სარკეები გუგა კოტეტიშვილისგან

მაშინ, როდესაც ადამიანები წყალში იყურებოდნენ, რათა თავიანთი გამოსახულება დაენახათ, იქ კი მკაფიო გამოსახულების ნაცვლად, სილუეტური ფორმის სხეულს ხედავდნენ, გაჩნდა პირველი იდეაც - კაცობრიობას ისეთი რამ შეექმნა, რაც ადამიანს საკუთარი თავის ხილვისა და შეცნობის ტკბობას მიანიჭებდა. გალერეა „ვერნისაჟში“ 2 ნოემბერს გამოფენილი ათეულობით სარკე სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ეს არის ნივთი, რომელიც დროთა განმავლობაში ფუნქციურობის გარდა, დეკორატიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენი ინტერიერის გალამაზებაში გვეხმარება. გამოფენის ავტორი, მხატვარ-დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი სარკეებს ინტერიერის დიზაინში ხშირად იყენებს.

„ძალიან მიყვარს სარკე, მას დიზაინშიც ხშირად ვიყენებ, თუმცა ამ ნამუშევრებით იმის თქმა მინდა, რომ სარკის ჩარჩო დეკორატიული მნიშვნელობისაც შეიძლება იყოს, რასაც მაგალითად, ფერწერული ტილოს ჩარჩოზე ვერ ვიტყვით. სარკე ამ მხრივ სრულ თავისუფლებას იძლევა. აქ წარმოდგენილი სარკეების ძირითადი ნაწილი სახლში მქონდა. ვინც მიცნობს იცის, რომ სახლში ოფიციალური მშრალი ხიდიმაქვს. ამდენად, ეს ის ნივთებია, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა.“

გუგა დიდი ხანია სარკეების თემაზე მუშაობს, ამბობს, რომ სარკეების დეკორაცია ბავშვობიდან აინტერესებდა. მსგავსი ტიპის, სარკეების გამოფენაც ერთხელ უკვე ჰქონდა - „ადრე სარკეების და შუშების მაღაზიაც კი გავაკეთე. მიუხედავად გამოფენის თემატიკისა, დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ სარკეების გამოფენას არ დავარქმევდი. როგორც ყოველთვის, ყველაფერს მივედმოვედებიდა ყველაფერზე ვმუშაობ. ესეც უბრალოდ ერთ-ერთი, გუგა კოტეტიშვილის, როგორც მხატვრის გამოფენაა, ეს არის და ეს...“

მინა, ნაჭერი, ქვა,ხე, რკინა,სამკაულები - ეს ის მასალაა, რომლითაც მხატვარი სიძველისგან გახუნებულ ნივთებს სიცოცხლეს უბრუნებს და მათ დამთვალიერებლისათვის სასურველს ხდის. დამთვალიერებელი კი ნამდვილად მრავლად იყო, იმაზე უფრო მეტი ვიდრე სინამდვილეში, სარკეებით გარშემორტყმული საგამოფენო დარბაზი ისე შეიჭრა სიმრავლესა და სივრცეში, რომ ძნელად თუ გაარჩევდით ნამდვილს ანარეკლისგან.

 

კომენტარები