საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ერიკ ფურნიემ, სამსახურის ვადა დაასრულა და სამშობლოში გაემგზავრა, სადაც დიპლომატიურ კარიერას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს. პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი თბილისში ფურნიეს, როგორც საფრანგეთის ელჩის, ბოლო მნიშვნელოვანი მისია იყო. გამგზავრებამდე, ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში, ფურნიემ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, საქართველოში თავისი მუშაობა შეაჯამა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გამოთქვა მოსაზრებები.
როგორ შეაფასებდით საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში?
სარკოზის ვიზიტის ორგანიზება თქვენი, როგორც საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბოლო მნიშვნელოვანი მისია იყო. ხომ არ გაიხსენებდით თუნდაც ერთ ისტორიას, რაც საქართველოში გატარებული პერიოდიდან ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
სიმართლის თქმა გამოწვევა შეიძლება იყოს – საზოგადოების ნაწილი ზოგჯერ არ ეთანხმებოდა ჩემს იმ განცხადებებს, რომლებსაც არ მოელოდნენ. ბევრ შემთხვევაში, მაღიზიანებდა, რომ ზოგჯერ, ჩემს სიტყვებს ამახინჯებდნენ ან მთარგმნელები ანდა ჟურნალისტები, რათა ნათქვამი გარკვეული მიზნით გამოეყენებინათ. იყო შემთხვევები, როდესაც ფაქტებს უგულებელყოფდნენ, სხვადასხვა შემთხვევას არასათანადოდ იძიებდნენ. ზოგს სიამოვნებასაც კი ანიჭებდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის განცხადებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა ისწავლოს განსხვავებული მოსაზრებების მიღება და სასწრაფო დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ფაქტების გაანალიზება. ზოგადად, საინტერესო იყო პრესასთან ურთიერთობა და მიხარია, რომ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად რამდენიმე პროგრამის დაფინანსება გადავწყვიტეთ, რომლებიც პრესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგის ჩატარებას ითვალისწინებს.
რა იქნება გადამწყვეტი საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე?
როგორ შეაფასებდით საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში?
პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში. იგი რეგიონული ვითარების კონტექსტში უნდა შეფასდეს. სამხრეთ კავკასიაში სწრაფი ტურნეს იდეა იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რომ არ მოხდეს არც ერთი ხანგრძლივი კონფლიქტის სამუდამოდ იგნორირება. უნდა ვცადოთ კონფლიქტების მოგვარების გზების, მხარეებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. პრეზიდენტ სარკოზის სურდა, შეეხსენებინა საქართველოსთვის, რომ შესაძლებელია ისეთი მომავალი, როდესაც ხელოვნური საზღვრები გაიხსნება და ხალხი გაერთიანდება. მაგალითად მან საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობა მოიყვანა – ასევე, კომპრომისებით მშვიდობის ნელა, მაგრამ თანმიმდევრული მშენებლობის ევროკავშირისეული მიდგომა. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების მისწრაფების მხარდასაჭერად, მკაფიო გზავნილებიც გაისმა.
პრეზიდენტ სარკოზის სიტყვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი იყო. მან რუსეთის მისამართით მკაცრი განცხადებები გააკეთა. სიტყვები ყურს სიამოვნებს, მაგრამ საქმედ როგორ გადაიქცევა?
აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების საშუალება არსებობს. ჟენევის პროცესი მხარეების ურთიერთობის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე ემბარგოს გაუქმებასა და სხვა საკითხებზე პირდაპირი დიალოგის მაღალ დონეზე გამართვის მოწოდებებს, რომლებსაც ზოგი დაინტერესებული მხარე აკეთებს. ალბათ, კონკრეტული შედეგების მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა, თუ მხარეები მოლაპარაკების პროცესს დაიწყებენ, შედეგებიც გამოჩნდება.
