
იდიოსინკრეტული, ანუ აკვიატებული აზრით განმსჭვალული აქცია, თავისი შინაარსით, დედაქალაქის სოციალური აქციების ისტორიაში, ვფიქრობ, სიახლე იქნებაო, გვითხრა ავტორმა და გლდანის ხიდზე ტრანსფარანტებით გამოსვლის კონცეფცია განგვიმარტა: კულტურა სოციალური თვითგამოხატვაა, რომელიც ნებისმიერ მუდმივად დასახლებულ პუნქტში გვხვდება. თანამედროვე ქართული კულტურის გაგემა საკმაოდ ბუნდოვანია და დღევანდელი თბილისი, პირადად ჩემთვის, სწორედ პერიფერიულ უბნებში ცოცხლობს და ვითარდება, ცენტრალური უბნების იერსახე კი კიჩია, ან ისტორიულია... კიჩი ფსევდოგამოვლინებაა, რომელიც ყველგან არსებობს, მაგრამ საქართველოში იმდენად კარგად მოიკიდა ფეხი, რომ კულტურის მაგივრობას სწევს... ფსევდოა ყველანაირი სახვითი ფორმა, რომელიც უკვე შექმნილი ნიმუშის სიმულაციას წარმოადგენს. არადა, ჩვენში სწორედ „სიმულაციები“ ლიდერობენ. ასეთი ბუნდოვანების გამო, დღეს თბილისში მცხოვრებმა ასიათასობით ადამიანმა არ იცის, რომ ყველანი ეთნოკულტურის ერთი ეტაპის შემქმნელები ვართ. ეთნოლოგიის თვალსაზრისით კი, ჩემი კორპუსის წინ მდგარი „საჯოკრაო მაგიდა“ უფრო დიდი კულტურული ხატია, ვიდრე ქალაქის ცენტრში აღმართული ნებისმიერი ძეგლი. სულ სხვა საკითხია ის, თუ ვის რა მოსწონს... მაგალითად ჩემთვის, გლდანის ხიდი შეუფასებელია, არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ სიმბოლურადაც, რადგანაც გლდანში, თემქაზე, მუხიანში და დიდ დიღომში მდგარ მრავალ „საჯოკრაო მაგიდას“ აკავშირებს“.

ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში მონაწილეობის პარალელურად, ლევან ბერიაშვილი დაინტერესებულია ურბანული არტით, გვთავაზობს ინსტალაციებს, ვიდეოს, აწყობს პერფორმანსებს. 2010 წელს მონაწილეობდა პროექტში, რომელიც ინგლისში განხორციელდა. საექსპოზიციო სივრცის ერთ დიდ კედელზე განთავსდა 23 მონიტორი, რითაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ხელოვანებს გალერეაში მისულ დამთვალიერებელთან გასაუბრებისა და მათთვის საკუთარი შემოქმედების გაცნობის საშუალება მიეცათ. ქართველი მხატვარი დედამიწის ყველა ჩაგრული ადამიანის სოლიდარობის ნიშნად ეკრანთან ზურგით იჯდა და კონცეფცია მაისურზე ეწერა. მხატვრის პერსონალურ გამოფენას 16 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.





