაბის გამო, ქვეყნის ბაზარი, ინვესტორების ინტერესის საგანი ვერასოდეს გახდება, თუ მსოფლიო ეკონომიკაში სრულად არ ინტეგრირდება. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ქვეყნას კაპიტალდაბანდებებისთვის გაცილებით მიმზიდველს გახდის.

ვაჭარი – ეს სიტყვა ჩვენი მოქალაქეების, და არა მარტო მათ, აღქმაში დღემდე ატარებს ნეგატიურ კონოტაციას. თითქოს რაღაც სამარცხვინო იყოს, თუ ადამიანი რაიმე საქონლის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული. ასეთ დამოკიდებულებას ისტორიულ-კულტურული საფუძველი აქვს. არსებობდა არაერთი ცივილიზაცია, რომელიც საამაყოდ და ღირსეულად მიიჩნევდა ბრძოლას, თავდადებას, სიმამაცეს, თავგანწირვას, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობითა და მშვიდობიანი ცხოვრებით იყვნენ დაკავებული, მეორეხარისხოვან არსებებად თვლიდა. ასეთი ტიპის ცივილიზაციებს რამდენიმე დამპყრობელი მიეკუთვნებოდა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდნენ სამხრეთ კავკასიას და ჩვენი კულტურის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.

ვაჭრობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი საბჭოთა 70-წლიანმა პერიოდმა ითამაშა. თავისუფალი ვაჭრობა, ანუ საკუთრებაში არსებული საქონლის თავისუფალი გაცვლის სისტემის არსებობა, იმდენად შეუთავსებელი იყო ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული ეკონომიკისთვის, რომ 1931 წელს კერძო ვაჭრობა საბჭოთა კავშირში პირდაპირ აიკრძალა. მათ, ვისაც მოუწია ამ პერიოდში ცხოვრება, ემახსოვრებათ სპორტსმენებისა თუ მსახიობების მიერ (ამ და სხვა რამდენიმე პროფესიის ადამიანებს საშუალება ეძლეოდათ გასულიყვნენ საბჭოთა საზღვრებს მიღმა) საზღვარგარეთიდან გასაყიდად ჩუმად შემოტანილი ჯინსები და ვიდეოპლეიერები. ემახსოვრებათ ე.წ. სპეკულანტებიც, რომლებიც მოსკოვში თავშეყრის ადგილებში ფარულად ყიდდნენ სალამანდრას ბრენდის ფეხსაცმელებს. სპეკულანტობა განეკუთვნებოდა „უშრომელი შემოსავლის” ერთ-ერთ ნაირსახეობას, სირცხვილად ითვლებოდა და კანონით ისჯებოდა. ის, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში სიკეთეს აკეთებდნენ, რადგან ყიდულობდნენ საქონელს იქ, სადაც ჭარბად იყო (პასუხისმგებლობაში მიცემის რისკის ფასად) და ყიდდნენ, სადაც მასზე მაღალი მოთხოვნა იყო – არავის აინტერესებდა.

ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ კულტურა, რომელშიც ვაჭრობა არა თუ არ არის დაფასებული, არამედ უღირს საქმიანობად ითვლება. დღემდე, საქონლის ყიდვა-გაყიდვით დაკავებულ ადამიანებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთაც განსხვავებული (ჩემი აზრით, ცივილური) დამოკიდებულება აქვთ ვაჭრობის ფენომენისადმი – ხშირ შემთხვევაში ღიად თუ ქვეცნობიერად, ზევიდან ვუყურებთ. ნარკომანიით დაავადებული ადამიანიც კი, რომლისთვისაც აკრძალვის პირობებში სასურველი დოზის მიღების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს ჩვეულებრივი ვაჭარი, ამ წყაროს დამამცირებელი ზედმეტსახელით მოიხსენიებს – „ბარიგა”.

