თბილისის ჯაზ ფესტივალი

ჯაზ-ფესტივალის ამბებიდან

რა არის ჯაზი? მუსიკალური ხელოვნების ფორმა, რომელიც სათავეს გასული საუკუნის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში იღებს აფრიკულ და ევროპულ კულტურათა სინთეზის შედეგად... ასეთ განმარტებებს, თავისთავად, არაფერი შეუძლია თქვას ისეთ ფენომენზე, როგორიც მუსიკაა. ლუი არმსტრონგს თუ დავუჯერებთ, ამ შემთხვევაში განმარტებები არც უნდა ეძებო, რადგან თუ სვამ კითხვას, რა არის ჯაზი, ამას ვერც ვერასდროს გაიგებ...

სიმართლე, ალბათ, ისაა, რომ თითოეული ადამიანისთვის მას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ჩარლზ ლოიდისთვის ჯაზი დროის გაჩერების საშუალებაა. ამბობს, რომ როდესაც უკრავს, დროის ჩარჩოები ქრება და ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება ხდებოდეს – მუსიკაა. იქმნება ვაკუუმი, როცა ჩვენ კვანტურ მექანიკასთან გვიწევს შეხება და შემოქმედებითი პროცესი აბსოლუტთან გვაკავშირებს.

როდესაც მემფისელი ლეგენდა კვანტურ მექანიკასა და აბსოლუტის ფენომენზე საუბრობს, ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ მეტაფორაა. მით უმეტეს, რომ ლოიდი ყოველთვის ასე ლაპარაკობს, ჰიპნოტიკური ქარიზმით, თითქოს ეს-ესაა ჰაშიში მოწია და ფილოსოფიურ სუბსტანციებზე ფიქრმა გაიტაცა. შემდეგ, როცა მის მიერ შესრულებულ ჯაზს ცოცხლად, რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით ვუსმენთ, ჩვენც ზუსტად ამგვარად ვიწყებთ ფიქრს – დრო მართლაც ჩერდება და შექმნილ მუსიკალურ ვაკუუმში სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი, გარდა ჯაზისა.

ეს იყო თბილისის მეთოთხმეტე ჯაზ-ფესტივალის გრანდიოზული, ძალიან შთამბეჭდავი გახსნა. ჩარლზ ლოიდს, რომელიც აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ჯაზს უკრავს, ამ მუსიკალური მიმდინარეობის თაყვანისმცემლები დიდი ხანია იცნობენ – ძირითადად, 60-იანების შუა წლებში შექმნილი კვარტეტით, რომელშიც კეიტ ჯარეტიც უკრავდა. მისი დაშლის შემდეგ ლოიდი თანამშრომლობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორებიცაა The Doors და The Beach Boys, მოგვიანებით კი კვლავ ჩამოაყალიბა ახალი კვარტეტი. თბილისსაც ამჯერად ჯეისონ მორანთან, რუბენ როჯერსსა და ერიკ ჰარლანდთან ერთად ესტუმრა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა (ახალი კვარტეტის არც ერთი წევრი არ არის ორმოც წელზე ხნიერი), მათ მუსიკაში სრული ჰარმონიაა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩარლზ ლოიდი ინსტრუმენტს განზე დებს და რამდენიმე ნაბიჯით უკან დგება, საკუთარი ჯგუფის წევრების შემოქმედებითი წვის პროცესით დასატკბობად – ვაცნობიერებთ, რომ კვარტეტი მისი  ქმნილებაა, თავად კი – მისი მამოძრავებელი ძალა. ლოიდის კვარტეტს ძლიერი ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია, აქ ყველა ერთ ენაზე საუბრობს, პოსტ-ბოპის, თავისუფალი, იმპროვიზირებული ჯაზის რიტმში.

 ოქტომბრის საღამო თამაზ ყურაშვილის კვარტეტმა გააგრძელა. ბოლო ნაწილი მაინც ყველაზე ენერგიული აღმოჩნდა – სონი ემორიმ, გრემის მფლობელმა დრამერმა ივენთ ჰოლში ხმაურიანი და ძალიან რიტმული ცოცხალი ფანკ-როკი შემოგვთავაზა. ადგილი, საბედნიეროდ, სწორად იყო შერჩეული, მსმენელს სკამებიც არ უშლიდა ხელს, რამაც მათ ენერგიულ მუსიკაზე სხეულის აყოლების საშუალება მისცა. 

სამაგიეროდ, ეს თითქმის შეუძლებელი იყო ფესტივალის ბოლო დღეს, როდესაც ნეოსოულის დედოფალმა, ერიკა ბადუმ თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა. ექსცენტრულმა მომღერალმა მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერებით იოლად შეძლო მთელი დარბაზის დადებითი ემოციით დამუხტვა. არც ერთ კონცერტზე არ მინახავს ცეკვას ასე მოწყურებული მსმენელი, ალბათ სწორედ ამიტომ, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში დარბაზი ფეხზე წამომდგარი ისმენდა მუსიკას. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ გამოინახა ალტერნატიული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ მეტ ადამიანს დაიტევს, არამედ უფრო კომფორტული იქნება ასეთი მუსიკის მოსასმენად და აღსაქმელად. 

მეინსტრიმის წარმომადგენელი, ოთხი გრემის მფლობელი და MTV-ის წყალობით ფართო საზოგადოებისთვის ნაცნობი სახე ხარ, ალბათ არც ისე რთული უნდა იყოს დარბაზის აყოლიება. ერიკა ბადუმ ქართველი მსმენელის გული, მუსიკის გარდა, თავისუფლებისა და ოკუპაციის ბოროტების თემაზე წარმოთქმული სიტყვითაც მოიგო. 

სულ სხვა იყო 29 ოქტომბერი – ივენთ ჰოლში მოწყობილი მყუდრო საღამო ლარი კორიელის ტრიოსთან ერთად. რთულია, ცოცხალი მუსიკა ამაზე უფრო შთამბეჭდავად ჟღერდეს. კორიელისთვის ჯაზი, როგორც დროის გაჩერების საშუალება, ისე ადამიანებთან ურთიერთობის მძლავრი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. ფიუჟენის ატმოსფერო და კორიელის, ლარი გრეის და პოლ ვერტიკოს გულიდან წამოსული, ემოციით გამთბარი მუსიკა ნარკოტიკი აღმოჩნდა – ორი საათის შემდეგაც მსმენელი მზად არ იყო დარბაზის დასატოვებლად და სწორედ მაშინ, მადლობის ნიშნად ტრიომ „ჯორჯია” შეასრულა. კორიელმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიამოვნებით დაბრუნდება – აქ ხალხს დიდი გული და რიტმის კარგი შეგრძნება აქვს. ვფიქრობ, ასეთ მუსიკოსს საქართველოც დიდი სითბოთი მიიღებს.

ელექტროჯაზი კი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წლევანდელ ფესტივალზეც ყურადღების გარეშე დარჩა. თბილისის ჯაზის დღესასწაულმა მელომანებს მოკლე, მაგრამ მაინც ძალიან კარგი პროგრამით დაამახსოვრა თავი და მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობა. 

კომენტარები