მობილურ ბაზარზე ახალი და თანამედროვე მიდგომა – MVNO ანუ ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორი – სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვეულებრივი MNO-სგან ანუ ქსელური მობილური ოპერატორისგან, ვირტუალური იმით განსხვავდება, რომ საკუთარი ლიცენზირებული სპექტრი არ გააჩნია.
ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორის ბაზარზე გამოჩენას, ხშირად ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, როცა ბაზარზე შესასვლელად ნაკლები ბარიერი არსებობს. მეორე, როცა ქსელური ოპერატორი თვითონ გადაწყვეტს, მომხმარებელთა ბაზის გაფართოების მიზნით, დამატებითი ბრენდები შექმნას და ამით ის კლიენტიც მოიზიდოს, რომლისთვისაც სტანდარტული სატარიფო სქემა მისაღები არ არის.
ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Virgin Mobile UK – პირველი ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორი მსოფლიოში. კომპანია 1999 წლიდან, საკუთარი ქსელის გარეშე ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. ყველა ამ ქვეყანაში Virgin Mobile UK-ს სხვადასხვა მობილურ ოპერატორთან აქვს კონტრაქტები გაფორმებული. გაერთიანებულ სამეფოში ასეთია T-Mobile, შეერთებულ შტატებში – Sprint-ი, ხოლო კანადაში – Bell Mobility.
Virgin Mobile UK-მ წარმატებას რამდენიმე მიზეზის გამო მიაღწია. ჯერ ერთი, პროდუქტები დააჯგუფა და მომხმარებელს განსხვავებული სატარიფო სისტემა შესთავაზა – ამით, პირველ რიგში, იმ მომხმარებლებს გადასწვდა, ვისაც მასპინძელი ოპერატორების მაღალი ტარიფების გადახდა არ შეეძლო. მეორეც, დამატებითი ღირებულების მქონე სერვისები ჩართო – მაგალითად, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ მომზადებული ახალი ამბები პირდაპირ მობილურში.
დღეს Virgin Mobile UK-ში 1 700 ადამიანი მუშაობს. სამი დიდი ოფისის გარდა, კომპანია ფლობს მომხმარებელთა სერვისცენტრს, სადაც დამატებით კიდევ ორასამდე ადამიანია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ქსელი არ აქვს, Virgin-ი ორჯერ დაასახელეს საუკეთესო ქსელურ ოპერატორად, ხოლო მისი ერთ-ერთი მასპინძელი ოპერატორი – ყველაზე უარეს მობილურ ოპერატორად. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ამ ორი კომპანიის ქსელიც და ძირითადი პროდუქტებიც, საერთო იყო.
ჩვეულებრივი მობილური ოპერატორების სისტემისგან განსხვავებით, ვირტუალური მობილური ოპერატორი ბევრად უფრო მოქნილია. ეს სისტემა თავისი არსით საბითუმო გარიგებაა. ამ გარიგებაში ვირტუალური ოპერატორი საცალო გამყიდველია, ხოლო ჩვეულებრივი მობილური ოპერატორი – მწარმოებელი. მთელი სისტემა დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც სუპერმარკეტი: ვირტუალური მობილური ოპერატორი ქსელურისგან სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობს და შემდეგ ყიდის. შეუძლია აარჩიოს მხოლოდ ის პროდუქტი, რაზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და ამით მოგება გაზარდოს. ასევე, მომხმარებელს სხვადასხვა მობილური ოპერატორების საუკეთესო პროდუქტების მიქსი შესთავაზოს. ის მწარმოებელთან მოლაპარაკებას აწარმოებს და პროდუქტების შესყიდვის ხარჯს ამცირებს. ეს ძირითადად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე და პროდუქციის ხარისხზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურაში მუდმივი ინვესტირება არ სჭირდება. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, თუ დარწმუნებულია, რომ დაფარვის ზონასა და მომხმარებელთა არეალს გაზრდის. ვირტუალური მობილური ოპერატორის სამყაროში დამატებითი ხარჯებისთვის ადგილი არ რჩება. ცნება „სტრატეგიული ინვესტირება” აქ არ მუშაობს. ყველა ინვესტიცია გამიზნულია და მოგების უმოკლეს დროში ზრდისკენ არის მიმართული.
2011 წლის მაისის მონაცემებით, მსოფლიოში 645 ვირტუალური ქსელური მობილური ოპერატორი არსებობს. ამ ოპერატორებს 515 კომპანიასთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული. კომპანიები მსოფლიოს 36 ქვეყანაშია გადანაწილებული. ზოგიერთი კომპანია ერთსა და იმავე ქვეყანაში რამდენიმე ვირტუალურ ოპერატორს მართავს. ყველაზე მეტი – 52 ოპერატორი აშშ-ში მოქმედებს.