სინამდვილეში ვაჭრობას მხოლოდ სიკეთე მოაქვს და ნეგატიური გვერდითი ეფექტი პრაქტიკულად არ გააჩნია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვაჭრობის საშუალებით ხდება საქონლის გადანაცვლება ნაკლებად მოთხოვნადი სივრციდან (ანუ სადაც ეს საქონელი ჭარბადაა) მეტად მოთხოვნად სივრცეში (ანუ სადაც ეს საქონელი დეფიციტურია), რითიც იზრდება საზოგადოების საერთო კეთილდღეობის დონე. ამას გარდა, ვაჭრობა ასრულებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებსაც. მისი საშუალებით ადამიანებს საშუალება ეძლევათ დაიკმაყოფილონ მოთხოვნები ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოების საშუალებაც თავად არ გააჩნიათ. ვაჭრობის გზით ჩვენ ვიღებთ ახალ ცოდნას, მეტ ფულს, კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას, რომელიც მომავალში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ისტორიულად, თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით არაერთი არგუმენტი მოიყვანეს, თუმცა ეკონომიკური აზრის განვითარებასთან ერთად მათი დამაჯერებლობაც დაიკარგა. მაგალითად, იმ პერიოდში, როდესაც ოქრო ბუნებრივად იქცა გაცვლის ყველაზე გავრცელებულ მედიუმად (იგივე ფულად), სამეფოები კრძალავდნენ ვაჭრობას ოქროს გადინების შემცირების მიზნით. შიდა მრეწველობის „წასახალისებლად” ხშირად იკრძალებოდა სხვა სამეფოდან იმავე ნაირსახეობის პროდუქტის იმპორტი. ვაჭრობაზე სხვადასხვა ტიპის ბარიერები პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად არაერთხელ გამოყენებულა.

ის, რომ ხშირ შემთხვევაში სამეფოთა თუ სახელმწიფოთა მეთაურები ვერ აცნობიერებდნენ თავისუფალი ვაჭრობის თანმხლებ სიკეთეებს, სულაც არ ნიშნავს, რომ საუკუნეების განმავლობაში ეს არავის ესმოდა. არაერთი მკვლევარი, რომელიც მეტ-ნაკლებად აანალიზებდა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ამა თუ იმ ასპექტს, ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა და ვაჭრობის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ მხარეს ასაბუთებდა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ისტორიაში, ეს ცოდნაც არაერთხელ დაიკარგა და შემდეგ ხელახლა აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი ხედვა, რომელიც ვაჭრობის ეკონომიკურ ანალიზთანაა დაკავშირებული და ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნემდე, გაცვლის ფენომენს ეხებოდა. ბევრი ეკონომიკის მკვლევარი მიიჩნევდა, რომ გაცვლის მომენტში ერთი მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, მეორე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ტოლია. სხვა შემთხვევაში, გაცვლა ან ვერ შედგება ან უსამართლო იქნება, რადგან ერთი მხარე დაზარალდება. ასეთი ხედვა, ცხადია, ხელს არ უწყობდა თავისუფალი ვაჭრობის იდეის პოპულარიზაციას, რადგან ადამიანთა წარმოდგენაში ვაჭრობა აღიქმებოდა ერთი მხარის მიერ მეორის ხარჯზე გამდიდრების მექანიზმად და ბუნებრივად იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას. სავაჭრო გაცვლის ამგვარი აღქმის აბსურდულობა შემდგომში არაერთგზის დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, მაგალითად, იგივე კომუნისტები ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ შესაძლებელია თითოეული პროდუქტის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა. მათი აზრით, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და თავიდან მოიშოროს ბოროტი კაპიტალისტები, რომლებიც სინამდვილეს ამრუდებენ. შესაბამისად, პროდუქტი უნდა გაიყიდოს (ანუ გაიცვალოს ფულზე) მხოლოდ „სამართლიან” ფასად. ეს ნიშნავს, რომ გაცვლის მომენტში გაცვლის ობიექტთა ღირებულება უნდა იყოს ტოლი, რომ ერთი მხარის მიერ მეორის „ექსპლუატაცია” არ მოხდეს.

