გლობალური სოფელი

მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორია

-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ტელევიზორი და ტელეფონი ფართო მოხმარების საგნებად იქცა, კანადელმა ფილოსოფოსმა, მარშალ მაკლუჰანმა და ამერიკელმა ფსიქოლოგმა, სტენლი მილგრამმა ერთმანეთის დამოუკიდებლად ტექნოლოგიების გავლენაზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ მაშინ იშვა ორი ურთიერთდაკავშირებული ტერმინი: მაკლუჰანის „გლობალური სოფელი” და მილგრამის „დაშორების ხარისხი”. მილგრამი აშშ-ის მასშტაბით გაგზავნილ წერილებსა და ღია ბარათებს სტატისტიკური მეთოდების საშუალებით იკვლევდა. ის გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდა: ნებისმიერ ორ ადამიანს შორის დაშორების ხარისხი ექვსს უდრიდა, ანუ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, გყავთ ნაცნობი, რომელსაც ჰყავს ნაცნობი, მაშინ თქვენსა და ნაცნობის ნაცნობს შორის დაშორების ხარისხი ორი იქნება. თქვენსა და თქვენს ნაცნობს შორის კი − ერთი. მილგრამმა აჩვენა, რომ დედამიწაზე ნებისმიერად შერჩეულ ორ ადამიანს შორის შეიძლება „ნაცნობის ნაცნობის ნაცნობის ნაცნობის ნაცნობის ნაცნობის’’ პოვნა. მაკლუჰანმა კი შენიშნა, რომ ტელეკომუნიკაციების განვითარებასთან ერთად მსოფლიო აღქმის თვალსაზრისით უფრო და უფრო პატარავდებოდა – ამიტომაც მას „გლობალური სოფელი” უწოდა, სადაც ყველა ყველას დაშორების მეექვსე ხარისხში იცნობდა.

გასულ კვირას გაზეთმა New York Times-მა მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის შედეგები მთელ მსოფლიოს ახარა. მილანელმა მეცნიერებმა სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც სოციალური ქსელის, Facebook-ის მომხმარებლების სამეგობრო წრეს აკვირდება და მათ შორის კავშირებს შეისწავლის. გამოთვლამ ერთ თვეზე მეტ ხანს გასტანა, კვლევის ფარგლებში დაამუშავეს რამდენიმე ასეული მილიონი მომხმარებლის მეგობრების სია და შედეგი დამაფიქრებელი აღმოჩნდა: დაშორების ხარისხი Facebook-ში შეადგენს არა ექვსს, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ 4.74-ს. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ოთხს უდრის, განვითარებად ქვეყნებში კი – ხუთს. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსთა ნაწილი გამოქვეყნებულ შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს, გლობალიზაციის ევანგელისტები ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეეგებნენ, ვინაიდან უკანასკნელ ორმოცდაათ წელიწადში დაშორების ხარისხის კლება უშუალოდ მიანიშნებს გლობალიზაციის სიჩქარის ზრდაზე. ადამიანები უფრო და უფრო მეტ კავშირებს ამყარებენ უცხოელებთან, აღარ არიან ჩაკეტილები საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ჩარჩოებში, შესაბამისად, უფრო მეტი ურთიერთობის ძაფი იბმება ციმბირის ტუნდრიდან ამაზონის ტყეებამდე, გრენლანდიის სოფლებიდან ახალი ზელანდიის კუნძულებამდე და ა.შ.

სტენლი მილგრამის აღმოჩენას, გასულ საუკუნეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეცნიერების საზღვრებს გაცდა. უმრავლესობამ ამის შესახებ ჰოლივუდში 1993 წელს გადაღებული ფილმის წყალობით იცის, სადაც უილ სმიტის პერსონაჟი თავს სიდნი პუატიეს შვილად ასაღებს და მდიდარ ნიუ იორკელებს ქურდავს. მილგრამის ძალისხმევითა და ჰოლივუდური კინონამუშევრის წყალობით „დაშორების ექვსი ხარისხი” მჭიდროდ დამკვიდრდა ინგლისურში, როგორც გლობალური სოფლის საზომი, თუმცა Facebook-ის მაგალითმა ცხადყო, რომ ეს ტერმინი ცვლილებას საჭიროებს. ციფრული ეპოქის მკვლევრები, ერთი მხრივ, მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორიაზე ალაპარაკდნენ, რომელიც მათი განმარტებით, გლობალური ქსელის საზომია, მეორე მხრივ კი, განსჯა დაიწყეს მომავლის ტექნოლოგიების რაობისა და გვარობის შესახებ. ეს უკანასკნელი დაშორების ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ტელეგრაფი-ტელეფონი-ტელევიზორი-ელ.ფოსტა-ინტერნეტი... რა იქნება შემდეგი?! − გაისმის აქა-იქ ხმა მღაღადებელი ინტერნეტსა შინა, რომელსაც Facebook-ის 700 მილიონი მომხმარებლის მაუსის წკაპუნი ახშობს.

 

კომენტარები