საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია. სომხეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშაძე სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდება.
ვაშაძის სომხეთში ვიზიტს წინ უძღოდა გაუგებრობა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით. ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტი საქართველოში ნოემბრის პირველ რიცხვებში შედგებოდა. სომხური პრესის ინფორმაციით კი სარგსიანმა საქართველოში ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის განცხადების მიზეზით გადადო. კერძოდ, იმის გამო, მიხეილ სააკაშვილმა სომხეთს უსაყვედურა საქართველო-სომხეთის შემაერთებელი ავტომაგისტრალის ცუდი მდგომარეობისა და მეწყერის ჩამოშლის შემდეგ სამაშველო სამუშაოების ხარვეზების გამო.
როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, თბილისში არ ფლობენ რაიმე ინფორმაციას სომხური მედიის მიერ გავცელებულ ცნობასთან დაკავშირებით. კალანდაძის თქმით, სარგსიანის ვიზიტის საბოლოო თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა და ეს ვიზიტი მაშინ შედგება, როდესაც ეს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ იქნება.
„კოლეგიალობის გარდა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, ისევე როგორ საგარეო საქმეთა მინისტრებს, ერთმანეთთან კარგი პიროვნული ურთიერთობები აკავშირებთ“, - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, ვაშაძის ვიზიტი ერევანში დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და საგრსიანის საქართველოში ვიზიტის საკითს არ უკავშირდება.