ვაჭრობის თანამედროვე ხედვა კარდინალურად განსხვავებულია – გაცვლის ობიექტების ღირებულება არათუ ტოლია, არამედ აუცილებლად სხვადასხვაა. თუმცა ღირებულება წარმოადგენს სუბიექტურ ცნებას. ნებისმიერი გაცვლის აქტის დროს, ერთი მხარე ყოველთვის უფრო მეტად აფასებს მეორე მხარის საკუთრებაში არსებულ საქონელს, ვიდრე მისსავე საკუთრებაში არსებულს. სწორედ ამიტომ ხდება გაცვლა, რომელიც თანაბარი ღირებულების არსებობის შემთხვევაში უბრალოდ აზრს დაკარგავდა. რატომ უნდა გადავიხადო 2 ლარი ერთ კილოგრამ ვაშლში, თუ ჩემთვის სულერთია 2 ლარი მექნება თუ 1 კილოგრამი ვაშლი? ვიხდი იმიტომ, რომ იმ მომენტში ჩემთვის 1 კილოგრამი ვაშლი უფრო ღირებულია, ვიდრე ჯიბეში არსებული 2 ლარი. შესაბამისად, ვაშლის გამყიდველიც თვლის, რომ მისთვის 2 ლარი უფრო ღირებულია, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ არ გაყიდდა ვაშლს. შედეგად, ორივე მხარე მოგებული რჩება, რადგან იღებს მისი აზრით უფრო ღირებულ საქონელს – ანუ იზრდება ორივე მხარის, და შესაბამისად საერთო, კეთილდღეობა.

თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივად მომგებიანობის სრულყოფილი მეცნიერული დასაბუთება, პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოგვთავაზა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ეკონომისტმა, დევიდ რიკარდომ. სწორედ მან აღმოაჩინა და აღწერა შედარებითი უპირატესობის კანონი, რომ ორი ქვეყანა (ან ორი პირი) იმ შემთხვევაშიც კი იგებს ვაჭრობით (პროდუქტების გაცვლით), როდესაც ერთ-ერთი მათგანი მეორესთან შედარებით ყველა პროდუქტის წარმოებას უფრო ეფექტურად ახერხებს.

ამ ფენომენის ახსნა მარტივი მაგალითით არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ ორ ადამიანს შეუძლია დღის განმავლობაში დაამზადოს ყველი ან გამოაცხოს პური. ამასთან, პირველი მეორესთან შედარებით ორივე საქმეს გაცილებით ეფექტურად აკეთებს. თუ ორივე მათგანი მხოლოდ პურის ცხობით დაკავდება, პირველი დღეში გამოაცხობს 60, ხოლო მეორე 10 პურს. მხოლოდ ყველზე ფოკუსირების შემთხვევაში პირველის დღიური წარმადობა იქნება 20 ყველი, ხოლო მეორესი 10 ყველი. თუ ეს ორი ადამიანი არ ივაჭრებს და შეეცდება პურსა და ყველზე მოთხოვნა თავად დაიკმაყოფილოს (ვთქვათ, დროის ნახევარს დაუთმობს თითოეული პროდუქტის წარმოებას), დღის ბოლოს პირველს ექნება 30 პური და 10 ყველი, ხოლო მეორეს – 5 პური და 5 ყველი. საერთო ჯამში კი, 35 პური და 15 ყველი დამზადდება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ფოკუსირება ერთ პროდუქტზე, რომლის დამზადებაშიც ისინი უფრო ეფექტურები არიან, ხოლო შემდეგ მათი გაცვლა (ვაჭრობა). ვთქვათ, პირველმა დროის მხოლოდ მეოთხედი დაუთმო ყველის დამზადებას, ხოლო ¾ – პურის ცხობას. შედეგად, დღის ბოლოს მას ექნება 45 პური და 5 ყველი. დავუშვათ, მეორემ მთელი დრო დახარჯა მხოლოდ ყველის დამზადებაზე და დღის ბოლოსთვის მიიღო 10 ყველი. ასეთ შემთხვევაში დამზადებული პროდუქციის საერთო რაოდენობა იქნება 45 პური და 15 ყველი (10 პურით მეტი, ვიდრე თვითკმარი წარმოების დროს). თუ, მაგალითად, პირველი გაუცვლის 7 პურს მეორეს 5 ყველში (ანუ ივაჭრებს), ორივე მათგანი უფრო მოგებული დარჩება – მიიღებს მეტ პურს ყველის იმავე რაოდენობის პირობებში – ვიდრე პირვანდელ ვერსიაში, როდესაც ისინი არ ვაჭრობდნენ.

რიკარდოს ამ კანონიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ ვაჭრობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარისთვის მომგებიანია. მაშინაც კი, როდესაც ერთი მხარე ქმნის ბარიერებს, მეორე მხარე მაინც იგებს – თუ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იყენებს. რაოდენ დამაჯერებლადაც უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, დღესაც, ორი საუკუნის შემდეგ, უამრავი ქვეყანა ვაჭრობის რეჟიმებთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ისინი, გარკვეული ინტერესთა ჯგუფის სასარგებლოდ ატარებენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საზიანო პოლიტიკას და ვაჭრობას აფერხებენ.

