უგანდა

ბავშვთა მსხვერპლშეწირვა: სისხლიანი რიტუალისთვის არავინ ისჯება

ცრუმორწმუნე უგანდელების სიმდიდრისკენ სწრაფვას სულ უფრო მეტი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. ბოლო წლებში გახშირებულ რიტუალურ მკვლელობებში უგანდის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მონაწილეობს. მათ სწამთ, რომ  გამდიდრდებიან, თუკი წმინდა სულებს მსხვერპლად ბავშვს შესწირავენ. 


უგანდის ცენტრალურ რეგიონებში ბავშვების მსხვერპლშეწირვის ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. პროვინციებში ხალხი გამდიდრების იმედით საკუთარ შვილებსაც კი სწირავს მსხვერპლად. ქალაქებში შედარებით განათლებული და შეძლებული ფენა რიტუალებისთვის სხვის ბავშვებს ყიდულობს. უგანდელი ექიმბაში ცხოველის მსხვერპლად შეწირვისთვის 390 აშშ დოლარს ითხოვს, ადამიანის მსხვერპლშეწირვის ღირებულება ამ თანხას ბევრად აღემატება. წლიდან წლამდე იზრდება მშობლების მიერ შვილების გაყიდვის შემთხვევები.

უგანდელი მკურნალები საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ. მათ ჰყავთ პირადი მცველები და თვითონაც შეიარაღებულები არიან. ხალხი ექიმბაშებს ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის და რიტუალების ჩასატარებლად, ხშირად საკუთარ შვილებსაც კი სთავაზობს.

ცრურწმენის თანახმად, თუ ახალი შენობის საძირკველში ბავშვის მოკვეთილ თავს დამარხავენ, ეს დაწყებულ საქმეს წარმატებას მოუტანს. გამდიდრების სურვილით შეპყრობილი ადამიანები  უგანდელ ექიმბაშებთან მიდიან და საკუთარი ოჯახიდან ან ქუჩიდან მოტაცებული ბავშვის მსხვერპლად შეწირვაზე თანხმდებიან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უგანდა ადამიანებით ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრი გახდა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გახშირებულია ორგანოებისთვის ბავშვების გატაცება. გამოითქვა ეჭვი, რომ რიტუალურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები სწორედ ორგანოებით ვაჭრობენ, დანაშაულის დასაფარად კი მკვლელობებს მსხვერპლშეწირვის სახეს აძლევენ.

უგანდის პოლიციის ცნობით, 2006 წელს ბავშვის მსხვერპლად შეწირვის მხოლოდ ერთი, 2008 წელს – 25, ხოლო 2009 წელს 29 შემთხვევა მოხდა. 2009 წელს უგანდის მთავრობამ დანაშაულთან საბრძოლველად ადამიანების მსხვერპლშეწირვის საწინააღმდეგო პოლიციის ჯგუფი (The Anti-Human Sacrifice Police Task Force) შექმნა. ორიათასი პოლიციელისგან შემდგარმა ჯგუფმა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, სპეციალური მომზადების კურსი გაიარა.

ოფიციალურად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სულ 38 რიტუალური მკვლელობა მოხდა, მაშინ როცა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Jubilee Campaign-ის ცნობით, რიტუალებს ასობით ბავშვი ემსხვერპლა, 900-ზე მეტი შემთხვევა კი გამოუძიებელია. ისინი პოლიციელებს კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, გუბერნატორებსა და გენერლებთან უშუალო კავშირების წყალობით, უგანდელი ექიმბაშები ხელშეუხებლობით სარგებლობენ. უგანდის კანონმდებლობა მათ საქმიანობას არ უკრძალავს. რიტუალურ მკვლელობებსა და ბავშვების მოტაცებაში ექიმბაშების მონაწილეობას დაზარალებული ოჯახები ვერ ამტკიცებენ, რადგან ადვოკატის აყვანის საშუალება არ აქვთ. 
 

კომენტარები