დიდი თეატრის დიდი დაბრუნება

პარასკევს, 28 ოქტომბერს, ექვსწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, მოსკოვის ბოლშოიმ, ანდა, როგორც მას აქამდე ვეძახდით - დიდმა თეატრმა ზარზეიმით გაუღო მაყურებელს თავისი დიდი, იმპერიალისტური კარი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებისა და ტელეარხების საშუალებით, ათასობით ადამიანმა ადევნა თვალი მთელი მსოფლიოდან. მაყურებელთა დარბაზში ყოფნით კი ბუნებრივია, თავი მხოლოდ რჩეულებმა მოიწონეს: კონცერტის მიმდინარეობის დროს ეკრანიდან ხან ჟირინოვსკი გვიღიმოდა, ხან საზეიმოდ გამოწყობილი პატრიარქი კირილი და ხანაც ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პირველი პირები ენაცვლებოდნენ კადრში ერთმანეთს - დმიტირი მედვედევი, მიხაილ გორბაჩოვი... მრავლად იყვნენ მთელი მსოფლიოდან მოწვეული ცნობილი სახეებიც. მაგალითად მონიკა ბელუჩი, რომელმაც იქ მყოფ თითქმის ყველა არხს მისცა ინტერვიუ და გულმოდგინედ უმეორა ყველას, რომ ნამყოფია პარიზშიც და მილანშიც, მაგრამ მოსკოვის გარემონტებული დიდი თეატრისთანა, არაფერი უნახავს.

საზეიმო გალა კონცერტამდე, მაშინ როდესაც ყველა რუსული არხი თეატრის უნაკლო რესტავრაციასა და მასში დახარჯულ მილიარდებზე საუბრობდა, ნიკა ცისკარიძემ, ბოლშოის პრემიერმა და ახლა უკვე პედაგოგ-რეპეტიტორმა, სკანდალურად შეფასებული განცხადება გააკეთა. მოცეკვავემ თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები ვანდალიზმად მონათლა და ისაუბრა ოქროთი მოვარაყებულ პლასტმასის ჩუქურთმებზე, სარეპეტიციო დარბაზის დაბალ ჭერსა და უშნო, უფანჯრო საგრიმიოროებზე. აღნიშნა, რომ ამას ყველა ხედავს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ყველას ეშინია.

ცისკარიძე, რუსეთის სახალხო არტისტი, ტელეწამყვანი და რუსი ჟურნალისტების ყველაზე სასურველი სტუმარი საბალეტო წრეებიდან, ამ სიტყვებისთვის დაისაჯა და ის გახსნის ცერემონიალზე არა თუ სცენაზე, მაყურებელთა შორისაც კი არ დაუშვეს. მისივე თქმით, იგი გალა-კონცერტზე უბრალოდ, არ მიიწვიეს. მართალია გაგდებას დიდი ხანია მიპირებენო და ამისათის ხელმოწერებსაც აგროვებენო აღნიშნა ცისკარიძემ, თუმცა ფაქტია, თეატრის ამგვარად დატოვება დიდი პატივი იქნება არტისტისთვის, რადგან ბოლშოიდან, ტრადიციულად, მუდამ თეატრის მხოლოდ საუკეთესო ნაწილს უშვებდნენ.

თუმცა, 28 ოქტომბრის საღამოს, გარდა იმისა, რომ ახალი რეპრესიების სუნი უდიოდა, განსაკუთრებულ ელფერი იმ ფაქტმაც შესძინა, რომ მაყურებელთა დარბაზში და სცენის მიღმაც, უხვად იყვნენ წარსულში ბოლშოიდან გაყრილი და შევიწროებული თეატრალური მოღვაწეები. პატრიარქ კირილს ეჯდა გვერდით ოდესღაც რეპრესირებული გალინა ვიშნევსკაია. იქვე იყო მაია პლისეცკაია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ალაპარაკდა ადევნებულ საბჭოთა უშიშროების აგენტებზე, გაუსაძლის კონტროლსა და პირობებზე. წამყვანი ფიგურის როლი დაეკისრა იური გრიგოროვიჩს – საბჭოთა ბალეტის მთავარ ფიგურასა და შემდგომში თეატრიდან კინწისკვრით გამოგდებულ ქორეოგრაფსა და ბოლშოის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს. ცოტა ხნის წინ, კეთროვანივით განზე დარჩენილი გრიგოროვიჩი უძღები შვილივით ისევ გულში ჩაიკრეს და მეტიც, თეატრის ერთ–ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ და ისტორიული საღამოს საბალეტო ნაწილი თითქმის სულ მას მიანდეს.