სარკოზის ვიზიტის ორგანიზება თქვენი, როგორც საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბოლო მნიშვნელოვანი მისია იყო. ხომ არ გაიხსენებდით თუნდაც ერთ ისტორიას, რაც საქართველოში გატარებული პერიოდიდან ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
საქართველოში გატარებული წლები ჩემთვის ძალზე სასარგებლო იყო და რომელიმე ამბის გამოყოფა მიჭირს. თქვენი ჟურნალის მკითხველებისთვის ცნობილია იმ ნაბიჯების უმეტესობა, რომლებიც ომის დროს გადავდგით – მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერთან ერთად გორში, 2008 წლის 11 აგვისტოს ჩასვლა; ანდა, იგოეთის ხიდზე, 19 აგვისტოს, რუსი და ქართველი ტყვეების გაცვლა. ასე რომ, ახლა თქვენს მკითხველებს იმ ისტორიას ვუამბობ, რომელიც მთაში 2009 წლის ივლისში შემემთხვა, როდესაც ორმა ქართველმა მეგობარმა ყაზბეგის დასალაშქრად დამპატიჟა. ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიმაღლეებზე ადრე არასდროს ავსულვარ. როდესაც ასვლა დავიწყეთ, გასაოცარმა ხედმა ისე მომხიბლა, რომ ასვლის სიძნელე გადაფარა და მსუბუქად შევხედე ამ რთულ მისიას. ერთი ღამე მეტეოროლოგიურ თავშესაფარში გავათენეთ და დილით სვლა განვაგრძეთ – უკვე თოვლში. ამინდი თანდათან უარესდებოდა და მივხვდით, რომ იმ დღეს მთის მწვერვალს ვერ მივაღწევდით. შეჩერება გადავწყვიტეთ. კარვის გასამართად ადგილი მოვასწორეთ და ქარბუქში ღამის გასატარებლად მოვემზადეთ. ცხელი ჩაისა და ჭაჭის მიუხედავად, ღამე საშიში ჩანდა – ჩვენი კარვის თხელ ნაჭერს თოვლი სქელ ფენად ეფინებოდა. დილით, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდით. ვერც იმის გარჩევა შეიძლებოდა, ჩრდილოეთი რომელ მხარეს იყო. ამ არასტუმართმოყვარე ადგილის სიჩუმეში, ერთმა ჩვენგანმა თავისი გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის (GPS) გამოყენება სცადა, მაგრამ ინსტინქტმა მიკარნახა, რომ ეს აღჭურვილობა არასწორ მიმართულებას გვიჩვენებდა. ვინაიდან ეს ბასტილიის აღების თარიღამდე ორი დღით ადრე ხდებოდა, უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, თუმცა სწორი გზა იყო მოსაძებნი. კლდიდან ქვების ცვენის საშიში ხმების თანხლებით, სწორი გზა ვიპოვეთ და მთავარ ბანაკში მშვიდობით დავბრუნდით. მწვერვალზე ვერ ავედით, მაგრამ რა საოცარი გამოცდილება მივიღეთ...
საქართველოში ყოფნისას, ყველაზე მეტად რამ მოახდინა გავლენა?
როდესაც აქ განვლილ პერიოდს ვიხსენებ, ვფიქრობ, ამ ქვეყნის რთული ვითარების კარგად გაგებაში, ყველაზე მეტად წაკითხული წიგნები დამეხმარა. ტონი ჯადტის, ერიკ ჰოესლის, სილვია სერანოს, ვასილი გროსმანის, იური ტინიანოვის, ანა პოლიტკოვსკაიას ესეები თუ რომანები, ბესიკ ხარანაულის პოეზია, ჩემი საუკეთესო თანამგზავრები იყვნენ კავკასიაში ამ დაუვიწყარი მოგზაურობის დროს. მინდა აღვნიშნო იმ მუსიკოსთა იუმორი და ენერგია, რომლებთან ერთადაც ვუკრავდი – ლადო ბურდული, მაია ბარათაშვილი და მისი შესანიშნავი ჯაზ-ტრიო „კალა”, პირველი მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომლებთანაც რამდენიმე ელჩი საშობაო საღამოებს ვაწყობდით ხოლმე და კიდევ ბევრი სხვა.
ვფიქრობ, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ არ მიეკუთვნებით ელჩთა იმ კატეგორიას, რომლებიც პროტოკოლს მუდამ იცავენ. ძალიან აქტიური ბრძანდებოდით. იყო შემთხვევები, როდესაც თქვენი არასწორად ესმოდათ – ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას. რით შეგიძლიათ ეს ახსნათ?
