დენის რიტჩის გარდაცვალება

Goodbye world — გამომშვიდობება C-ს შემქმნელთან

მიმდინარე თვეში მაღალ ტექნოლოგიებს ორი ჯადოქარი ჩამოშორდა: სტივ ჯობსის გარდაცვალებამ მსოფლიო მედიაში ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომ ამ მოვლენამ პრაქტიკულად ყველაფერი დაჩრდილა. არადა, სამართლიანობა მოითხოვს პატივი მივაგოთ პიროვნებას, რომელიც ასევე ამ დღეებში გარდაიცვალა და რომლის გარეშეც თანამედროვე ტექნოლოგიები არ იქნებოდა ისეთი, როგორიც გვაქვს. ალბათ გადამეტებული არ იქნება იმის თქმაც, რომ თავად სტივ ჯობსიც ვერ შექმნიდა ყველაფერ იმას, რაც შექმნა, რომ არა დენის რიტჩი, პროგრამირების ენის, C-ის შემქმნელი და ოპერაციული სისტემის, UNIX-ის იდეოლოგი.

დენის რიტჩის მოკლე ბიოგრაფია ასე გამოიყურება: დაიბადა 1941 წელს ქალაქ ნიუ იორკში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი ფიზიკისა და გამოყენებითი მათემატიკის განხრით. 1967 წელს დაიწყო მუშაობა Bell Labs-ში. 1983 წელს მას მიანიჭეს ტიურინგის პრემია, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების და ინფორმატიკის ნობელის პრემიას უწოდებენ. 1999 წელს მიიღო ტექნოლოგიების ეროვნული მედალი, რომელიც პირადად ბილ კლინტონმა გადასცა.  გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ბერკლი ჰეიტში.
 
დენის რიტჩის მუშაობა Bell Labs-ში ნაყოფიერი აღმოჩნდა. სწორად იქ შექმნა მან პროგრამირების ენა C, რომელიც დღესდღეობით კლასიკურ და ყველაზე უნივერსალურ ენადაა შერაცხული. ის საგანგებოდ ოპერაციული სისტემა UNIX-ისთვის შეიქმნა, რომელსაც კენ ტომპსონის კვლევითი ჯგუფი ედგა სათავეში. C-ის პოპულარულობა უპირატესად განსაზღვრა იმ ფაქტმა, რომ ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აღმოჩნდა მაღალი და დაბალი დონის პროგრამირების ენებს შორის. პირველად C-ში მოხერხდა, რომ შესაძლებელი გახდა სწრაფი პროგრამის დაწერა ისე, რომ ორობითი არითმეტიკის თავისებურებებზე ტვინი არ ეჭყლიტა პროგრამისტს. 
 
C თანაბრად გამოიყენება ოპერაციული სისტემებისა და დრაივერებისათვის და ზედა დონის ინტერფეისების შესაქმნელად. რიტჩის ჩანაფიქრით, C მოქნილი და ამავდროულად შეუზღუდავი ენა უნდა ყოფილიყო, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბასრი იქნებოდა როგორც სამართებელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც ელეგანტური პროგრამის, ასევე საშიში აბდაუბდის დაწერა”. მოლოდინმა გაამართლა და ის იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ კენ ტომპსონმა ასემბლერის გამოყენებაზე მთლიანად თქვა უარი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ყველა ოპერაციული სისტემა ასემბლერზე იწერებოდა. 

დენის რიტჩი ასევე ცნობილია წიგნით, რომელიც მან ბრაიან კერნიგანთან ერთად 1978 წელს დაწერა. დღესდღეობით ეს წიგნი C-ზე პროგრამირების ბიბლიად და ენის de facto სტანდარტადაა შერაცხული, არადა ამ თემაზე ბევრად უკეთესად დაწერილი სხვა წიგნები გამოიცა მას შემდეგ. ამ წიგნს, გარდა შინაარსისა, ბიბლიოგრაფიული და კულტურული ღირებულებებიც გააჩნია, რომელთა შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორი სიტყვა, რომელიც პირველად სწორად ამ წიგნში გამოჩნდა. რიტჩიმ და კერნიგანმა საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციას, რომელსაც დღესდღეობით ყველა პროგრამისტი იცავს: პირველი პროგრამა, რომელიც ახალი ენის შესწავლისას იწერება ეკრანზე, ბეჭდავს ფრაზას: „Hello World”.
 
დენის რიტჩის ცხოვრება, მოღვაწეობა და გარდაცვალება ფართო აუდიტორიისათვის შეუმჩნეველი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე ათეული წლით განსაზღვრა ციფრული ტექნოლოგიები. მის გავლენაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგალითისთვის იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ დღესდღეობით C გამოთვლითი ცენტრების, მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციული სისტემების ოფიციალური ენაა. დენის რიტჩი იყო უცნობი ჯადოქარი, რომელიც მოვიდა, მრავალი რამ დაგვიტოვა და ბოლოს დაგვემშვიდობა. 
 

კომენტარები