სცენაზე ერთმანეს ენაცვლებოდა ერთიმეორეზე საბჭოური ნომრები, ჰეროიკული სულისკვეთებით გაჯერებული სპარტაკი და პარიზის ალი, სცენაზე ვიხილეთ „კაპელდინერების ცეკვა“– ასაკოვანი რუსი კაპელდინერი ქალბატონების სვლა გვირგვინებით ხელში, სცენაზე გამოვიდა საბჭოური „კამაზი“ და მას მოჰყვნენ ფორმიანი მუშა–შრომის გმირები. თუმცა, აღსანიშნია, რომ იმ საღამოს ვერც მუსიკალურმა და ვერც ქორეოგრაფიულმა მხარემ იმდენი ვერ შეძლო, რამდენიც სცენოგრაფებმა შეძლეს. ოპერას თითქოს ვერაფერი მოუხერხეს, სცენაზე გაჟღერდა რუსი კლასიკოსების ლირიკული მუსიკა ადგილობრივი და უცხოელი მომღერლების შესრულებით. თუმცა, თითქოსდა, ამის საკომპენსაციოდ, გალა–კონცერტის მთავარი იდეოლოგიური ხაზის გატარება მხატვრებსა და რეჟისორებს დაევალათ: დეკორაციის ლამის ყველა დეტალზე ერთ წარწერას ამოიკითხავდით, ეს წარწერა გახლდათ CCP და რეჟისორებიც ყოველ მეორე წუთას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მომღერლები იდგნენ სცენაზე, ახლო რაკურსით ამ წარწერას გვჩრიდნენ თვალში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე რაც პირველად გორში, სტალინის მუზეუმში აღმოვჩნდი, საბჭოთა კავშირი ასე ახლოდან არასდროს მინახავს. არა და, თითქოს, რუსულმა თეატრებმაც ფეხი აუწყეს თანამედროვეობას, რეპერტუარში შეიტანეს ბალანჩინი და ფორსაიტი, თანამშრომლობა დაიწყეს თანამედროვე ევროპელ ქორეოგრაფებთან. სულ ერთი თვის წინ, პირველად ბოლშოის ისტორიაში, დიდი თეატრის პრემიერად მიიწვიეს უცხოელი მოეცეკვავე, ამერიკული ბალეტის თეატრის სოლისტი დევიდ ჰოლბერგი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბალეტო წრეებში, ბოლშოის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი პროგრესულად მონათლეს მსოფლიოს თეატრალებმა. თუმცა, 29 ოქტომბრის გალა-კონცერტმა ცხადყო, რომ მოსკოვის დიდი თეატრი, როგორც მას ქვეყნის პრეზიდენტმა უწოდა - რუსეთის მთავარი ნაციონალური ბრენდი, ისევე როგორც ნაციონალური მთავრობა, პროგრესულობით უკვე დიდი ხანია, ვეღარავის გააკვირვებს.

აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს დიდ საბჭოურ სივრცეში, დიდსულოვნად საქართველოსთვისაც გამოინახა მოკრძალებული ადგილი; გალა კონცერტზე ფრანგმა სოპრანომ–ნატალი დესემ პუშკინის ლექსზე შექმნილი რახმანინოვის რომანსი იმღერა: Не пой, красавица, при мне ты песен Грузии печальной...

 

კომენტარები