რაიმე სახის პროდუქციაზე, საბაჟო გადასახადების დაწესება, ასეთი პოლიტიკის ტიპური მაგალითია. როგორც წესი, ამ ტიპის გადასახადების შემოღებას იმავე პროდუქციის შიდა მწარმოებლები ლობირებენ. სწორედ მათ ინტერესს წარმოადგენს, რომ საბაჟო გადასახადის გადახდის შემდეგ იმპორტირებული პროდუქციის ფასი გაიზარდოს. ამგვარ შემთხვევაში, მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია იაფი ფასის გამო უფრო კონკურენტული იქნება. ლობირების პროცესში, როგორც წესი, აქცენტი სამამულო წარმოების განვითარების აუცილებლობაზე და დასაქმებაზე კეთდება. თუმცა ძალიან მარტივი ანალიზითაც ნათელია, რომ მსგავსი მიდგომით მხოლოდ ეს კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი ხეირობს – რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი (თუ დასაქმებულებსაც ჩავთვლით). რაც არ ჩანს, ასეთ შემთხვევაში დაზარალებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილია – ამ პროდუქციის მომხმარებლები, რომელთაც მისი შესყიდვა უწევთ გაზრდილ ფასში. საბაჟო გადასახადის არარსებობის შემთხვევაში ეს ადამიანები იმავე პროდუქტს, ოღონდ იმპორტირებულს, იაფად შეიძენდნენ. მათ დამატებით დარჩებოდათ ფული, რომელსაც სხვა პროდუქციის შესყიდვაზე დახარჯავდნენ. შესაბამისად, „კეთილდღეობის დონე” უფრო მაღალი იქნებოდა. და რა უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობა თუ რომელიმე ადგილობრივი მწარმოებლის მოგება?

ეკონომიკის რომელიმე სექტორის სახელმწიფო სუბსიდირებაც თავისუფალი ვაჭრობის ირიბი ბარიერია. ასეთი პოლიტიკის გასამართლებლად ინტერესთა ჯგუფებს იგივე არგუმენტები მოჰყავთ – ადგილობრივი წარმოების განვითარება, დასაქმება. თუმცა რეალური მიზანი აქაც იგივეა – კონკრეტული ადამიანების მიერ მოგების მიღება. შედეგად, ხელოვნურად ხდება ადგილობრივი პროდუქციის გაიაფება, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს იმპორტირებულ პროდუქციას. მოსახლეობა კვლავ ზარალდება – უწევს საკუთარი გადასახადებით ეკონომიკის რომელიმე სექტორის ხელოვნურად შენარჩუნება. ეს სხვა არაფერია, თუ არა რაღაც ტიპის პროდუქციაში იძულებით ფულის გადახდა – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პროდუქტს საერთოდ არ მოიხმარს.

საქართველომ, უკანასკნელ წლებში, საგარეო ვაჭრობისადმი მიდგომა კარდინალურად შეცვალა და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე გააკეთა აქცენტი. შედეგად, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, ყოველწლიურად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტს ვაწარმოებთ და ვყიდით. ასევე, გაგვიჩნდა მეტის შეძენის (იმპორტის) შესაძლებლობა. ასეთი პოლიტიკით ვიგებთ ყველა, განსაკუთრებით კი მოსახლეობის უკიდურესად გაჭირვებული ნაწილი, რომელსაც ეძლევა საშუალება შეიძინოს იაფი პროდუქცია. გრძელვადიან პერსპექტივაში. მოგებული რჩება ბიზნესი. ეს სფერო იძულებული გახდა სასათბურე პირობებიდან გამოსულიყო და კონკურენტულ გარემოში ეზრუნა ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების ეფექტურობის გაზრდაზე. მომავალ წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 450-მილიონიან ბაზარზე შესვლის საშუალება მოგვეცემა. ეს პირდაპირ, თუმცა ნელ-ნელა, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. მთავარია გვახსოვდეს, რომ ვაჭრობა კარგია ყოველთვის, არ არის სათაკილო და გვეყოს ნებისყოფა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ან რაიმე სხვა მიზეზით, ხელოვნური სავაჭრო ბარიერები არ შევქმნათ.

 

კომენტარები