ირანში შესაძლოა პრეზიდენტის პოსტი გააუქმონ

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც, შესაძლოა, პარლამენტის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდეს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით,  საჭიროა,  ამ მოთხოვნით, პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთმა მეოთხედმა იშუამდგომლოს. 290 დეპუტატიდან 73-მა უკვე მოაწერა ხელი პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარდგენის შესახებ მიმართვას. ეს დადგენილ მინიმალურ რაოდენობას აღემატება და იმპიჩმენტის პროცედურის პირველი ეტაპია. 2010 წელს დეპუტატების უმრავლესობა აჰმადინეჟადის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას მოითხოვდა, თუმცა მოგვიანებით პეტიციაზე საკუთარი ხელმოწერები გააუქმეს. ამჯერად იმპიჩმენტის საკითხის ხელახლა წამოწევა საბანკო სკანდალს უკავშირდება. ირანის მთავრობის წევრებს 2.6 მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობით მოპოვებაში ედებათ ბრალი. ირანის ბანკებიდან კრედიტების გაყალბებული დოკუმენტებით მიღებაში თანამდებობის პირების დიდი ნაწილი მონაწილეობდა. ეკონომიკის მინისტრის შამსედინ ჰუსეინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი პარლამენტმა ღია სესიაზე განიხილა. დეპუტატები საბანკო თაღლითობის საქმეზე ზედამხედველობისთვის მისი იმპიჩმენტის წესით პასუხისგებას მოითხოვდნენ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქმის გამოძიების დასრულებამდე მინისტრს თანამდებობა შეუნარჩუნდება. თუ მინისტრის იმპიჩმენტს დეპუტატები ხელახლა მოითხოვენ, პარლამენტი აჰმადინეჟადს საქმესთან დაკავშირებით დასაკითხად გამოიძახებს. 

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საბანკო სკანდალს ოპონენტები აჰმადინეჟადისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. პრეზიდენტსა და სასულიერო წრეებს შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. ამის დასტური ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის განცხადებაა – პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმების შესახებ. ხამენეის აზრით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი ჩანაცვლება. აიათოლასა და აჰმადინეჟადს შორის უთანხმოება 2010 წელს მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლების შედეგად წარმოიშვა. მანამდე პრეზიდენტი სულიერი ლიდერის მხარდაჭერით სარგებლობდა. ცნობილია, რომ გასულ წელს აჰმადინეჟადის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას ხამენეიმ შეუშალა ხელი. 

ირანში არსებული სისტემით, სულიერ ლიდერს პრეზიდენტზე მეტი ძალაუფლება აქვს. ის ირჩევს შეიარაღებული ძალების მეთაურებს, უფროს მოსამართლეს, პროკურორს და მთავრობის მნიშვნელოვან წევრებს თანამდებობებზე ნიშნავს. აიათოლას უფლება აქვს დაითხოვოს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი იმპიჩმენტის განაჩენს გამოუტანს ან სასამართლო კონსტიტუციის დარღვევაში ცნობს დამნაშავედ.

ბოლო პერიოდში პრეზიდენტი კლერიკალთა ძალაუფლების შესუსტებასა და ირანის  დამოუკიდებლად მართვას ცდილობს, რაც სასულიერო წრეებისთვის მიუღებელია. ირანის პრეზიდენტებს, რაფსანჯანს, ხათამის და ამჟამად აჰმადინეჟადს, როგორც კი ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის ამბიციები უჩნდებოდათ, მაშინვე კლერიკალთა მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმებით კი უზენაეს ლიდერს მხოლოდ პარლამენტი დარჩება გასაკონტროლებელი, გაიზრდება მისი ძალაუფლება და უშუალო მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მართვაში. პარლამენტს ხალხი აირჩევს, ხოლო  სასულიერო წრეები მხარს პრემიერ-მინისტრობის ისეთ კანდიდატს დაუჭერენ, ვინც მათთვის უფრო სანდო იქნება. 

აღსანიშნავია, რომ იმის გამოცდილება, რასაც ხამენეი ხალხს სთავაზობს, ირანს უკვე აქვს. ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მართავდა, ხოლო პრეზიდენტის თანამდებობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პრემიერის თანამდებობა 1989 წელს, ყოფილმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა  გააუქმა.

ამჟამად ირანის მმართველი კონსერვატორები ორ ბანაკად არიან დაყოფილი – აიათოლა ხამენეის მომხრეებად და პრეზიდენტ აჰმადინეჟადის  მხარდამჭერებად, რომელთაც კლერიკალთა გავლენის შემცირება სურთ. 

კომენტარები