ქართული ღვინო

საფერავების დეგუსტაცია ღვინის კლუბში

სექტემბერს ღვინის კლუბის დეგუსტაციების ახალი სეზონი გაიხსნა. ამჯერად დეგუსტაცია ღვინის ბარ Schall-ში მოეწყო, რომელიც მაჩაბლის 16-ში მდებარეობს, დასასწრები ბილეთი 30 ლარი ღირდა და დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 10 დასახელების საშუალო საფასო კატეგორიის საფერავი. 

წლევანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, ღვინის კლუბის დეგუსტაციებზე დასწრება უკვე ყველა მსურველს შეეძლება. თუკი ადრე ჭაშნიკზე მხოლოდ კლუბის წევრები ვიკრიბებოდით, ახლა ნებისმიერს აქვს საშუალება გვეწვიოს და წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნოს. 

10-დან 30 ლარამდე ღირებულების საფერავი თითქმის ყველა ღვინის კომპანიას აქვს, დეგუსტაციაზე კი შემდეგი კომპანიების საფერავები გაისინჯა: 1) თელავის ღვინის მარანი, 2009. 2) კომპანია კახური, 2010. 3) შუმი, 2007. 4) ინდ/მეწარმე გიორგი მირიანაშვილის გუნაშაური, 2009. 5) დურუჯის ველი, 2009. 6) ჯაყელების ღვინოები – ხაშმის საფერავი, 2008. 7) ხარება – პრემიუმი, 2009. 8) თბილღვინო, 2010. 9) ქინძმარაულის მარანი, 2010. 10) ბადაგონი, 2007.  

დეგუსტაციას ენოლოგი გიორგი სამანიშვილი და ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია უძღვებოდნენ. თავდაპირველად საფერავის შესახებ ისაუბრეს მასპინძლებმა, მის გავრცელებაზე, მოკლე ისტორიაზე, საფერავის საუკეთესო ადგილწარმოშობის დასახელებებზე (მაგ. მუკუზანი, ნაფარეული, კარდენახი, ხაშმი), შემდეგ კი უშუალოდ დაგემოვნების ხერხებზე ჩამოვარდა სიტყვა, იმაზე, თუ როგორ უნდა შევაფასოთ ღვინის გარეგნობა, სურნელი და გემო, რას ნიშნავს დაბოლოება, გემოს ხანგრძლივობა, რომელ კერძებთან უკეთესი იქნება ამა თუ იმ საფერავის მიყოლება და მრავალი სხვა. 

ზოგიერთი საფერავი ძალიან ახალი და, შესაბამისად, დაუბალანსებელი იყო, სხვებში ზედმეტი მუხა შეგვხვდა, იყო ჰარმონიული, რბილი და კარგად მომწიფებული საფერავებიც, მაღალმჟავიანები და დუნეები, ძალიან მუქები და შედარებით გამჭვირვალეები. ყველაზე დიდი მოწონება დამსწრეებს შორის ხუთმა საფერავმა დაიმსახურა: კომპანია ხარებას პრემიუმ საფერავმა (2009), თელავის ღვინის მარნის საფერავმა (2009), ჯაყელების ხაშმურმა საფერავმა (2008), შუმის საფერავმა (2007) და ბადაგონის საფერავმა (2007 წ.).

ჭაშნიკი ფარული იყო, მწარმოებლის ვინაობა არც ერთმა მონაწილემ არ იცოდა და ბოთლები მხოლოდ დეგუსტაციის ბოლოს გაიხსნა. მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური ბლანკები, სადაც  20-ბალიანი სისტემის მიხედვით შეეძლოთ ღვინის შეფასება (3 – ფერი, 7 – სურნელი, 10 – გემო) და შენიშვნების მიწერა. 

წარმოდგენილი 10 ნიმუშიდან მხოლოდ ერთი ღვინო იყო დაავადებული, ისიც სპეციალურად გაურიეს ორგანიზატორებმა, სანიმუშოდ. ორ-სამ ნიმუშს მცირე ზადი ჰქონდა, დანარჩენი ღვინოები ჯანსაღი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა და  ხარისხიანი საფერავის მაძიებელს წესით არ უნდა გაუჭირდეს თავისი რჩეულის მოძებნა. 

ზოგიერთ ღვინოსთან დაკავშირებით აზრები გაიყო და ასეთი ტიპის დეგუსტაციები პირველ რიგში ამით არის საინტერესო. შესაძლებელია, ეს აზრთა სხვადასხვაობა კამათშიც გადაიზარდოს, არიან ადამიანები, რომელთაც შედარებით ძლიერი, კუნთებიანი, და სხეულიანი საფერავი მოსწონს და მეორე, ისინი, ვინც უფრო მეტად ელეგანტურობას და სიღრმეს ანიჭებენ უპირატესობას. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მრავალნაირი ღვინოა წარმოდგენილი – საფერავები, წინანდლები, კახური ტიპის ღვინოები, იმერული, რაჭული და ქართლური ღვინოები, სუფრისა და ადგილწარმოშობის, და ყველა ამ ღვინოში უკეთ გასარკვევად სწორედ ღვინის კლუბის დეგუსტაციები დაგეხმარებათ, სადაც თემატურად იქნება წარმოდგენილი ერთი ტიპის ღვინის 10-12 ნიმუში, რაც სტუმარს საშუალებას მისცემს, ერთმანეთს შეადაროს ღვინოები და თავისთვის საუკეთესოები მოინიშნოს. 

ჩვენი მორიგი დეგუსტაცია 21 ოქტომბერს გაიმართება, 19:00-ზე. სამომავლოდ შესაძლებელი იქნება კორპორატიული ჭაშნიკებიც, სადაც მინიმუმ 15-კაციან ჯგუფს შეეძლება, თავისთვის სასურველი ღვინოების დეგუსტაცია კლუბთან ერთად დაგეგმოს. 

კომენტარები