ფლორიან ალბერტი

ბოლო დიდი უნგრელი

 ოქტომბერს ბუდაპეშტში ფლორიან ალბერტი გარდაიცვალა.

ოთხი დღით ადრე გულზე გადაიტანა ოპერაცია, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ 31-ში, გამთენიისას სწორედ იმ გაჭრილ-გაკერილმა გულმა უმტყუნა.

ევროპის 1967 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის ერთადერთი უნგრელი ლაურეატი ფლორიან ალბერტი 70 წლის იყო.

დღეს, როცა ყველას პირზე აკერია არგენტინელი, ესპანელი, ინგლისელი თუ ბრაზილიელი ფეხბურთელების სახელები, როცა ბავშვები გერმანელი, ფრანგი და იტალიელი ვარსკვლავების მაისურებით დარბიან, ეგებ, ბევრს უცნაურად ეჩვენოს, რომ შორეულ 1967 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად უნგრელი დაასახელეს. მით უმეტეს, რომ მაშინ, 60-იან წლებში ბებერ კონტინენტზე პორტუგალიელი ეუსებიოს, მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისელების და მილანის ინტერის იტალიელი ვარსკვლავების სახელები ქუხდა...

ვითომ შემთხვევითობა იყო უნგრელის ტრიუმფი? რა თქმა უნდა, არა:

1966-67 წლების სეზონში ფლორიან ალბერტმა უნგრეთის ჩემპიონატში 27 მატჩში 28 გოლი გაიტანა და გარდა იმისა, რომ ფერენცვაროშთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიგო.

იმავე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა უეფას თასის წინამორბედ, ბაზრობათა თასის გათამაშებაში.

უნგრელი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ოქროს ბურთამდე, მთავარი იერიში კი 1966 წელს, ინგლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო: ჯგუფურ ტურნირში მისმა უნგრეთმა 3:1 დაამარცხა ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ბრაზილია, ინგლისში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა კი ის უნგრული ფეხბურთის ამ ტრიუმფის მთავარ შემოქმედად აღიარეს!

და ის, რაც 1967 წლის წლის მიწურულს მოხდა, არავის გაჰკვირვებია: ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა ყვითელი ანკეტები ჩამოურიგა წამყვან ევროპელ ჟურნალისტებს, ხმების დათვლისას კი გაირკვა, რომ უნგრელმა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანს ბობი ჩარლტონს და ჩემპიონთა თასის მფლობელ გლაზგოს სელტიკის ლიდერ ჯიმი ჯონსტონს აჯობა.

ალბერტი ფრანს ფუტბოლის მეთორმეტე რეფერენდუმის მეთერთმეტე გამარჯვებული გახდა: ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან ავლენდა საუკეთესო ევროპელს და უნგრელამდე მხოლოდ ალფრედო დი სტეფანომ შეძლო ოქროს ბურთის ორჯერ მოგება – 1957 და 1959 წლებში.

დღეს 85 წლის დი სტეფანო მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტია, ალბერტი კი ოქროს ბურთის მეხუთე მფლობელია, ვისზეც დღეს უკვე წარსულში საუბრობენ: 1990 წლის 20 მარტს მოსკოვში ლევ იაშინი გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის ნაკრების და მოსკოვის დინამოს ლეგენდარული გოლკიპერი დღემდე ოქროს ბურთის მფლობელი (1963) ერთადერთი მეკარეა.

2000 წლის 23 თებერვალს სერ სტენლი მეტიუზი გარდაიცვალა, დიდი ინგლისელი გარემარბი, რომელმაც 35-წლიანი კარიერა ერთადერთი გუნდური ტიტულით დაასრულა. მან ფრანს ფუტბოლის მთავარი ჯილდო 1956-ში,41 წლისამ მოიგო!

2005 წელს, 17 თებერვალს, არგენტინის ქალაქ სან ნიკოლასში 69 წლისა გარდაიცვალა ენრიკე ომარ სივორი  – 1961-ში, როცა ოქროს ბურთი მოიგო, ის იტალიის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის ლიდერი იყო.

25 ნოემბერს ჯორჯ ბესტი წავიდა – ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

რამდენიმე დღის წინ – ალბერტი.

ნელ-ნელა ძველი და დიდი ვარსკვლავები მიდიან. 

კომენტარები