ბოლო წლებში დიპლომატია შეიცვალა და შეუძლებელია ძველი პროტოკოლის წესების ზედმიწევნით შესრულება, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება. დიახ, მე ხალხთან ურთიერთობის ახალი გზა დავისახე, იმ დარიგების მიხედვით, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყების პირველივე დღეს მაშინდელმა მინისტრმა მომცა: ყოველთვის თქვი სიმართლე და გაიღიმე.
სიმართლის თქმა გამოწვევა შეიძლება იყოს – საზოგადოების ნაწილი ზოგჯერ არ ეთანხმებოდა ჩემს იმ განცხადებებს, რომლებსაც არ მოელოდნენ. ბევრ შემთხვევაში, მაღიზიანებდა, რომ ზოგჯერ, ჩემს სიტყვებს ამახინჯებდნენ ან მთარგმნელები ანდა ჟურნალისტები, რათა ნათქვამი გარკვეული მიზნით გამოეყენებინათ. იყო შემთხვევები, როდესაც ფაქტებს უგულებელყოფდნენ, სხვადასხვა შემთხვევას არასათანადოდ იძიებდნენ. ზოგს სიამოვნებასაც კი ანიჭებდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის განცხადებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა ისწავლოს განსხვავებული მოსაზრებების მიღება და სასწრაფო დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ფაქტების გაანალიზება. ზოგადად, საინტერესო იყო პრესასთან ურთიერთობა და მიხარია, რომ ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად რამდენიმე პროგრამის დაფინანსება გადავწყვიტეთ, რომლებიც პრესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგის ჩატარებას ითვალისწინებს.
ზოგჯერ, საფუძვლიანი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დასავლეთი სხვადასხვა ქვეყნებისადმი ორმაგ სტანდარტებს იყენებს. მაგალითად, ბელარუსზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობის გამო ზეწოლაა. როცა რუსეთზე მიდგება საქმე, დასავლეთი მას პარტნიორს უწოდებს, იარაღის მიყიდვას არ ერიდება და ურთიერთობების გადატვირთვას იწყებს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ეს დელიკატური საკითხია. ყოველ წელს, საფრანგეთი, რამდენიმე ადამიანსა თუ ორგანიზაციას, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, ჯილდოებს ანიჭებს. ამას ამ ადამიანების, სადაც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, სიმამაცისა და ერთგულების მხარდასაჭერად ვაკეთებთ. ჩვენ ადამიანის უფლებათა ელჩი გვყავს, რომელიც ყველგან მოგზაურობს, რათა ამ საქმეში საფრანგეთის მხარდაჭერა გამოხატოს. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მიღებული დეკლარაციის თანახმად, ქვეყნის ყოველი საელჩო მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის სახლია. მიუხედავად იმისა, თუ სად იტანჯება ადამიანი, ვცდილობთ დავეხმაროთ ან ტანჯვა შევუმსუბუქოთ. აქა-იქ შეიძლება რაღაც განსხვავებული ნიუანსები აღმოაჩინოთ, მაგრამ კოტ-დ’ივუარსა ან ლიბიაში ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები საკმარისი დასტურია იმისა, რომ ჩვენ განმანათლებლობის ეპოქის პრინციპების ერთგულნი ვრჩებით.
რა არის საქართველოს დემოკრატიის მთავარი გამოწვევა?
მდგრადობა. სხვა ხალხის მოსაზრებების მიმართ ტოლერანტობა.
თქვენი მომავალი გეგმების შესახებ გვიამბეთ.
მე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვბრუნდები, სადაც 18 ქვეყანაზე ვიქნები პასუხისმგებელი – ბალკანეთიდან შუა აზიამდე, მათ შორის კავკასიისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე.
რა იქნება გადამწყვეტი საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე?
არჩევნების ბედს გლობალური საკითხები გადაწყვეტს, რადგან ევროკავშირი ამჟამად ბევრი გამოწვევის, განსაკუთრებით, საერთო ვალუტის პრობლემის წინაშე დგას. ეკონომიკური საკითხები განსაზღვრავს ანდა ზეგავლენას მოახდენს შედეგზე. ჯერ ადრეა ამა თუ იმ კანდიდატის შანსების შეფასება, ვინაიდან მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.





