
Gotan Project-ი პარიზში მოღვაწეობს. ის სამი წევრისგან შედგება – ფრანგი ფილიპ კოენ სოლალის, არგენტინელი ედუარდო მაკაროვისა და შვეიცარიელი კრისტოფ მიულერისგან. ტაბულა ჯგუფის ორ წევრს, ფილიპ კოენ სოლალსა და კრისტოფ მიულერს კონცერტის ჩატარებიდან მეორე დღეს შეხვდა.
საუბარი, ბუნებრივია, ტანგოზე დავიწყეთ. ეს კი ორივესთვის ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან... მათთვის, ეს დიდი თემაა.
ფილიპ კოენ სოლალი: როდესაც მუსიკის შექმნა დავიწყეთ, არ ვიცოდით, რომ ეს ტანგო იქნებოდა. ჩვენ ელექტრონული მუსიკიდან მოვდივართ. თავიდან ვეძებდით შთაგონების წყაროს და ტანგო ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო. ახლა, ათი წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩვენ შევქმენით არგენტინული ტანგოს ახალი, განსხვავებული ფორმა. რაც გავაკეთეთ ტანგოსთვის, ეს შეიძლება ამ ჟანრში უფრო მნიშვნელოვანი იყო. მართალია, სხვადასხვა მიმართულებით ელექტრონული მუსიკაც განვითარდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თანამედროვე ტანგოს ახალი ფორმა შეიქმნა.
კონკრეტულად რას უწოდებდით ამ მუსიკას? ელექტრონულ ტანგოს? ნეოტანგოს?
კრისტოფ მიულერი: არასოდეს გვინდოდა ამ მუსიკისთვის იარლიყი მიგვეკერებინა. ჩვენ ტერმინი „ელექტროტანგო”, „ელექტრონული ტანგოც” კი არ მოგვწონს.

და მაინც, მთავარი კითხვა, რომელიც Gotan Project-თან დაკავშირებით უჩნდებათ ხოლმე, ასეთია: რას ვუსმენთ, ტანგოს თუ ელექტრონულ მუსიკას?
ფილიპ კოენ სოლალი: ორივეს. ჩვენ ვმუშაობთ ნამდვილი, ავთენტური ტანგოს მუსიკოსებთან არგენტინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. ასე რომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ნამდვილი ტანგოა და არა რაიმე დეკორაცია. ჩვენი ტანგო ავთენტურია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კრისტოფ მიულერი: და მაინც, ელექტრონული მუსიკაც არის.
როდესაც პატარა ვიყავი, ტანგოს არ ვუსმენდი, რადგან ჩემი ყურისთვის ის ზედმეტად არათანამედროვედ, მოძველებულად აღიქმებოდა. მახსოვს, რა გავიფიქრე, როდესაც აღმოვაჩინე Gotan Project-ი – აი, რას შემიძლია მოვუსმინო. როგორ ახერხებთ, შექმნათ თანამედროვე ტანგოს მუსიკა – un tango diferente, და ამასთან, არ დაკარგოთ მისი ტრადიციული სული?
ფილიპ კოენ სოლალი: სწორედ ეს იყო ჩვენთვის მთავარი გამოწვევა. ტანგოს სმენისას ადამიანები გრძნობენ ამ ხასიათს, რადგან, როდესაც ეს მუსიკა იქმნება, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს – არგენტინაში, საფრანგეთში თუ სხვაგან, ის ადგილობრივ კულტურას შეისრუტავს. ტანგოს მთავარი შემქმნელები მასზე ისე ფიქრობდნენ, როგორც კლასიკურ მუსიკაზე – სირცხვილი იქნებოდა, ის საცეკვაო მოედნისთვის დაწერილიყო. ჩვენ მთავარ მიზნად საწინააღმდეგო დავისახეთ – ტანგოს დაბრუნება საცეკვაო მოედანზე. ათიოდე წლის წინ ეს მუსიკა არ იქმნებოდა ახალგაზრდა თაობისთვის. დღეს ტანგო სექსუალური და cool არის.
ცეკვავთ ტანგოს?
ორივე: არა.
თქვენი დამსახურებით, უკვე ვიცით, რომ ტანგოსა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი მშვენიერ წყვილს ქმნის. არის კიდევ რაიმე, რასთანაც გსურთ ტანგოს დაწყვილება? კიდევ რა ექსპერიმენტებს უნდა ველოდეთ Gotan Project-ისგან?
კრისტოფ მიულერი: Gotan Project-ის არსი სწორედ ექსპერიმენტების კეთებაშია. ჩვენ შევეცადეთ სიახლე შეგვეტანა ბოლო ალბომშიც. თუ იქნება რაიმე შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, იქნება, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიპოვოთ ახალი გზები ამ მუსიკის განვითარებისთვის. სხვაგვარად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.
ერთგული მსმენელი ალბათ შეამჩნევდა იმას, რომ მათი ბოლო ალბომი, Tango 3.0, ცოტათი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ჯგუფი აქამდე ქმნიდა. რა თქმა უნდა, ეს ტანგოა, რომელიც წამყვანი თემის როლშია და არა უკანა ფონის. ამასთან, მათ მუსიკაში ტრიპ-ჰოპის შეტანის მცდელობაც იგრძნობა. მთავარი, რაც ყურს განსხვავებულად ხვდება, უმთავრესად, Panamericana-ს დამსახურებით, ახალი ორლეანის სტილის ბლუზი და ჯაზის ელემენტებია. კოენ სოლალი ამბობს, რომ ბოლო ალბომის შთაგონების მთავარ წყაროდ ჩრდილოეთ ამერიკის მუსიკა იქცა. ის შესაძლოა ისეთი წარმატებული არ არის, როგორც La Revancha Del Tango, რომელიც The Guardian-მა ათწლეულის საუკეთესო ალბომების ასეულში შეიყვანა და არც ისეთ ჰიტებს მოიცავს, როგორიც, მაგალითად, Diferente ან Santa Maria არის. სამაგიეროდ, კვლავ ინარჩუნებს იმ ორიგინალურ სტილს და ემოციურობას, რომელიც Gotan Project-ის ხელწერად იქცა.

ფილიპი ინტერესდება, უნდა იყოს თუ არა ეს ადამიანი რეჟისორი და აუცილებლად ცოცხალი. „ინგმარ ბერგმანი მკვდარია, ყველა მკვდარია”, – იცინის სოლალი. საბოლოოდ მათი არჩევანი ლარს ფონ ტრიერზე ჩერდება. „ის განსაკუთრებული ადამიანი და არაჩვეულებრივი რეჟისორია, მისი ბოლო ფილმი, „მელანქოლია”, შესანიშნავი გამოვიდა, ამ ადამიანს კარტ ბლანშს მივცემდით”.
ისევ მუსიკას ვუბრუნდებით. მაინტერესებს, მუსიკალურ მოღვაწეობას ახლა რომ იწყებდნენ, განსხვავებულად თუ გააკეთებდნენ რაიმეს. პასუხი უარყოფითია. ამბობენ, რომ თავიდანვე არ უცდიათ კომერციული მუსიკის შექმნა და ამით მსმენელის მოხიბვლა. არასოდეს დაუწერიათ კომპოზიცია რადიოსადგურების გულის მოგების მიზნით. არ უნდოდათ, Gotan Project-ი მეინსტრიმი გამხდარიყო. თუმცა, ეს ასე მაინც მოხდა. როდესაც საუბარი ელექტრონულ ტანგოზე იწყება, პირველ რიგში, ალბათ სწორედ მათი მელოდიები გვახსენდება.
კრისტოფ მიულერი: მუსიკის დაწერის პროცესი მოსაწყენად მიმდინარეობს. ვსხედვართ სტუდიაში და იდეებს ვაგროვებთ, შემდეგ ველოდებით, სად წაგვიყვანს ისინი. მათ ერთად განვითარებას ვცდილობთ, ვუსმენთ სხვადასხვანაირ მუსიკას, რადგან, როგორც მხატვარი ეძებს იდეებს სხვის ფერწერაში, ისე მუსიკა ყოველთვის შთაგონებულია სხვა მუსიკით.
ფილიპ კოენ სოლალი: ჩვენ ვუსმენთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. შეიძლება, ეს ჯგუფები გავლენას არ ახდენდნენ ჩვენს შემოქმედებაზე, მაგრამ დიდ პატივს ვცემთ Massive Attack-ს, Gorillaz-ს... გვაინტერესებს სხვა კულტურების მუსიკაც, მაგალითად, აფრიკული, ჩინური, ასევე შეიძლება მოვუსმინოთ The Strokes-ს, The Kills-ს, მაგრამ ჩვენზე გაცილებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დეიმონ ოლბარნი. ის ძალიან მაგარია.
რატომ აირჩიეთ საქართველო, როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი?
კრისტოფ მიულერი: საქართველომ თვითონ აგვირჩია. ყველას უყვარს მუსიკა, აქ ყველაფერი მუსიკას უკავშირდება. საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ აქ რაღაც დოზით აზიასაც პოულობ. ძალიან მომწონს ეს შეხამება და ის, რომ ხალხი ასეთი თბილი და გახსნილია. წინასწარ არასოდეს იცი, რამ შეიძლება მუსიკა დაგაწერინოს, შესაძლოა, საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებებიც გახდეს ამის სტიმული. ჯერჯერობით თქვენი ქვეყნიდან ძალიან კარგი ღვინო მიგვაქვს.
ფილიპ კოენ სოლალი: ძალიან ბევრი ქვეყანა მოვიარეთ. შთამბეჭდავია, როდესაც უცხო მხარეში ჩადიხარ, სადაც ანბანიც კი განსხვავებულია. გუშინ ვსეირნობდით და ორი კომპაქტური დისკი ვიყიდეთ, მათ შორის ჰამლეტ გონაშვილის. შემდეგ მისი მუსიკა ჩვენს კონცერტზეც გამოვიყენეთ, გვინდოდა ქართველი მსმენელისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. ჰამლეტის მუსიკა ძალიან მოგვწონს, ის მინიმალისტური და მშვენიერია.





